საქმე №ას-1470-1386-2012 14 ნოემბერი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ.ზ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, ამავე პალატის 2012 წლიოს 31 აგვისტოსა და 3 ოქტომბრის განჩინებებზე საქმეზე, ლ.ზ-სა და ი.ლ-ის სარჩელის გამო, მ.ი-ის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ.ზ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 416-ე მუხლების მოთხოვნებს, რის საფუძველზეც იგი მიღებულ უნდა იქნას განსახილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ, საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
კერძო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა.
რაც შეეხება კერძო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოსა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივარით საჩივრდება მხოლოდ ის განჩინებები, რომლებზეც პირდაპირ უთითებს საპროცესო კოდექსი. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების შესახებ და ლ.ზ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, ხოლო 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მხარეს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და კიდევ ერთხელ გაუგრძელდა საპროცესო ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად. გამომდინარე იქიდან, რომ არც სახელმწიფო ბაჟის შემცირებასა და მისი გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და არც საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ.ზ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოსა და ამავე პალატის 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილვევლად, ხოლო კერძო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს მიღებაული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 420-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ზ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოსა და ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინებების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად.
2. ლ.ზ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნეს განსახილველად.
3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს კერძო საჩივრის ასლი.
4. კერძო საჩივარი განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე