Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-124-118-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.-ს. ჰ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ისა და ა. მ-ის სარჩელი მოპასუხე შპს „ჩ.-ს. ჰ-ის“ მიმართ თანხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება ნ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ჩ.-ს. ჰ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 555980 ლარის ანაზღაურება. შზპს „ჩ. ს. ჰ-ს“ დაეკისრა ზიანის სახით 2012 წლის 26 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 511980 ლარის წლიური 8,5%, (43518 ლარი ყოველწლურად) ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჩ.-ს. ჰ-სმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

2013 წლის 6 თებერვალს შპს „ჩ. ს. ჰ-ის“ წარმომადგენელმა ე. გ-მ განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას, სადაც აღნიშნა, რომ შპს „ჩ. ს. ჰ-ს“ დაცულია აქვს საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა. კასატორის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხდებიდან 30 დღე – 2013 წლის 5 იანვარი იყო შაბათი, დასვენების დღე, რის გამოც მან გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 5 იანვრის შემდეგ პირველ სამუშაო დღეს – 2013 წლის 8 იანვარს, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2013 წლის 29 იანვარს, ხოლო საკასაციო საჩივარი კასატორმა შეიტანა 2013 წლის 28 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა შპს „ჩ.-ს. ჰ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ კასატორის წარმომადგენელი ე. გ- (ს.ფ.79-80). ასეთ შემთხვევაში კასატორის წარმომადგენელი ვალდებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართა არა უგვიანეს 2013 წლის 5 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავს. შპს „ჩ. ს. ხ-ის“ წარმომადგენელმა ე. გ-მ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა მხოლოდ 2013 წლის 8 იანვარს (ტ.2,ს.ფ.103). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 5 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 25 იანვარს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2013 წლის 25 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შპს ჩ.-ს. ხ-ის“ წარმომადგენლებმა ზ. ქ-მა და ე. გ-მ შეიტანეს 2013 წლის 28 იანვარს (ტ.2, ს.ფ. 115-129), ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას არ დაურღვევია საკასაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა, ვინაიდან სამოქალქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლი ზუსტად განსაზღვრავს სასამართლოსათვის მიმართვის ვადას - არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღეს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან. აღნიშნული მუხლი ასევე ადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის (მისი წარმომადგენლის) სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებას გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 2591-ე მუხლის არეგულირებს გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარების საკითხს. კერძოდ, განსახილველი ნორმის პირველი ნაწილის თანახმად თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველი ნორმის თანახმად, მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ აკისრია ვალდეებულება ჩაიბაროს გადაწყვეტილება. ეს ვალდებულება ფაქულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშულად მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

საჩივრის ავტორი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესიო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

ამასთან მიმართებაში უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული ნორმა უნდა განიმარტოს ამავე მუხლის მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც ეხება საპროცესო ვადის დამთავრებას და არა დაწყებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგების გასაჩივრების უფლების დაწყების წინაპირობებს და, ამდენად თავისი ბუნებით არეგულირებს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დაწყების და არა დამთავრების საკითხს. შესაბამისად ამ ურთიერთობაზე არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის იმ ეტაპზე განხილვისას, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა შპს „ჩ.-ს. ჰ-ის“ წარმომადგენელ ე. გ-ის მიერ მითითებული გარემოებები, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ გაუხდია ისინი სადავოდ. ამდენად, საკასაციო პალატამ კერძო საჩივარი განიხილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და 407-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ ფარგლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან „შპს „ჩ.-ს. ჰ-ის“ წარმომადგენლებმა ზ. ქ-მა და ე. გ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „შპს „ჩ. ს. ჰ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია