№ას-1118-1049-2012 13 თებერვალი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „პ. ბ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ. კ. მ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის არამართლზომიერად ცნობა, თანხის დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „დ. კ. მ-მა“ (შპს „მ-მა“) თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს „პ. ბ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა იმავე ბანკში არსებულ თავის ანგარიშზე 141 355,17 ლარის დაბრუნება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ, შპს ,,კ-ის“ და მოსარჩელის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანებების დასაფარავად, მოსარჩელის საანაბრე და მიმდინარე ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოაჭრა თანხა. აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის N126/01 ბრძანებით დამტკიცებულ ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დებულებას. სს ,,პ. ბ-ის“ მოთხოვნა არ იყო უზრუნველყოფილი და თანხა უნდა გასტუმრებულიყო დადგენილი რიგის მიხედვით. ,,მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მიხედვით, მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება, რის გამოც მოპასუხეს არ ჰქონდა მოსარჩელის საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხის ჩამოწერის უფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სს ,,პ. ბ-სა“ და შპს ,,კ-ს“, ასევე მოდავე მხარეებს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების შეწყვეტისა და ანაბრის გაგრძელებაზე უარის თქმის მართლზომიერება. მოპასუხემ განახორციელა ურთიერთვალდებულებათა გაქვითვა (რითაც მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შეწყდა), რასაც მოსარჩელე მხარე არამართლზომიერად მიიჩნევს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იგი იმყოფებოდა ლიკვიდაციის პროცესში. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ ნიშნავს ურთიერთვალდებულებათა გაქვითვის არამართლზომიერებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მ-მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით შპს დაზღვევის კომპანია ,,მ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს დაზღვევის კომპანია ,,მ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,პ. ბ-ს“ დაევალა მოსარჩელის ანგარიშზე 141 355,17 ლარის დაბრუნება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2011 წლის 4 იანვარს სს „პ. ბ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის დაიდო N720 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის ოდენობა - 31500 ლარი, კრედიტით სარგებლობის ვადა - 12 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროულად დაუბრუნებლობისას (გრაფიკის დარღვევისას), ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის მიხედვით, მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად კრედიტის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილის გადახდით, 2011 წლის 7 თებერვლიდან 2012 წლის 4 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 2.10. პუნქტის თანახმად, მსესხებელი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე ანგარიშებიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი: პირგასამტეხლო, პროცენტი და კრედიტის ძირითადი თანხა. ხელშეკრულების 2.11. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ თანხის გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას, მოახდინოს გადასახდელი ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტების, პირგასამტეხლოს და სხვა თანხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უაქცეპტო წესით ჩამოწერა მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშიდან და ნებისმიერი ვალუტით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია მსესხებლის სახელზე სს „პ. ბ-ში“ არსებული ვადიანი ანაბრით. ანაბრის ხელშეკრულება N42933, ანაბრის თანხა - 100 081 ლარი;
2. სს „პ. ბ-მა“ შეასრულა 2011 წლის 4 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
3. 2011 წლის 29 მარტს შპს „დ. კ. მ-ს“ და სს „პ. ბ-ს“ შორის დაიდო N01-000754/29.03.11 ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს დაზღვევის კომპანია „მ-მა“ სს „პ. ბ-ში“ გახსნილ საანაბრე ანგარიშზე შეიტანა 110 000 ლარი, 6 თვის ვადით (2011 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 29 სექტემბრამდე), წლიური 11%-ს დარიცხვით;
4. 2011 წლის 29 მარტს მხარეებმა შეიტანეს ცვლილება 2011 წლის 4 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მიეთითა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია მსესხებლის სახელზე სს „პ. ბ-ში“ არსებული ვადიანი ანაბრით;
5. 2011 წლის 15 იანვარს, სს „პ. ბ-სა“ და შპს „კ-ს“ შორის დაიდო N76-740 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის ოდენობა - 391 500 ლარი, კრედიტით სარგებლობის ვადა - 15.01.2011-დან 31.01.2011-მდე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 20%. ხელშეკრულების 2.11. პუნქტის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით;
6. 2011 წლის 15 იანვარს შპს „მ-მა“ სს „პ. ბ-ის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია 230 000 აშშ დოლარი;
7. 2011 წლის 28 აპრილს, სს „პ. ბ-ს“ და შპს „მ-ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს დაზღვევის კომპანია „მ-მა“ იკისრა სოლიდარული ვალდებულება სს „პ. ბ-ს“ და შპს „კ-ს“ შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 330 000 ლარით ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერი ვალუტით;
8. თავდებობის ხელშეკრულების 2.5., 4.1.2. და 4.1.3. პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას, ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა, შესაბამისი თანხა უაქცეპტო წესით ჩამოეწერა თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 1 ივლისის N556 განკარგულებით, დაიწყო შპს „მ-ის“ ლიკვიდაციის პროცესი. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივლისის N603 განკარგულებით შეწყდა შპს „დ. კ. მ-ის“ ლიკვიდაციის პროცესი და გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება;
10. 2011 წლის 1 ივლისს სს „პ. ბ-მა“ წერილობით მიმართა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ (გარანტს) და აცნობა, რომ შპს „კ-მა“ (პრინციპალმა) დაარღვია 2011 წლის 15 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და მოითხოვა სრული დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვა. 2011 წლის 1 ივლისის წერილით სს „პ. ბ-მა“ შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“, როგორც გარანტს, 2011 წლის 15 იანვრის საბანკო გარანტიის საფუძველზე მოსთხოვა 308 569,17 ლარის გადახდა, რაც, ბენეფიციარის განმარტებით, წარმოადგენდა პრინციპალის (შპს „კ-ის“) დავალიანებას 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით;
11. 2011 წლის 6 ივლისს სს „პ. ბ-მა“ წერილობით მიმართა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ ლიკვიდატორს და აცნობა, რომ ვინაიდან ბანკის მოთხოვნა წარმოადგენდა ვადადადამდგარ მოთხოვნას, „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ის უფლებამოსილი იყო, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მიეღო დაუყოვნებლივ, საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის ვადის გასვლამდე. ადრესატს დამატებით ეცნობა, რომ სს „პ. ბ-სა“ და შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით შპს „დ. კ. მ-მა“ იკისრა სოლიდარული ვალდებულება შპს „კ-ის“ მიერ ბანკის წინაშე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულების 2.5., 4.1.2. და 4.1.3. ქვეპუნქტების საფუძველზე, შპს „კ-ის“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა თავდებისაგან და უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან;
12. 2011 წლის 15 ივლისს სს „პ. ბ-მა“ შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ ლიკვიდატორს აცნობა, რომ შპს „კ-ის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიერ 2011 წლის 15 იანვარს გაცემული საბანკო გარანტიის, ასევე სს „პ. ბ-ს“ და შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ შორის 2011 წლის 15 იანვარს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „პ. ბ-მა“ 2011 წლის 14 ივლისს უარი თქვა თავის უფლებაზე 2011 წლის 29 სექტემბრამდე საკუთრებაში ჰქონოდა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ საანაბრე ანგარიშზე რიცხული თანხა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო სს „პ. ბ-სა“ და შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ შორის 2011 წლის 29 მარტს გაფორმებული ვადიანი ანაბრის ხელშეკრულებით;
13. აღნიშნულის მიუხედავად, ბანკის მიერ ანაბრის თანხაზე სრულად დაირიცხა ხელშეკრულების ვადის ბოლოს მისაღები საპროცენტო სარგებელი. ანაბრის თანხა 110000 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი - 6099,73 ლარი რეალიზებული იქნა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიმდინარე ანგარიშზე.
14. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხიდან პირველ რიგში ზემოხსენებული სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (სულ 16340,87 ლარი) დაიფარა. დარჩენილი ნაწილი - 99 758,86 ლარი, შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიმდინარე ანგარიშზე ანაბრის თანხის გადატანამდე არსებულ 21945,44 ლართან ერთად, მთლიანად 121704,3 ლარი, უაქცეპტო წესით ჩამოჭრის გზით მიმართული იქნა სს „პ. ბ-ის“ მიმართ შპს „კ-ის“ ვალდებულების შესასრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე–7 მუხლის პირველი პუნქტი და ამავე ნორმატიული აქტის მე–13 მუხლის მე–4 ნაწილი ითვალისწინებს მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისას იძულებითი ღონისძიების შეჩერებას; ამასთან, ნორმა, რომლის შესაბამისადაც კანონმდებელი ადგენს სასამართლო კანონიერ ძალაში შესული და ამ სახით დადასტურებული მოთხოვნების აღსრულების შეჩერებას, გულისხმობს ასევე ლიკვიდაციისა და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სადაზღვევო კომპანიების მიმართ სხვა სახის, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაუდგენელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულების ღონისძიებების შეჩერებასაც.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „პ. ბ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე–7 მუხლი და არასწორად მიიჩნია, რომ იძულებით აღსრულების შეჩერება სახელშეკრულებო მოთხოვნებსაც შეეხებოდა;
2. მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილება ამ საფუძვლით არ მოუთხოვია, სააპელაციო სასამართლო კი, სარჩელის ფარგლებს გასცდა;
3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სს „პ. ბ-მა“ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა განახორციელა;
4. დასახელებული წესის მე-11 მუხლის მიხედვით, ვადამოსულ მოთხოვნებზე არ ვრცელდება საგანგებო რეჟიმი და დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2011 წლის 4 იანვარს სს „პ. ბ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის დაიდო N720 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის ოდენობა - 31500 ლარი, კრედიტით სარგებლობის ვადა - 12 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 18%, პირგასამტეხლო კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დროულად დაუბრუნებლობისას (გრაფიკის დარღვევისას), ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის - კრედიტის ძირითადი თანხის დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 2.6. პუნქტის მიხედვით, მსესხებელს კრედიტი უნდა დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად კრედიტის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილის გადახდით, 2011 წლის 7 თებერვლიდან 2012 წლის 4 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების 2.10. პუნქტის თანახმად, მსესხებელი აცხადებს წინასწარ თანხმობას ბანკის სრულ უფლებამოსილებაზე ანგარიშებიდან უაქცეპტოდ ჩამოაწეროს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი: პირგასამტეხლო, პროცენტი და კრედიტის ძირითადი თანხა. ხელშეკრულების 2.11. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ თანხის გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას, მოახდინოს გადასახდელი ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტების, პირგასამტეხლოს და სხვა თანხების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უაქცეპტო წესით ჩამოწერა მსესხებლის ნებისმიერი ანგარიშიდან და ნებისმიერი ვალუტით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია მსესხებლის სახელზე სს „პ. ბ-ში“ არსებული ვადიანი ანაბრით. ანაბრის ხელშეკრულება N42933, ანაბრის თანხა - 100 081 ლარი;
2. სს „პ. ბ-მა“ შეასრულა 2011 წლის 4 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
3. 2011 წლის 29 მარტს შპს „დ. კ. მ-სა“ და სს „პ. ბ-ს“ შორის დაიდო N01-000754/29.03.11 ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს დაზღვევის კომპანია „მ-მა“ სს „პ. ბ-ში“ გახსნილ საანაბრე ანგარიშზე შეიტანა 110 000 ლარი, 6 თვის ვადით (2011 წლის 29 მარტიდან 2011 წლის 29 სექტემბრამდე), წლიური 11%-ს დარიცხვით;
4. 2011 წლის 29 მარტს მხარეებმა შეიტანეს ცვლილება 2011 წლის 4 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 4.1. პუნქტში მიეთითა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია მსესხებლის სახელზე სს „პ. ბ-ში“ არსებული ვადიანი ანაბრით;
5. 2011 წლის 15 იანვარს, სს „პ. ბ-სა“ და შპს „კ-ს“ შორის დაიდო N76-740 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის ოდენობა - 391 500 ლარი, კრედიტით სარგებლობის ვადა - 15.01.2011-დან 31.01.2011-მდე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 20%. ხელშეკრულების 2.11. პუნქტის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები უზრუნველყოფილი იყო შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით;
6. 2011 წლის 15 იანვარს შპს „მ-მა“ სს „პ. ბ-ის“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ გასცა საბანკო გარანტია 230 000 აშშ დოლარი;
7. 2011 წლის 28 აპრილს, სს „პ. ბ-ს“ და შპს „მ-ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს დაზღვევის კომპანია „მ-მა“ იკისრა სოლიდარული ვალდებულება სს „პ. ბ-ს“ და შპს „კ-ს“ შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 330 000 ლარით ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერი ვალუტით;
8. თავდებობის ხელშეკრულების 2.5, 4.1.2 და 4.1.3 პუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას, ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა, შესაბამისი თანხა უაქცეპტო წესით ჩამოეწერა თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 1 ივლისის N556 განკარგულებით, დაიწყო შპს „მ-ის“ ლიკვიდაციის პროცესი. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2011 წლის 22 ივლისის N603 განკარგულებით შეწყდა შპს „დ. კ. მ-ის“ ლიკვიდაციის პროცესი და გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება;
10. 2011 წლის 1 ივლისს სს „პ. ბ-მა“ წერილობით მიმართა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ (გარანტს) და აცნობა, რომ შპს „კ-მა“ (პრინციპალმა) დაარღვია 2011 წლის 15 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და მოითხოვა სრული დავალიანების დაუყოვნებლივ დაფარვა. 2011 წლის 1 ივლისის წერილით სს „პ. ბ-მა“ შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“, როგორც გარანტს, 2011 წლის 15 იანვრის საბანკო გარანტიის საფუძველზე მოსთხოვა 308 569,17 ლარის გადახდა, რაც, ბენეფიციარის განმარტებით, წარმოადგენდა პრინციპალის (შპს „კ-ის“) დავალიანებას 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით;
11. 2011 წლის 6 ივლისს სს „პ. ბ-მა“ წერილობით მიმართა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ ლიკვიდატორს და აცნობა, რომ ვინაიდან ბანკის მოთხოვნა წარმოადგენდა ვადადადამდგარ მოთხოვნას, „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ის უფლებამოსილი იყო, თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება მიეღო დაუყოვნებლივ, საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის ვადის გასვლამდე. ადრესატს დამატებით ეცნობა, რომ სს „პ. ბ-სა“ და შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებული თავდებობის ხელშეკრულებით შპს „დ. კ. მ-მა“ იკისრა სოლიდარული ვალდებულება შპს „კ-ის“ მიერ ბანკის წინაშე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ხელშეკრულების 2.5., 4.1.2. და 4.1.3. ქვეპუნქტების საფუძველზე, შპს „კ-ის“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა თავდებისაგან და უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან;
12. 2011 წლის 15 ივლისს სს „პ. ბ-მა“ შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ ლიკვიდატორს აცნობა, რომ შპს „კ-ის“ ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიერ 2011 წლის 15 იანვარს გაცემული საბანკო გარანტიის, ასევე სს „პ. ბ-ს“ და შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ შორის 2011 წლის 15 იანვარს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „პ. ბ-მა“ 2011 წლის 14 ივლისს უარი თქვა თავის უფლებაზე 2011 წლის 29 სექტემბრამდე საკუთრებაში ჰქონოდა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ საანაბრე ანგარიშზე რიცხული თანხა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო სს „პ. ბ-სა“ და შპს დაზღვევის კომპანია „მ-ს“ შორის 2011 წლის 29 მარტს გაფორმებული ვადიანი ანაბრის ხელშეკრულებით;
13. აღნიშნულის მიუხედავად, ბანკის მიერ ანაბრის თანხაზე სრულად დაირიცხა ხელშეკრულების ვადის ბოლოს მისაღები საპროცენტო სარგებელი. ანაბრის თანხა 110000 ლარი და მასზე დარიცხული პროცენტი - 6099,73 ლარი რეალიზებული იქნა შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიმდინარე ანგარიშზე;
14. აღნიშნული თანხიდან პირველ რიგში ზემოხსენებული სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი (სულ 16340,87 ლარი) დაიფარა. დარჩენილი ნაწილი - 99 758,86 ლარი, შპს დაზღვევის კომპანია „მ-ის“ მიმდინარე ანგარიშზე ანაბრის თანხის გადატანამდე არსებულ 21945,44 ლართან ერთად, მთლიანად 121704,3 ლარი, უაქცეპტო წესით ჩამოჭრის გზით მიმართული იქნა სს „პ. ბ-ის“ მიმართ შპს „კ-ის“ ვალდებულების შესასრულებლად.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის არგუმენტები გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების წინააღმდეგაა მიმართული და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული პრეტენზია წარმოდგენილი არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე ჩერდება იძულებითი აღსრულება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ იძულებითი აღსრულება ზედმეტად ფართოდ განმარტა და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, ისევე როგორც სხვა სამართლებრივი ურთიერთობებისას, იძულებითი აღსრულება გულისხმობს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს და არ მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში მხარეების მიერ შესრულებულ ქმედებებს. იძულებითი აღსრულება შეიძლება გულისხმობდეს სასამართლო გადაწყვეტილებით მიკუთვნებული უფლების რეალიზაციას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონითა და საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით, შესაბამისად, ცალსახაა, რომ განსახილველ შემთხვევაში იძულებით აღსრულებას ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დავის გადაჭრისათვის საკვანძო ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „მ-სა“ და სს „პროგრეს ბაკნს“ შორის გაფორმებული იყო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო სს „პ. ბ-ში“ განთავსებული შპს „მ-ის“ ანაბრით. იმავდროულად, სს „პ. ბ-სა“ და შპს „კ-ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილი იყო შპს „მ-ის“ საბანკო გარანტიით. სს „პ. ბ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს დაზღვევის კომპანია „მ-მა“ იკისრა სოლიდარული ვალდებულება სს „პ. ბ-სა“ და შპს „კ-ს“ შორის არსებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე. შპს „კ-ის“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა თავდებისაგან და უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა თავდების ნებისმიერი ანგარიშიდან. 2011 წლის 1 ივლისს დაიწყო შპს „მ-ის“ ლიკვიდაცია. იმავე დღეს სს „პ. ბ-მა“ აცნობა შპს „კ-ის“ ვალდებულების დარღვევის შესახებ და მოსთხოვა ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება, ამასთან, ვადამდე შეწყვიტა ანაბრის ხელშეკრულება და ანაბარზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიკმაყოფილა უშუალოდ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, ხოლო დარჩენილი თანხა „მ-ის“ მიმდინარე ანგარიშზე გადატანის შემდეგ, უაქცეპტო წესით ჩამოაჭრა მოვალის თანხმობის გარეშე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო იმავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი სამოქალაქო დავა განიხილება მხარის მოთხოვნის ფარგლებში, სარჩელის საფუძვლების გათვალისწინებით. სარჩელის საფუძველი არის იმ ფაქტების ერთობლიობა, რომლებიც ასაბუთებენ, ამართლებენ ფაქტობრივად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მათი მიმართება კონკრეტულ სამართლებრივ ნორმასთან, სასამართლოს მსჯელობის საგანია, შესაბამისად, თუნდაც მხარე, საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად არასწორ სამართლებრივ საფუძველს მიუთითებდეს, სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მოცემული ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე დაყრდნობით. სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლებით, ხოლო მათი სამართლებრივი შეფასება, სასამართლოს კომპეტენციაა. სარჩელის ფარგლების დაცვა სავალდებულოა ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებებზე თავად მხარეები მიუთითებდნენ და მათი ნამდვილობა სადავო არ გამხდარა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაჭრისათვის მნიშვნელოვანია ლიკვიდაციის დაწყების მომენტის ზუსტად განსაზღვრა. „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მზღვეველის დროებითი ადმინისტრატორის, ლიკვიდატორისა და გაკოტრების მმართველის დანიშვნა–გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე და წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი აღნიშვნისათვის. იმავე „წესის“ მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისთანავე ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მზღვეველის ინვენტარიზაციის პროცესისათვის აუცილებელ ღონისძიებებს.
იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება, მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება და ლიკვიდატორის დანიშვნა შეიძლება განხორციელდეს ერთი და იმავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო „წესის“ მე-9 მუხლის საფუძველზე, ლიკვიდატორი დანიშვნისთანავე შეუდგება უფლებამოსილების განხორციელება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ, როდესაც სს „პ. ბ-მა“ შპს „მ-ისაგან“, როგორც გარანტისა და თავდებისგან, ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება მოითხოვა, ეს უკანასკნელი ლიკვიდაციის რეჟიმში იმყოფებოდა. ის, რომ სს „პ. ბ-ისათვის“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე ცნობილი იყო, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „კ-ის“ მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება აქვს, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა თავდებისაგან და უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხა თავდების იმავე ბანკში არსებული ნებისმიერი ანგარიშიდან, ამდენად, ჩვეულებრივ პირობებში, სს „პ. ბ-ს“ „მიუბიუსის“ თანხმობა საკუთარი უფლების რეალიზაციისათვის არ სჭირდებოდა, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის ლიკვიდაციის რეჟიმში განხორციელდა, შესაფასებელია სს „პ. ბ-ის“ მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იურიდიული პირის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნარობის სპეციალური რეჟიმის შემოღების გზით, კანონმდებლის მიზანია, პირველ რიგში თავად ვალაუვალი საზოგადოების ინტერესების დაცვა, რაც გულისხმობს კრედიტორების ვალდებულებას, არსებული მოთხოვნების შესახებ დადგენილი წესით განაცხადონ და მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური წესით, რიგითობის შესაბამისად მიიღონ შესრულება. აღნიშნული შეზღუდვა აგრეთვე უზრუნველყოფს კრედიტორებისათვის თანაბარი პირობების შექმნას და რომელიმე მათგანს უპირატეს მდგომარეობაში არ აყენებს იმ თვალსაზრისით, თუ რომელ მათგანს გააჩნია უშუალო წვდომა მოვალის ქონებასთან. კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვის დარღვევა, ანუ მოთხოვნის დაკმაყოფილება კრედიტორთა ნუსხაში შეყვანისა და შესაბამისი რიგითობის დაცვის გარეშე, წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. ამგვარი მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმის დასრულებამდე გააჩნია საზოგადოების ლიკვიდატორს ან გაკოტრების მმართველს.
„მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიკვიდატორი ვალდებულია დანიშვნიდან 15 დღის ვადაში დაუგზავნოს შეტყობინებები ბანკებს, რათა ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე არ მოხდეს მზღვეველის ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება. იმავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიკვიდატორმა კრედიტორებს უნდა აცნობოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყება სპეციალური შეტყობინებით, ხოლო ისეთ კრედიტორებს, რომელთა იურიდიული მისამართიც უცნობია, ბეჭდვით ორგანოში განცხადების გამოქვეყნებით, რომლებშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მათ დადგენილ ვადებში ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ თავიანთი მოთხოვნის ნამდვილობის დამადასტურებელი საბუთები, ხოლო მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლიკვიდატორი ვალდებულია უზრუნველყოს კრედიტორთა მიერ წარდგენილი ყველა მოთხოვნის კანონიერების შემოწმება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმების საფუძველზე დადგენილია ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი სადაზღვევო კომპანიის კრედიტორების ვალდებულება საკუთარი მოთხოვნის არსებობის თაობაზე აცნობონ ლიკვიდატორს და წარუდგინონ შესაბამისი მტკიცებულებები, ამასთან, ლიკვიდატორის თანხმობის გარეშე, იკრძალება სადაზღვევო კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან ოპერაციების წარმოება. ლიკვიდაციის დაწყებისას, მხარეთა შორის შეთანხმებული ვალდებულების შესრულების წესი აღარ მოქმედებს. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია აღნიშნული ნორმების შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი“ ასევე ადგენს, რა გზით უნდა დაკმაყოფილდეს იმგვარი მოთხოვნები, რომელთა კანონიერებაც მე-8 მუხლის შესაბამისად შემოწმდა, კერძოდ, „წესის“ მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მზღვეველის ლიკვიდაციისას მოთხოვნები დაკმაყოფილდება კრედიტორთა წერილობითი განცხადებების საფუძველზე (გარდა ვადადამდგარი მოთხოვნებისა) ეროვნულ ბანკში ლიკვიდატორის მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.
აღნიშნული ნორმის ანალიზიდან ნათლად გამომდინარეობს, რომ ვადამოსული მოთხოვნები საგამონაკლისო წესით უნდა დაკმაყოფილდეს და არ საჭიროებს ნუსხაში შეტანას ან ამ ნუსხის წარდგენიდან 20 დღის გასვლას, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, აღნიშნული ნორმის მიზნებისათვის, ვადადამდგარი არის მოთხოვნა, რომლის შესრულების მოვალეობა ლიკვიდატორის დანიშვნის მომენტისათვის მოვალეს ეკისრება. ნებისმიერი მოთხოვნა, რომლის შესრულების ვადა არ დამდგარა ლიკვიდატორის დანიშვნისა და ლიკვიდაციის დაწყების მომენტამდე, ვადამოსულად ვერ შეფასდება, შესაბამისად, იმისათვის, რომ განისაზღვროს სს „პ. ბ-ის“ ქმედების მართლზომიერება, უნდა დადგინდეს, იყო თუ არა მისი მოთხოვნა ვადამოსული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სს „პ. ბ-ის“ მოთხოვნა ორი დამოუკიდებელი ხელშეკრულებიდანაა წარმოშობილი. „მ-ის“, როგორც თავდების ვალდებულებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სს „პ. ბ-მა“ შპს „მ-ს“ პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაუყოვნებლივ გადახდის მოთხოვნით 2011 წლის 1 ივლისს მიმართა, ხოლო 2011 წლის 6 ივლისს, შპს „მ-ს“, როგორც თავდებს, ვალდებულების შესრულების მიზნით, თანხის ჩამოჭრის უფლებამოსილების მინიჭების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ, ამ შემთხვევაში მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით შპს „მ-მა“ ვალდებულება სოლიდარულად იკისრა. სამოქალაქო კოდექსის 894-ე და 895-ე მუხლების თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. აღნიშნული ნორმებიდან და თავად ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „მ-ის“ მიმართ მოთხოვნის უფლება სკ-ის 895-ე მუხლით განსაზღვრული პირობების დადგომისას უნდა წარმოშობილიყო. სწორედ ამ მომენტიდან ჩაითვლება სს „პ. ბ-ის“ მოთხოვნა ვადამოსულად, სააპელაციო სასამართლოს კი, მითითებული გარემოებები არ გამოუკვლევია, არ დაუდგენია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტი და არ შეუფასებია, ლიკვიდაციის დაწყებისას, იყო თუ არა სს „პ. ბ-ის“ მოთხოვნა ვადამოსული. მითითებული გარემოებების დადგენის გარეშე კი, შეუძლებელია შეფასდეს მოპასუხის ქმედების მართლზომიერება.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, თავისთავად თანხის არამართლზომიერად ჩამოჭრა სარჩელის დაკმაყოფილებისა და ჩამოჭრილი თანხის დაბრუნების საფუძველს არ ქმნის. ამ შემთხვევაში, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში მყოფ მოვალეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა, ამასთან, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ზიანის დადგომის ფაქტი და მისი ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ კი, შპს „მ-ის“ სარჩელი იმგვარად დააკმაყოფილა, რომ არც აღნიშნული გარემოებები შეუსწავლია.
რაც შეეხება შპს „მ-სა“ და სს „პ. ბ-ს“ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2012 წლის 4 იანვარს იწურებოდა. შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ „სასამართლო განხილვის ეტაპზე ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ვაღიარებთ ვალისა და სს „პ. ბ-ის“, როგორც უზრუნველყოფილი კრედიტორის არსებობას და რომ დეპოზიტის აღდგენა ნიშნავს სესხის აღდგენასაც. თუმცა სასამართლომ არც ჩვენი პოზიცია გაიზიარა სათანადოდ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ეჭვქვეშ დგება ლიკვიდატორისათვის კანონით მინიჭებული უფლება, რომ მხოლოდ სათანადო შესწავლის შემდეგ მოახდინოს ვალდებულების გასტუმრება რომლის არსებობა სადავო არასოდეს გამხდარა.“ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, აღნიშნული მითითება წარმოადგენს თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ აღიარებას, ამასთან, გამოსაკვლევია, კონკრეტულად რა გარემოება აღიარა შპს „მ-მა“: ხელშეკრულების ნამდვილობა, კრედიტის ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების დარღვევა და „პ. ბ-ის“ წინაშე დავალიანების არსებობა, თუ ბანკის მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერება. სააპელაციო სასამართლოს კი, მითითებულ გარემოებებზე არ უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესის“ მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი; ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების საფუძველს ქმნის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე განჩინების დასაბუთებით, გამოიკვლიოს სს „პ. ბ-ის“ ქმედების მართლზომიერება და დავა აღნიშნულის შესაბამისად გადაწყვიტოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე