Facebook Twitter

№ას-107-102-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა-ი

მესამე პირი – სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 18 ივნისს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ა-მა მოპასუხეების: ვ. ხ-ისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის, აგრეთვე, მესამე პირის – სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 27 აპრილისა და 4 ივნისის №1 და №2 აქტებით დაყადაღებული, მის პირად საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება.

ბორჯომის რაიონში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2012 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:

სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ა.კ.-ის მიერ 2012 წლის 27 აპრილის და 4 ივნისის №2 ყადაღის აქტიდან ამოირიცხა დ. ა-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები:

ა. ფერადი ტელევიზორი „ლჯ“ 1 ცალი; ბ. ფერადი ტელევიზორი „ორვიკა“ 1 ცალი; გ. ტანსაცმლის კარადა სამ ნაჭრიანი 1 ცალი; დ. კომოდი 2 ცალი; ე. „ტრილიაჟი“ 1 ცალი; ვ. დივანი ნაჭრის 1 ცალი; ზ. მაცივარი „ორსკ“ საბჭოური წარმოების 1 ცალი; თ. გაზქურა საბჭოური წარმოების 1 ცალი; ი. ჟურნალების მაგიდა 1 ცალი; კ. წიგნების კარადა 1 ცალი; ლ. ტანსაცმლის კარადა სამ ფრთიანი 1 ცალი; მ. ტანსაცმლის კარადა ორ ფრთიანი 1 ცალი; ნ. ჭურჭლის შესანახი კარადა 1 ცალი; რ. მტვერსასრუტი „ბეკო“ 1 ცალი.

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გადასახადის გამდამხდელზე, ინდმეწარმე ვ. ხ-ზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების იძულებით აღსრულების მიზნით, სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერმა ა.კ.-მა 2010 წლის 27 აპრილს აღწერა და დააყადაღა ქ.ბორჯომში, რ.-ის ქ.N68-ში არსებული მოძრავი ქონება, მათ შორის: ფერადი ტელევიზორი ,,ლჯ” 1 ცალი; ფერადი ტელევიზორი ,,ორვიკა” 1 ცალი; ტანსაცმლის კარდა სამ ნაჭრიანი 1 ცალი; კომოდი 1 ცალი; „ტრილიაჟი“ 1 ცალი; დივანი ნაჭრის 1 ცალი; მაცივარი ,,ორსკი” საბჭოური წარმოების 1 ცალი; გაზქურა საბჭოური წარმოების 1 ცალი. გადასახადის გამდამხდელზე, ინდმეწარმე ვ. ხ-ზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების იძულებით აღსრულების მიზნით სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერმა ა.კ.-მა 2010 წლის 7 ივნისს აღწერა და დააყადაღა ქ.ბორჯომში, რ.-ის ქ.N68-ში არსებული მოძრავი ქონება, მათ შორის: კომოდი 1 ცალი; ჟურნალების მაგიდა 1 ცალი; წიგნების კარადა 1 ცალი; ტანსაცმლის კარადა სამ ფრთიანი 1 ცალი; ტანსაცმლის კარადა ორ ფრთიანი 1 ცალი; ჭურჭლის შესანახი კარადა 2 ცალი; მტვერსასრუტი ,,ბეკო” 1 ცალი.

სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსის განმარტებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე ინდმეწარმე ვ. ხ-ის მიმართ, სადაც მოვალეს წარმოადგენდა ვ. ხ-ი. ვ. ხ-ი და დ. ა-ი განქორწინდნენ 2008 წლის 2 სექტემბერს.

ბორჯომში, რ.-ის ქ.N68-ში მდებარე ქონება წარმოადგენდა დ. ა-ის საკუთრებას. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 2012 წლის 27 იანვარს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად: ფერადი ტელევიზორის ,,ლჯ”-ის ღირებულებაა 120 ლარი; ფერადი ტელევიზორი ,,ორვიკას” – 10 ლარი; ტანსაცმლის სამ კარიანი კარადის – 180 ლარი; ორი ცალი კომოდის – 60 ლარი; ნაჭრის დივანის – 25 ლარი; „ორსკის“ საბჭოური წარმოების მაცივრის – 25 ლარი; საბჭოური წარმოების გაზქურის – 80 ლარი; ჟურნალების მაგიდის – 20 ლარი; ოთხი ცალი წიგნების თაროს – 40 ლარი; ტანსაცმლის ორ კარიანი კარადის – 80 ლარი; ორნაჭრიანი ჭურჭლის კარადის – 120 ლარი, ,,ბეკოს” ფირმის მტვერსასრუტის – 80 ლარი.

სასამართლომ მოწმეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ბორჯომში, რ.-ის ქ.№68-ში არსებული დაყადაღებული ზემოაღწერილი მოძრავი ქონება წარმოადგენდა მოსარჩელე დ. ა-ი საკუთრებას.

მოწმე ლ. ლ.-ის ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ ტელევიზორი ,,ორვიკა” იყო მისი და რადგან მოსარჩელეს ტელევიზორი გაფუჭებული ჰქონდა და არ ჰქონდა საშუალება ეყიდა, ამიტომ მისცა მას. სასამართლოს შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ აღწერილი და დაყადაღებული მოძრავი ნივთები ეკუთვნოდა მოსარჩელე დ. ა-ს, რომელიც არ წარმოადგენდა მოვალეს, ამიტომ ისინი უნდა გათავისუფლებულიყო ყადაღისაგან.

დავის გადაწყვეტისას პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე, 32-ე, 44-ე მუხლებით.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებას ქ.ბორჯომში რ.-ის ქ.N68-ში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთების მოვალე ვ. ხ-ისადმი კუთვნილების შესახებ, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე. ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელებზე მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსაზღვრულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლის თანახმად, თუ მე­სა­მე პი­რი ამტკიცებს, რომ მას აღ­სრუ­ლე­ბის საგანზე გა­აჩ­ნია უფ­ლე­ბა, მა­შინ იმ სა­სა­მარ­თლოში, რომლის სამოქმე­დო ტე­რი­ტორიაზეც ხდე­ბა აღ­სრუ­ლე­ბა, მე­სა­მე პირს შეუძლია აღ­ძრას სარ­ჩე­ლი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავი ეხება მოწმეთა ჩვენებებს, როგორც მტკიცებულებათა ერთ-ერთ სახეს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს 2012 წლის 27 აპრილის და 4 ივნისის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულ მოძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების ფაქტი. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დასტურდებოდა სადავო ნივთებზე მისი საკუთრების უფლება. ასეთ პირობებში საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურზე, რომელმაც მათ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება დაუპირისპირა და თავისი იმ პოზიციის დასადასტურებლად, რომ სადავო ნივთები არ ეკუთვნოდა მოსარჩელეს, სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე მტკიცებულება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი აპელანტმა ვერ განახორციელა – მოსარჩელის მტკიცებულებებს საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვერ დაუპირისპირა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. სასამართლომ განმარტა, რომ მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია გამოიყენება მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ, ვინაიდან კანონი მათზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის არ ადგენს სპეციალურ რეჟიმს, როგორიცაა წერილობითი გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მეორე ნაწილი). მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ სადავო მოძრავი ნივთები განთავსებული იყო მოსარჩელე დ. ა-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მათზე მფლობელობას წლების განმავლობაში ახორციელებდა მოსარჩელე, რამაც ზემომითითებული მტკიცებულებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს შეუქმნა საფუძველი დასკვნისათვის, რომ ეს ნივთები წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას. მხოლოდ იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ნივთები დაყადაღებულ იქნა მოვალის საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არ შეიძლებოდა ისინი მიჩნეულიყო მოვალის საკუთრებად, რამდენადაც დადგინდა, რომ ვ. ხ-ი და დ. ა-ი 2008 წლის 2 სექტემბრიდან განქორწინდნენ. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ.ბორჯომში, რ.-ის ქ.N68-ში არსებული დაყადაღებული მოძრავი ნივთები დ. ა-ის საკუთრებას წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი საფუძვლებით: საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალებაა ქონებაზე ყადაღის დადება. ამავე კოდექსის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან ინდმეწარმე ვ. ხ-ს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა განახორცილა გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღება, რაზეც 2011 წლის 27 აპრილს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი;

არასწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დ. ა-ის სახლში არსებული საყოფაცხოვრებო ნივთები შეცდომითაა დაფიქსირებული ყადაღის აქტში. დ. ა-ს არ წარუდგენია მის საკუთრების უფლების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება;

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარემ ვერ წარადგინა საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც, შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. შესაბამისად, სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით არასწორად ჩათვალა დადასტურებულად ის გარემოება, რომ აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა ის ნივთები, რომლებიც არ არის ინდმეწარმე ვ. ხ-ის საკუთრება; სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონების დაყადაღების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალესთანაა, მას ეკუთვნის, თუ მოვალის ქონების დაყადაღებისას მესამე პირები არ განაცხადებენ ამ ქონებაზე საკუთრების უფლებებს, იგი მაინც შეიტანება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში და კეთდება სათანადო აღნიშვნა. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენლის მოქმედება – მოვალის იურიდიულ მისამართზე არსებული ქონების დაყადაღების და კუთვნილების განსაზღვრასთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაში მოდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან;

სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე კანონსაწინააღმდეგოა შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის ოდენობით) დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა საქმეზე თავისფლდებიან დაწესებულები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება, საქმეზე №ას-262-253-2012).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე