Facebook Twitter

საქმე №ას-1149-1169-2011 25 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ვ. და კ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.-ს-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხის დავალდებულება სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების, პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. და კ.ე კ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე შპს „რ.-ს-ოს“ მიმართ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-14 მუხლების, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და 413-ე მუხლის საფუძველზე. მოსარჩელეებმა მოითხოვეს პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანისათვის, თითოეულის სასარგებლოდ - 1 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ასევე ვ.კ-ემ მოითხოვა მისი მისამართით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესახებ ცნობების გავრცელება. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

ვ. კ-ე არის ჟურნალისტი, სტუდია „რეპორტიორის“ დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის საქმიანობაც უკავშირდება საგამოძიებო ჟურნალისტიკას და გადაღებული აქვს ფილმები საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე. 2009 წლის 16 დეკემბერს ვ.კ-ე - საგამოძიებო ჟურნალისტი, პ. ზ-ი - რესპუბლიკური პარტიის წევრი და მ. მ-ე, ინვალიდ და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირის თავმჯდომარე, ჩავიდნენ ცხინვალში, სადაც შეხვდნენ ე. კ-ს და მოინახულეს ცხინვალის არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ორი დაკავებული ტირძნისელი მოზარდი. ვ.კ-ის ცხინვალში სტუმრობის მიზანს, გარდა დაკავებული მოზარდების ნახვისა, წარმოადგენდა საგამოძიებო ფილმის გადაღება. ქართველების ცხინვალში სტუმრობის ფაქტი გავრცელდა მედიასაშუალებებით, რასაც კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, განსაკუთრებული აგრესიულობით კი საქართველოს ხელისუფლება გამოირჩეოდა, რომელიც ვ.კ-სა და ცხინვალში მყოფ ქართველებს კრემლის ინტერესების გატარებასა და ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯის განხორციელებაში ადანაშაულებდნენ. განაცხადა რა ვ.კ-ემ ცხინვალის რეგიონში გადაღებული მასალების ფილმის სახით გამოცემის შესახებ, მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, რაც გამოიხატებოდა მოთხოვნაში, შეეწყვიტა ჟურნალისტური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრებოდათ მას და მისი ოჯახის წევრებს, ყოველივე ეს გახდა მოსარჩელის მიერ შვეიცარიის მთავრობისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოსარჩელის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე, ტელეკომპანია „რეალტივის“ გადაცემა „რეალ თაიმში“ მომზადდა სიუჟეტი ვ.კ-ზე სახელწოდებით - „ციხე, მედია და უშიშროება“, რომელიც გადმოსცემს მის პირად და პროფესიული საქმიანობის ცხოვრების დეტალებს, მოცემულია არასწორი ფაქტები და გაკეთებულია უარყოფითი შეფასებები როგორც პირად, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით. გადაცემის პირველ ნაწილში მითითებულია ვ.კ-ის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზების შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში დეტალურად არის აღწერილი 16 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რასაც თან ახლავს განაჩენის ასლი, ბოლოს კი მოცემულია ჟურნალისტის დასკვნა, რომელიც განმარტავს რომ, ვ.კ-ემ თავისი წარსულის გადასაფარავად პროფესიად აირჩია ჟურნალისტიკა. გადაცემაში ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ვ.კ-ის კარიერაში არსებულ მედიასაშუალებებზე („რუსთავი 2“, „რადიო თავისუფლება“ და „სტუდია რეპორტიორი“). რეპორტაჟში ასევე გადმოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვ.კ-ე მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, საიდანაც, ფინანსური მაქინაციების გამო, დაითხოვეს ერთი წლის თავზე. გადაცემაში ვ.კ-ე მოხსენიებულია როგორც მრავალშვილიანი მამა, რომელსაც ერთდროულად ჰყავდა რამდენიმე ცოლი, ასევე, მითითებულია, რომ მისი პირველი მიტოვებული ოჯახი მცხეთაში, უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენები - სხვადასხვა ადგილას. კ.კ-ე ვ.კ-ის შვილია, რომელსაც ზემოაღნიშნული გადაცემის გაშუქებით შეელახა თავისუფალი განვითარების უფლება, მას, როგორც კერძო პირს, არ შეუთანხმდნენ და არ მიიღეს თანხმობა, რათა გაევრცელებინათ მისი და მისი ოჯახის ამსახველი მონაცემები.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლოში განხილვას, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ბლანკეტური ნორმაა და მოითხოვს ისეთი ნორმატიული აქტების გამოყენებას, როგორიცაა: საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული მაუწყებლის ქცევის კოდექსი და საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-6, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს სიუჟეტის ეთერში გადაცემიდან 10 დღის ვადაში უნდა წარედგინათ საჩივარი ტელეკომპანია „რეალტივის“ თვითრეგულირების კომისიაში და მოეთხოვათ ტელეკომპანიის მიერ გაშუქებული პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევად შეფასებული სიუჟეტის შესწორება შესაბამისი ფორმით ან უარყოფა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია. მოსარჩელეები სარჩელს ასაბუთებენ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით, თუმცა შეგნებულად არ უთითებენ ამავე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ცხადყოფს, რომ მაშინაც კი, თუ ცილისმწამებლური ცნობების გავრცელებას აქვს ადგილი, პირს, კანონით დადგენილ ვადაში, შეუძლია, მოითხოვოს გავრცელებული ცნობების შესწორება ან უარყოფა, ხოლო, თუ აღნიშნულ ფაქტს არ მოჰყვება რეაგირება ტელეკომპანიის მხრიდან, მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. მოსარჩელეებს ზემოაღნიშნული კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა არ დაუცვიათ, შესაბამისად, დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.კ-ის და კ.კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინებით ვ.კ-სა და კ.კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.კ-ე არის ჟურნალისტი, სტუდია რეპორტიორის დამფუძნებელი და დირექტორი, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ის საჯარო პირია. ქ.თბილისის ლენინის სახელობის რაიონის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ვ.კ-ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 25 იანვრის №135 ბრძანებით საქართველოს სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები, მათ შორის ვ.კ-ეც, გათავისუფლდნენ სამსახურიდან 2005 წლის 25 იანვრიდან „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (დაწესებულების ლიკვიდაცია). 2010 წლის 9 თებერვალს ტელეკომპანია შპს „რ.-ს-ოს“ მიერ გადაცემა „რეალ თაიმში“ მომზადდა სიუჟეტი ვ.კ-ზე სახელწოდებით „ციხე, მედია და უშიშროება“. სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „იგი (ვ.კ-ე) 2004 წელს მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, საიდანაც ერთი წლის თავზე ფინანსური მაქინაციების გამო დაითხოვეს“, „ვ.კ-ე მრავალშვილიანი მამაა და მას რამდენიმე ცოლი ერთდროულად ჰყავდა, რომ ჟურნალისტის პირველი მიტოვებული ოჯახი მცხეთის უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა ადგილას იზრდებიან“.

პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითება საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე მუხლის პირველსა და მე-4 პუნქტებზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, პალატამ ჩათვალა, რომ სასამართლომ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი და განმარტა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი.

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე და განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია შესაძლებელია შეიცავდეს სხვა პირთა უფლებების და მათი რეპუტაციის შელახვის რისკს. გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, მაგრამ არ არსებობდეს ამ უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ისეთი აუცილებელი წინაპირობა, რაც დაცულია განსახილველი კონვენციის მე-10 მუხლით. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო პირი ვალდებულია, დაადასტუროს არა მხოლოდ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების სიყალბე, არამედ თავად განმცხადებლის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება მის მიერ წარდგენილი განცხადების სიყალბის მიმართ. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესის დაცვით, ვერ დაადასტურა ის გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, ის გარემოება, რომ ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად გადასცა საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია. ვ.კ-ე, როგორც ცნობილი ჟურნალისტი, წარმოადგენს საჯარო პირს, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, რაც მიუთითებს სიუჟეტის მიზანზე - საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაზე. ჟურნალისტის მოვალეობაა, გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებისათვის საინტერესო თემაზე და ამავე დროს დაიცვას სხვათა რეპუტაცია, მაგრამ, თუ ჟურნალისტმა კეთილსინდისიერად გადმოსცა საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია, არ შეიძლება მან პასუხი აგოს თუნდაც არასწორი და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტებით და ჩათვალა, რომ არ არსებობდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობა.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და კ.კ-მა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისას სამართლებრივი დასაბუთების გარეშე დაეთანხმა გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაიზიარა ისინი. გაურკვეველია, რატომ არ ახდენს რეაგირებას სააპელაციო სასამართლო ვ.კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველზე, მაშინ, როცა მოსარჩელემ, მართლაც წარადგინა უტყუარი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვ.კ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა არა ფინანსური მაქინაციების, არამედ სამსახურის ლიკვიდაციის ფაქტის გამო. სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით განმტკიცებული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, არ იქნას მიჩნეული პირი დამნაშავედ, ვიდრე მისი დანაშაულებრიობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია ვ.კ-ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, საზოგადოება ინფორმირებულია, რომ გათავისუფლების საფუძველი არა სამსახურის ლიკვიდაცია, არამედ ფინანსური მაქინაციაა. გარდა ამისა სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი, ასევე ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი და არ შეეცადა, აღედგინა სამართლიანობა. სიუჟეტი ვ.კ-ის შესახებ აგებულია ყალბ ფაქტებზე, მოპასუხემ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ჟურნალისტის ცილისწამების, ასევე პატივისა და ღირსების შელახვისათვის. ფაქტობრივი გარემოება, რომ 2004 წელს ვ.კ-ემ მუშაობა უშიშროების სამინისტროშიც დაიწყო და ის იმ უწყებიდან ერთი წლის თავზე, ფინანსური მაქინაციების გამო, დაითხოვეს, ასევე ის, რომ საღამოს მოვიდა უშიშროების სამინისტროს ყოფილი ხალხი და სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე მოინდომეს რაღაც დოკუმენტის ამოღება ოფისიდან - ერთმანეთს ემთხვევა და წარმოადგენს მცდარ ფაქტებს. კასატორი არ ყოფილა ნასამართლევი სამოხელეო დანაშაულისათვის და მის მიმართ არ განხორციელებულა დევნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი დანაშაულის გამო, სასამართლოს არ მიუჩნევია იგი დამნაშავედ ფინანსურ მაქინაციებში და ის სამსახურიდან არ გათავისუფლებულა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლით დადგენილი საფუძვლებით, ასევე, აღსანიშნავია, რომ მაუწყებელს არ დაუზუსტებია და არ დაუდგენია ფაქტის ნამდვილობა, რასაც ადასტურებს ფილმში მოყვანილი კადრები, კერძოდ, ფილმის დაწყებიდან 03 წუთსა და 26 წამზე საუბრობს კასატორი რაღაც დოკუმენტებზე, რომელიც უკანონოდ ამოიღეს. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ჩანაწერი უნდა ეკუთვნოდეს სამსახურიდან გათავისუფლების თარიღს 2005 წლის იანვარს (რეალურად კი ჩაწერილია „ტელეკომპანია 202-ის“ ეზოში 2005 წლის სექტემბერში), ამ კადრის ფილმის დაწყებიდან 01 წუთსა და 08 წამზე გაშვებულ კადრთან შედარების შემთხვევაში, რაც ზეწოლის ფაქტების გახმაურებას შეეხება, დასტურდება, რომ ეს უკანასკნელი გადაღებული უნდა იყოს მოგვიანებით, მაშინ, როცა ცხინვალში 2009 წლის 16 დეკემბერს ვიზიტის შემდგომ განხორციელდა ჟურნალისტზე ზეწოლა, უდავოა, რომ ჩაცმულობა (როგორც ვ.კ-ის, მისი თანმყოფი პირების და ასევე, პეიზაჟი, რომელიც კასატორის კადრში გამოჩენამდე ჩნდება, არ შეესაბამება იანვრის და არც თებერვლის კლიმატს) და უკანა ფასადის განლაგება ამ ზემოაღნიშნულ კადრებში არის იდენტური, ხოლო „რეალთაიმის“ მიერ მომზადებული სიუჟეტი შექმნილია არა რეალობის წარმოსაჩენად, არამედ ჟურნალისტის პატივისა და ღირსების შესალახავად. ჟურნალისტის ქმედება, დამაჯერებლად წარმოადგინოს არარეალური, ყალბი ფაქტები, მიმართულია მაყურებლის მოტყუებისაკენ. გადაცემა, რომელიც ვ.კ-ზე მომზადდა, მიმართულია მის და არა კ.კ-ის მიმართ, თუმცა აღნიშნულმა გადაცემამ ამ უკანასკნელსაც შეულახა პატივი და ღირსება, დაურღვია მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

სასამართლომ არასწორად განმარტა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი, კერძოდ, გადაცემა ეხებოდა რა ვ.კ-ეს, სასამართლომ მასში მითითებული ფაქტები არ მიიჩნია კ.კ-ის უფლებების შელახვად, ასევე დაადგინა, რომ ბავშვთა სახლში ცხოვრება არ წარმოადგენს პირად საიდუმლოებას, ასეთ ადგილებში ცხოვრება და მასზე ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება გახდეს პატივისა და ღირსების შელახვის საფუძველი. აღნიშნული ფაქტის განხილვისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ქართულ საზოგადოებაში არსებული რეალობა, პირის სენსიტიური დამოკიდებულება აღნიშნული სიუჟეტის გაშუქების მიმართ, ასევე ყურადღების მიღმა დატოვა სიუჟეტის ფაბულა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა. მნიშვნელოვანია, რომ, რეალურად, კ.კ-ეს არასოდეს უცხოვრია მცხეთის ბავშვთა სახლში. მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, ფილმი ეყრდნობა განაჩენსა და ინტერნეტპორტალიდან აღებულ მონაცემებს, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სიუჟეტში მითითებული ინფორმაცია არ ყოფილა განთავსებული ინტერნეტფორუმებზე. ფილმში მითითებულია გამოყენებული ინტერნეტგვერდები, კერძოდ, www.internet.ge და www.forum.ge, თუმცა საქმეში არსებობს მოსარჩელის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი ამონაწერები აღნიშნული ვებგვერდებიდან, რაც ადასტურებს, რომ 2010 წლის 7-9 თებერვალს გავრცელებულ ინფორმაციაში მსგავსი ჩანაწერები არ მოიძიება. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც აღნიშნულ საიტზეა განთავსებული, არის www.pressa.ge-ის მიერ, მოსარჩელის განცხადება თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მტკიცებულებასთან მიმართებაში სასამართლომ განმარტა, რომ მითითებულ გვერდზე ინფორმაციის არ არსებობა არ ადასტურებს, რომ 2010 წლის თებერვლისათვის, როცა გადაცემა მომზადდა, ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა, თუმცა, გაურკვეველია, რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ აღნიშნული გარემოება. პალატა დაეყრდნო მცდარ მონაცემებს, არასწორად გამოიკვლია მტკიცებულებები და ფაქტის დამადასტურებლად მიიჩნია მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განცხადება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ვ. და კ.კ-ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. და კ.კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მხულის „ე1 ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ 394-ე მხულის „ე1 ქვეპუნქტის შემადგენლობა სახეზეა, როდესაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე სრულად არ დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც, შეუძლებელია სამართლებრივი კვალიფიკაციის გაკეთება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში მართალია სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები, თუმცა, სრულად არ დაადგინა ამ ნორმების დისპოზიცით განსაზღვრული ფაქტობრივი შემადგენლობა, რასაც შედეგად მოჰყვა გადაწყვეტილების არასრული ფაქტობრივი დასაბუთება, კერძოდ:

განსახილველი დავის საგანია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გამო ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე ვ.კ-ე მიიჩნევს, რომ შპს „რ.-ს-ოს“ გადაცემა „რეალ-ტაიმში“ მომზადდა სიუჟეტი ვ.კ-ზე, სახელწოდებით - „ციხე, მედია და უშიშროება“, სადაც მის მიმართ გავრცელდა ცილისმწამებლური განცხადებები, რამაც შელახა მისი პატივი და ღირსება. ამასთან, სიუჟეტი შეეხებოდა მისი პირადი ცხოვრების დეტალებს, რითაც დაირღვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. კ.კ-ე განმარტავს, რომ 2010 წლის 9 თებერვალს გადაცემული სიუჟეტით ასევე შეილახა მისი პატივი, ღირსება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ვინაიდან იგი წარმოადგენს ვ.კ-ის ოჯახის წევრს, შვილს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ადამიანის ძირითად უფლებათაგან და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, ნებისმიერმა ადამიანმა თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. კონსტიტუციის ამავე მუხლის მე-4 პუნქტით რეგლამენტირებულია ამ უფლებათა განხორციელების შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ იგი აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი იმეორებს იმ პრინციპებს, რომელსაც გვთავაზობს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის“ მე-10 მუხლი გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის 2004 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა პირის პა­ტივის, ღირ­სე­ბი­ს, პი­რა­დი ცხოვრების სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის, პი­რადი ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის ან საქ­მი­ანი რე­პუ­ტა­ცი­ის შემლახველი ცნობების გავრცელების შემთხვევაში, დარღვეული უფლების აღდგენის სამართლებრივ მექანიზმს და შესაბამისი პასუხსიმგებლობის ზომებს. 2004 წლის 24 ივნისის კანონით ცვლილება განხორციელდა მე-18 მუხლის მე-2 ნაწილში იმგვარად, რომ ზემოთ მითითებული სამართლებრივი სიკეთის დაცვა უფრო ახალი და სპეციალური კანონის - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების ფარგლებში მოექცა.

როგორც მოსარჩელე ვ.კ-ის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, მოპასუხის მიერ 2010 წლის 9 თებერვალს გადაცემა „რეალ-ტაიმში“ მომზადებულ სიუჯეტში გავრცელებული ინფორმაცია - „ვ.კ-ე უშიშროების სამინისტროდან ფინანსური მაქინაციების გამო დაითხოვეს“, წარმოადგენს ცილისწამებას, რითაც მიადგა ზიანი, შეილახა მისი პატივი, ღირსება და რეპუტაცია. ვ.კ-ე სარჩელში აღნიშნავს, რომ გამავრცელებელმა არ მიმართა სათანადო ზომებს, კერძოდ, ტელევიზიას შეეძლო, საჯარო ინფორმაციის სახით გამოეთხოვა მოსარჩელის გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მაყურებლისათვის მიეწოდებინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენტური პირის კომენტარი, რაც არ შეასრულა.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ცილისწამება განმარტებულია, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძალით, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა შემდეგი ფაქტობრივი გარემოები:

ვ.კ-ე არის ჟურნალისტი, სტუდია რეპორტიორის დამფუძნებელი და დირექტორი.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ვ.კ-ე საჯარო პირია.

ქ.თბილისის ლენინის სახელობის რაიონის სახალხო სასამართლოს 1981 წლის 9 სექტემბრის განაჩენით ვ.კ-ე მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 25 იანვრის №135 ბრძანებით საქართველოს სახელმწიფო უშიშროების თანამშრომლები, მათ შორის ვ.კ-ეც, გათავისუფლდნენ სამსახურიდან 2005 წლის 25 იანვრიდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (დაწესებულების ლიკვიდაცია).

2010 წლის 9 თებერვალს ტელეკომპანია შპს „რ.-ს-ოს“ მიერ გადაცემა „რეალ თაიმში“ მომზადდა სიუჟეტი ვ.კ-ზე სახელწოდებით „ციხე, მედია და უშიშროება“. სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ „იგი (ვ.კ-ე) 2004 წელს მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, საიდანაც ერთი წლის თავზე ფინანსური მაქინაციების გამო დაითხოვეს“, „ვ.კ-ე მრავალშვილიანი მამაა და მას რამდენიმე ცოლი ერთდროულად ჰყავდა, რომ ჟურნალისტის პირველი მიტოვებული ოჯახი მცხეთის უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა ადგილას იზრდებიან“.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაცემა „რეალ თაიმში“ გაჟღერებული ინფორმაცია - „იგი (ვ.კ-ე) 2004 წელს მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, საიდანაც ერთი წლის თავზე ფინანსური მაქინაციების გამო დაითხოვეს“, წარმოადგენს ფაქტის შემცველ ინფორმაციას და არა აზრს. საკასაციო პალატის ამგვარი შეფასება გამომდინარეობს როგორც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით შემოთავაზებული „აზრისა“ და „ცილისწამების“ განმარტებიდან, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებათა ანალიზიდან (იხ. სუსგ: Nას-677-638-2011, 24.09.2012წ.; Nას-1278-1298-2011, 20.02 2012 წ.; Nას-1477-1489-2011, 03.04. 2012 წ.; „პერნა იტალიის წინააღმდეგ“; „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“). ერთ-ერთ საქმეში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის კონსტიტუციურობის საკითხს იხილავდა, განმარტა შემდეგი: „აზრი - ეს არის ადამიანის პირადი სუბიექტური შეფასება ამა თუ იმ მოვლენის, იდეის, ფაქტისა თუ პიროვნების მიმართ. ფაქტები არის რეალურად, ნამდვილად მომხდარი საგნები, მოვლენები ან გარემოებები, რომლებიც შეიძლება იყოს მცდარი ან მართალი, სწორი. აქედან გამომდინარე ფაქტები ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებს. შესაბამისად ფაქტების გავრცელება ექვემდებარება მათი სისწორის, ნამდვილობის მტკიცების ვალდებულებას. მაშინ როდესაც მოსაზრების ნამდვილობის მტკიცება შეუძლებელია და, შესაბამისად, ამის ვალდებულებაც აზრის გამომთქმელს არ უნდა ეკისრებოდეს“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 11 მარტის #2/1/241 გადაწყვეტილება).

ის გარემოება, რომ ვ.კ-ის უშიშროების სამინისტროდან დათხოვნის საფუძველი მცდარად იქნა გაჟღერებული ტელეკომპანია „რ.-ს-ოს“ გადაცემა „რეალ თაიმში“, დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომლის მიხედვითაც, ვ.კ-ე საქართველოს სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილია დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, ამდენად, ის ფაქტი, რომ ვ.კ-ის მიმართ გავრცელდა არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი ინფორმაცია, დადგენილია და მისი ნამდვილობის შემოწმება არ წარმოადგენს საკასაციო განხილვის საგანს.

რაც შეეხება განცხადების ცილისწამებად კვალიფიკაციისათვის ისეთ აუცილებელ ნიშნებს, როგორიცაა „პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი“, აღნიშნულთან დაკავშირებით გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის გადმოცემული მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ არ იზიარებს სასამართლო ვ.კ-ის არგუმენტებს პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვასა და ზიანთან დაკავშირებით. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც მოპასუხემ მოსარჩელეს ქურდი უწოდა და ეს უკანასკნელი ამ ფაქტის ჩადენაში ამხილა, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორ ც.შ-ას მოსაზრებას, რომ სადავო განცხადების ცილისწამებად მიჩნევის მეორე პირობა - ბ.კ-ის ზიანის მიყენების ფაქტი არ არსებობს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის თანახმად, ცილისწამება მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა. მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება არის თუ არა ზიანის მიმყენებელი, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების ანალიზითა და ურთიერთშეჯერებით უნდა დადგინდეს. ამასთან, ზიანი ასეთ შემთხვევებში არაქონებრივი სახით - პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვით არის გამოვლენილი. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკონომიკურ შინაარსს, და მას არ გააჩნია ღირებულება, შესაბამისად, ამ ზიანის დამტკიცებისათვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია“ (იხ. სუსგ: Nას-1477-1489-2011, 03.04.2012წ.). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არის დადგენილი ცილისწამებისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, შეუძლებელია საკასაციო სასამართლომ შეამოწმოს გადაწყევტილების კანონიერება.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორ ვ.კ-ის პრეტენზიას ჟურნალისტის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კასატორმა ამ ნაწილში წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია. კერძოდ, კასატორის განმარტებით, მაუწყებელს არ დაუზუსტებია და არ დაუდგენია განცხადებაში მოყვანილი ფაქტის ნამდვილობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კასატორი აპელირებს ჟურნალისტის ბრალეულობაზე, რაც გამოიხატა ინფორმაციის გადაუმოწმებლობაში, რისი შესაძლებლობაც ობიექტურად არსებობდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინფორმაციის გამავრცელებლის ბრალეულობის საკითხის გარკვევას არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც დავის სწორად გადაწყვეტის, ასევე საჯარო პირის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრაში. აქედან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს გამავრცელებლის ბრალეულობის საკითხი, რაც ფაქტობრივ და არა სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება.

საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივი შეფასება მისცეს კასატორ კ.კ-ის მიერ საკასაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიებს, რომელიც ეხება მის მიმართ განხორციელებულ ცილისწამებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, წარმოადგენს თუ არა კ.კ-ე ვ.კ-ის ოჯახის წევრს, ან სიუჟეტში მოხსენიებულია თუ არა უშუალოდ კ.კ-ე. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ სასამართლოში თავდაპირველად წარდგენილ სარჩელში კ.კ-ე მცხეთის უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრების ფაქტს არ მიიჩნევდა სადავოდ, ამასთან, კ.კ-ის ამგვარი პოზიცია ასახულია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში (იხ. ტ.I, ს.ფ.224). საკასაციო პალატა მიუთითებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ კ.კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეამოწმოს მოცემული ნორმის შემადგენლობა.

როგორც კასატორები განმარტავენ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევათან დაკავშირებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცენდენტულ გადაწყვეტილებებთან („ტამერი ესტონეთის წინააღმდეგ“; „პრინცესა ჰანოვერი გერმანიის წინააღმდეგ“). სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება ვ.კ-ის პირადი ცხოვრების დეტალების გავრცელებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვ.კ-ე, როგორც ცნობილი ჟურნალისტი, წარმოადგენს საჯარო პირს, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. პირადი ცხოვრების თემასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: საინფორმაციო საშუალებები საზოგადოებრივი მეთვალყურის როლს ასრულებენ, რაც გამოიხატება საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებით. აქვე გასათვალისწინებელია ევროპული სასამართლოს მოსაზრება მიხედულობის ზღვრის თეორიასთან დაკავშირებით, სადაც ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ სახელმწიფოები სარგებლობენ დისკრეციით იმის შესაფასებლად, თუ რამდენად იქნა წონასწორობა დაცული ინდივიდუალურ უფლებებსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის კონვენციით გათვალისწინებულ უფლებაზე შეზღუდვის დაწესებისას. ინტერესთაშორისი წონასწორობის დამყარება ან თაბარზომიერების შემოწმება საერთო საზოგადოებრივ საჭიროებას შორის ეხება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის“ მე-8 მუხლს, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. ამ კუთხით საინტერესოა მოსარჩელეთა პოზიცია, სადაც განმარტავენ, რომ ვ.კ-ის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენდა საზოგადოებრივი ინტერესის დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ საჯარო პირის სტატუსი უთუოდ მიუთითებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესზე, იცოდეს საჯარო პირის პირად ცხოვრებას მიკუთვნებული ინფორმაციის დეტალები, არ არის საკმარისად დასაბუთებული წონასწორობისა და თანაზომიერების პრინციპებთან მიმართებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოს თუ რაში მდგომარეობს ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე მწვავე სოციალური საჭიროება, რომელიც „აუცილებლობის“ კონტექსტში მოიაზრება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. და კ.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე