საქმე №ას-1385-1307-2012 7 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა-ე, რ.ა-ი, ნ.ა-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საბანკო ხელშეკრულებებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „ს.ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ა-ის, რ.ა-სა და ნ.ა-ის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხეებისათვის 60042,01 ლარის დაკისრების მოთხოვნით, საიდანაც ძირითადი ვალდებულება 7410,05 ლარია, პროცენტი - 7369,45 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 45262,51 ლარი. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ რ.ა-სა და ნ.ა-ის პასუხისმგებლობა თითოეულის მიმართ განისაზღვროს 16000 ლარით. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2008 წლის 19 ივნისს სს „ს.ბ-სა“ და ა.ა-ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 8000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 12 თვით, წლიური საპროცენტო სარგებელი 30%-ით, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებმა: ნ.ა-მა და რ.ა-მა წერილობით იკისრეს სოლიდარული თავდებობა ვალდებულების ორმაგი ოდენობით შესრულების შესახებ. 2011 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით ა.ა-ის დავალიანება შეადგენს 7410,05 ლარს - ძირ თანხას, 7369,45 ლარს - პროცენტსა და 45262,51 ლარს - ჯარიმას. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ბანკის მხრიდან შესრულებულია, რაც გამოიხატება თანხის გაცემაში, ხოლო, საბანკო ამონაწერების თანახმად, მსესხებელი არღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას - ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად დაეფარა კრედიტი. მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა. საკრედიტო დავალიანების თაობაზე მოპასუხეს ეცნობა წერილობით და მიეცა დამატებითი 2-კვირიანი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის, თუმცა, მას დავალიანება არ დაუფარავს. მოსარჩელემ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, მე-400, 873-ე და 411-ე მუხლები.
ა.ა-ემ სარჩელი ნაწილობრივ, ძირითადი ვალდებულებისა და ჯარიმის შესრულების მოთხოვნის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო 2008 წელს მომხდარი ომისა და მის შედეგად გამოწვეული ფინანსური კრიზისით, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
რ.ა-მა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება ა.ა-ეს უნდა შეესრულებინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ.ა-ს, ნ.ა-სა და ა.ა-ეს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 10619 ლარისა და 37 თეთრის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ-მა“ იმ ნაწილში, რომლითაც შემცირდა პირგასამტეხლო, ასევე მოსარჩელეს უარი ეთქვა საპროცენტო სარგებლის - 5160,13 ლარის მოპასუხეთათვის დაკისრებაზე და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სს „ს.ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლო დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტს, რომლითაც საპროცენტო სარგებელი უნდა დაანგარიშებულიყო კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად და ამის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა, რომ სარგებელი დარიცხული იყო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც. სასამართლომ მიუთითა აპელანტსა და ა.ა-ეს შორის 2008 წლის 19 ივნისს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტზე და განმარტა, რომ ბანკმა ხელშეკრულების ამ პუნქტით მიინიჭა უფლება თანხის დაბრუნებამდე თავის ერთპიროვნული შეხედულებით დაარიცხოს პროცენტი დაუბრუნებელ თანხას. მართალია, ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარეთა ნების გამოვლენაა და მხარეები ყველა მის არსებით პირობაზე უნდა შეთანხმდნენ, მაგრამ ისეთ სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც გარიგების ერთი მხარე მსხვილი საწარმოა ბანკის სახით, ხოლო, მეორე მხრივ, ფიზიკური პირი, მოლაპარაკების ძალთა ბალანსი არაა დაცული, რაც ძლიერ კონტრაჰენტებს უქმნის ნაყოფიერ ნიადაგს სუსტ კონტრაჰენტებს თავს მოახვიონ ხელშეკრულების არათანაბარი პირობები, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მოცემულ შემთხვევაში, ბანკმა, რომელმაც მიინიჭა უფლება, დაერიცხა საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობის ყოველ დღეზე, იცოდა ამ სახელშეკრულებო დათქმის შესახებ, ეს დათქმა კაბალური გახადა მას შემდეგ, რაც სარჩელი გრაფიკის ვადის დარღვევიდან მხოლოდ 2 წლისა და 5 თვის შემდეგ წარადგინა. სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და 115-ე მუხლის თანახმად, ბანკმა ისარგებლა საბაზრო ძალაუფლებიდან გამომდინარე მისი დომინირებული მდგომარეობით და კონტრაჰენტების სისუსტით, რაც მათ მიერ საბაზრო ძალაუფლების არქონაში გამოიხატა, არა მარტო მოათავსა თავის მიერვე შედგენილ ხელშეკრულებაში თავისათვის სასარგებლო ნორმა, არამედ ან ნორმის საფუძველზე მოითხოვა იმაზე სამჯერ უფრო მეტი თანხა, რაც მას ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პირობებში უნდა მიეღო. სასამართლოს განმარტებით, ისეთი ვითარება, როდესაც ერთ მხარეს მხოლოდ უფლებები აქვს, ხოლო მეორე მხარეს მხოლოდ ვალდებულებები, ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობის არსს, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილსა და 347-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტს. კოდექსი ზოგადად კრძალავს შეუსაბამოდ მაღალი შესრულების მიღებას და ეს დებულება უნდა გავრცელდეს ისეთ სამართლებრივ ურთიერთობებზე, როდესაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ვადაში ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში სარგებელი უნდა ყოფილიყო 2400 ლარი, ხოლო 2 წლისა და 5 თვის შემდეგ შეტანილი სარჩელით, ბანკმა, საბაზრო ძალაუფლების შედეგად მიღწეული დომინანტური მდგომარეობისა და თავის მიერვე დაწერილი ხელშეკრულებით მინიჭებული სამოქალაქო უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად საპროცენტო სარგებლის სახით მოითხოვა 7369,45 ლარი. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს არასწორ შემცირებაზე. ამ მიმართებით სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ბანკმა სესხის ძირითადი დავალიანების თანხას, 7410 ლარს, პირგასამტეხლოს სახით არა მარტო 45262 ლარი დაარიცხა, არამედ მოითხოვა მისი დაკისრება სასამართლოსაგან. სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტებისას აპლენტმა მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 4526,25 ლარის დაკისრება. ისეთ ვითარებაში, როდესაც სესხს დაერიცხა საპროცენტო სარგებელი იმ ოდენობით, რაც უნდა დარიცხულიყო მასზე მისი მოქმედების ვადის განმალობაში, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა მხარეს 1000 ლარი, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა საფუძველი მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს სახით კიდევ რაიმე თანხის დაკისრებისა. სასამართლოს მითითებით, 1000 ლარი წარმოადგენდა სესხის ძირითადი დავალიანებული თანხის - 7410 ლარის დაახლოებით 13,5%-ს და ეს საპროცენტო განაკვეთი გონივრული იყო პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალების, დანიშნულების შესასრულებლად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.ბ-მა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარგებლის სახით მოწინააღმდეგე მხარეებისათვის 5160,13 ლარის სოლიდარულად დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიუთითა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საფუძვლებზე და განმარტა, რომ 2008 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა 7410,05 ლარს შეადგენდა, საპროცენტო სარგებელი - 7369,45 ლარს, ჯარიმა - 45262,51 ლარს, სულ 60042,01 ლარს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარგებლის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პროცენტის დარიცხვაზე შეთანხმების არარსებობა, ხოლო, სააპელაციო პალატის განმარტებით, მიუხედავად ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმის არსებობისა, ბანკმა დომინირებული მდგომარეობის გამოყენებით მიინიჭა ფართო უფლებამოსილება, რითაც დაარღვია მოლაპარაკების ძალთა ბალანსი და სუსტ კონტრაჰენტს თავს მოახვია ხელშეკრულების არათანაბარი პირობები, სასამართლოთა აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ე მუხლების შესაბამისად, მხარეები ხელშეკრულების 2.2.1. პუნქტით სადავო პირობაზე შეთანხმდნენ. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, დათქმულ ვადაში ძირითადი თანხის დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, აღნიშნული პრევენციული ხასიათის მატერებელი ნორმაა და დამოკიდებულია მხარეთა ინიციატივაზე. ვადის გადაცილებით გამოწვეული პროცენტის დაკისრება დასაშვებია მაშინ, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, არ შეუძლია, მოითხოვოს უფრო მეტი. ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდის დაკისრება მინიმალურ ზიანს წარმოადგენს, რომლის არსებობის დასადგენად საკმარისია მხოლოდ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ფაქტი. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეთა შეთანხმება, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო, კრედიტის დაფარვამდე პროცენტის გადახდევინების თაობაზე, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნის ვადის გადაცილების გამო, კრედიტორს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნია. დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომ თანხის გადაუხდელობით კასატორს მოწინააღმდეგე მხარემ მიაყენა ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებასაა დაქვემდებარებული არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი დანაკლისი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, გამოიხატება მოვალის მიერ თანხის დაუბრუნებლობაში. თანხის დროულად დაბრუნების შემთხვევაში ბანკი მას იმავე პროცენტით გასცემდა, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, რაც ადასტურებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით პროცენტის დაკისრების მართებულობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სს „ს.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა, ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს განხილვის საგანია მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ 5160,13 ლარის დაკისრება. მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს სხვაობას მოსარჩელის მიერ პროცენტის (სარგებლის) სახით მოთხოვნილ 7369,45 ლარსა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ სარგებელს _ 2209,32 ლარს შორის.
საკასაციო პალატა გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ის ფარგლები, რომელშიც შიძლება საკასაციო სასამართლომ განახორციელოს სამართლებრივი შეფასება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს კასატორის მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების იმგვარ დარღვევას, რასაც შდეგად საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორი დადგენა ან საერთოდ დაუდგენლობა მოჰყვა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია და მისი საკასაციო საჩივარი მხოლოდ მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევას ეხება.
როგორც გასაჩივრებული განჩინების შინაარსიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კერძოდ, დადგენილია, რომ:
2008 წლის 19 ივნისს სს „ს.ბ-სა“ და ა.ა-ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 12 თვის ვადით გაიცა საბანკო კრედიტი 8000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო სარგებლით 30%, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,5%-ით. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტი დაეფარა შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. 2008 წლის 19 ივნისს სს „ს.ბ-ს“, რ.ა-სა და ნ.ა-ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები. ამასთან, თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 16000 ლარით. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებები მოპასუხეების მიერ არ შესრულებულა ჯეროვნად. 2011 წლის 10 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ა.ა-ის დავალიანება შეადგენს 60042,01 ლარს, საიდანაც 7410,05 ლარი ძირი თანხაა, 7369,45 ლარი პროცენტი, 45262,51 ლარი პირგასამტეხლო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბანკმა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ ხელოვნურად გაზარდა საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რაც მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას წარმოადგენდა. შესაბამისად, სასამართლომ ა.ა-ის მიერ გადახდილი პროცენტის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის დარიცხვის ნაწილში, საფუძვლიანად მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდისათვის მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა სს „ს.ბ-ის“ აპელირება ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტზე, რომლითაც ბანკს ენიჭებოდა უფლება, ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კრედიტის მიმღებისათვის დაერიცხა პროცენტი იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულების აღნიშნული პირობა წარმოადგენდა ბათილ სტანდარტულ პირობას სამოქალაქო კოდექსის 347-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტთან მიმართებაში, ვინაიდან, შემთავაზებელს _ სს „ს.ბ-ს“, მინიჭებული ჰქონდა უფლება, ხელშეკრულების მეორე მხარისათვის მოეთხოვა გაწეული ხარჯების შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კანონმდებელმა, კრედიტორს მიანიჭა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403-ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. საკასაციო პალატის შეფასებით, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტი, რომლითაც ბანკს უფლება აქვს ხელშეკრულების ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, დაარიცხოს კრედიტის მიმღებს ის პროცენტი, რაც გათვალისწინებულია სესხის სახით მიღებული თანხით სარგებლობისათვის, უნდა განვიხილოთ, როგორც მხარეთა შეთანხმება მინიმალურ ზიანზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, სს „ს.ბ-ს“, გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზრაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც დადგენილია კრედიტით სარგებლობისათვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ბანკი ითხოვს შეუსაბამოდ მაღალ ანაზღაურებას.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ კასაციის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ზიანის ანაზრაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის. სს „ს.ბ-ის“ ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ იგი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა სესხის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ, ვალდებულების დარღვევიდან 2 წლისა და 5 თვის გასვლის შემდეგ სარჩელის წარდგენით ბოროტად გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით რეგლამენტირებულია უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის პრინციპი, კერძოდ, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მითითებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, თუ პირი მოქმედებს არამართლზომიერად, ამასთან, ქმედება მიზნად ისახავს მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას და არ ემსახურება საკუთარი უფლების დაცვას ან აღდგენას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევიდან დაუყოვნებლივ არ წარადგინა სარჩელი სასამართლოში, არ შეიძლება განვიხილოთ უფლების ბოროტად გამოყენებად, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მოსარჩელემ საკუთარი უფლების რეალიზაცია მოახდინა კანონით დადგენილ ხანდაზმულობის ვადაში და მისი ქმედება კანონიერ მიზნებს ემსახურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად კი, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
წინამდებარე საქმეზე სარჩელის გამო სს „ს.ბ-მა“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 1805 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის გამო - 150 ლარი (ტ.I, ს.ფ.36-37), სააპელაციო საჩივარზე - 388 ლარი (ტ.I, ს.ფ.145), ხოლო საკასაციო საჩივარზე - 300 ლარი (ტ.II, ს.ფ.74), ანუ სს „ს.ბ-ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სულ გადახდილ იქნა 2643.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, მოპასუხეებს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დააკისრა 319,24 ლარი, საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების საფუძველზე სს „ს.ბ-ის“ სარჩელი დამატებით 5160,13 ლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, ამ გარემოებისა და კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხეებს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროთ პირველ ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 304,80 ლარი (5160,13X3%+150), სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 206,40 ლარი (5160,13X4%), ხოლო საკასაციო საჩივრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი სრულად, სულ - 811,20 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს.ბ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება სს „ს.ბ-ის სასარგებლოდ“ მოწინააღმდეგე მხარეებისათვის სარგებლის - 5160,13 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. სს „ს.ბ-ის“ სარჩელი ა.ა-ის, რ.ა-სა და ნ.ა-ის მიმართ, საბანკო ხელშეკრულებებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს: ა.ა-ეს (პ/N...), რ.ა-სა (პ/N...) და ნ.ა-ს (პ/N...), საბანკო ხელშეკრულებებისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სს „ს.ბ-ის“ (ს/N...) სასარგებლოდ დაეკისროთ 5160,13 ლარი.
5. ა.ა-ეს, რ.ა-სა და ნ.ა-ს სს „ს.ბ-ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სოლიდარულად დაეკისროთ 811,20 ლარი.
6. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე