Facebook Twitter

№ ას-1413-1332-2012 1 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. და ა. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გაუქმება, უნებართვო ნაგებობათა დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. და ა. ლ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ა. ლ-ასა და ა. ლ-ას საკუთრების უფლების გაუქმება უკანონოდ მითვისებულ, ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. №51-ში მდებარე 732 კვ.მ მიწის ფართზე; პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და ქუაისის სახლახო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 14 თებერვლის №3.69.180 გადაწყვეტილებით დამტკიცებული პროექტის თანახმად, 732 კვ.მ მიწის ფართის საჯარო რეესტრში თანასაკუთრებაში აღრიცხვა; ა. ლ-ას სახლის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე მიშენებული აბაზანის დასავლეთით მოწყობილი ლიფტის შახტის, აივნის, სახლის ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს მდებარე კიბეებისა და სახლის სამხრეთით მდებარე კაპიტალური ღობის დემონტაჟი.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ც. კ-ის სარჩელზე ა. და ა. ლ-ის მიმართ – ა. ლ-ას სახლის ჩრდილოეთ კედელზე კიბეების დემონტაჟის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. ც. კ-ის სარჩელი ა. და ა. ლ-ის მიმართ - საკუთრების უფლების გაუქმების, პირვანდელი მდგომარების აღდგენის, 732 კვ.მ მიწის ფართის საჯარო რეესტრში აღრიცხვისა და ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში კერძო საჩივრით, ხოლო სარჩელზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. კ-ის სააპელაციო და კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ც. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1990 წლის ქ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციაში გატარდა ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობა ოთხი წევრის შემადგენლობით: ზ. კ-ე, ა. კ-ი, ც. კ-ე, ა. ლ-ა. ინდივიდუალურ მენაშენთა ამხანაგობას თავისი სახსრებით ოთხბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოეყო 1200 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ს-ის ქუჩის № 51-ში ამორტიზებული საცხოვრებელი სახლის აღებით გამოთავისუფლებულ და მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის საზღვრები უნდა დაზუსტებულიყო პროექტირებისას.(ს.ფ.18-19);

სახელმწიფო მიმღები კომისიის 1995 წლის 31 ივნისის № 172/95 აქტით, ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. № 51ა - მდებარე ა. ლ-ას საცხოვრებელი სახლი მიღებული იქნა ექსპლუატაციაში ფაქტიური მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის ოდენობა განისაზღვრა 596 კვ.მ (ს.ფ.83) ;

ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ 2007 წლის 5 ივნისს, ა. ლ-ამ ზ. კ-ისაგან შეიძინა ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. №51-ში მდებარე უძრავი ქონება, 245 კვმ ინდივიდუალური საკუთრების მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი. (ს.ფ.79-82)

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურდა, რომ ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. № 51 ა-ბ- უძრავი ქონების (ს/კ 03.04.25.097 ) მესაკუთრეები არიან ა. და ა. ლ-ი.მათ თანასაკუთრებაში რეგისტრირებულია 841 კვმ დაზუსტებული ფართის მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნეგებობები. (ს.ფ.84);

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურდა, რომ ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. №51 ბ უძრავი ქონების ( ს/კ 03.04.03.462) მესაკუთრეა ც. კ-ე. მის ინდივიდუალურ საკუთრებაში რეგისტრირებულია 234 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნეგებობები ( ს.ფ. 88);

იმავე მხარეთა შორის არსებულ ადმინისტრაციულ დავაზე, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა შემდეგი: საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ, კომისიური წესით შესწავლილი იქნა ს-ის ქ. №51-ის მაცხოვრებელთა პრეტენზიები მიმდინარე მიწის ფართზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის კანონიერებასთან დაკავშირებით და გადაწყდა გამოყოფილი მიწის ფართის კორექტირება. ამ ვითარების გათვალისწინებით დამზადდა ახალი პროექტები, რაც დამტკიცდა ქალაქის მთავარი არქიტექტორის 1990 წლის 14 ივნისის №27 ბრძანებით. აღნიშნული პროექტების შესაბამისად დაზუსტდა თითოეული ამხანაგობის წევრისათვის განკუთვნილი მიწის ფართის საზღვრები, აშენდა სახლები, რომლებიც მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში სახელმწიფო მიმღები კომისიის მიერ და შემცირდა გამოყოფილი ტერიტორია (1200 კვმ. მიწის ნაკვეთი). სახელმწიფო მიმღები კომისიის 1995 წლის 31 ივნისის № 172/95 აქტით, ა. ლ-ას მიეკუთვნა 596 კვ.მ მიწის ფართი, საიდანაც, 416 კვ.მ მიწის ფართი შექმნილი იყო ა. ლ-ას მიერ, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად, ხოლო დარჩენილი 180 კვ.მ მიწის ფართი წარმოადგენდა ბინათმშენებლობის ამხანაგობისათვის გამოყოფილი მიწის ნაწილს. ა. და ა. ლ-ას თანასაკუთრებაში აღირიცხული 841 კვმ მიწის ნაკვეთი შეადგენდა 2007 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით ზ. კ-ისაგან შეძენილ 245 კვ.მ და ა. ლ-ასათვის გამოყოფილ 596 კვმ მიწის ნაკვეთების ჯამს.

საქმეზე წარმოდგენილ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2011 წლის 08 სექტემბრის №3880 დასკვნაში აღინიშნა, რომ ვინაიდან, ვერ იქნა წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, ს-ის ქუჩა №51-ში საცხოვრებელი სახლის პროექტი, შესაბამისად პროექტის დარღვევით არის თუ არა ნაწარმოები მშენებლობები და რაში მდგომარეობს დარღვევა, ამის დადგენა შეუძლებელი იყო, რაც ცხადყოფადა, რომ ვერ დადგინდებოდა, თუ რა ზიანი მიადგა ც. კ-ეს; ქ. ქუთაისის აღმასკომის 14.02.1990 წლის №3.69.180 გადაწყვეტილების შესაბამისად, ს-ის ქუჩის №51-ში გამოყოფილი 1200 კვმ მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთის უკიდურესი წერტილი დაშორებულია ს-ის ქუჩის კიდეს 50 მეტრით, ხოლო ნაკვეთის საკადასტრო კოდით 030403489-ის აღმოსავლეთის უკიდურესი წერტილი დაშორებულია იმავე წერტილს 60.64 მეტრით. ე. ი ნაკვეთის ბოლო გადაწეულია აღმოსავლეთის მხარეზე 10 მეტრზე მეტით. ქ. ქუთაისის აღმასკომის 14.02.1990 წლის №3.69.180 გადაწყვეტილების შესაბამისად, ს-ის ქუჩის №51-ში გამოყოფილი 1200 კვმ მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ნაწილის კონფიგურაცია და ნაკვეთის საკადასტრო კოდით 030403489-ის ჩრდილოეთი ნაწილი არ ეთანხმება ერთმანეთს. ნაკვეთი საკადასტრო კოდით 030403462 არ არის შემორაგული. თუ რატომ განიცადა ტრანსფორმაცია ქ. ქუთაისის აღმასკომის 14.02.1990 წლის №3.69.180 გადაწყვეტილების შესაბამისად გამოყოფილმა მიწის ნაკვეთმა, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2012 წლის 02 ივნისის №017524 დასკვნის თანახმად: ა) ქ. ქუთაისში, ს-ის ქუჩა №51-ში მშენებლობა ა. და ა. ლ-ის მიერ ნაწარმოები იყო პროექტის დარღვევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 1990 წლის 14 ივნისის (საქმე №2/1773-2011 გვ116) პროექტი გასხვავებულია ა. და ა. ლ-ის საცხოვრებელი სახლების (სართულიანობა, ფასადი, შიდა მოწყობა) რეალური მდგომარეობისაგან. დამატებით მოწოდებული (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის №2049 მომართვა) პროექტის მიხედვით გათვალისწინებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები და რეალურად ნაწარმოები რეკონსტრუქცია (მშენებლობა) ემთხვევა ერთმანეთს. ბ) ა. და ა. ლ-ას სახელზე რიცხული 1990 წლის 14 ივნისის პროექტი და ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული, ა. ლ-ას სახელზე ამჟამად რიცხული პროექტი (პროექტი, რომლის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა № 000250) არ არის იდენტური. განსხვავებულია: სართულიანობა, ფასადი, კიბე, ლიფტი, შიდა მოწყობა. გ) მოსარჩელის და მოპასუხის მიერ წარმოდგენილი, 1990 წლის 14 ივნისის პროექტებიდან, ორიგინალისაგან განსხვავება აღენიშნება სამივე პროექტს. პროექტში (საქმის ფურცელი 116, ორიგინალი) განსხვავება (გადაკეთება (გადასწორება)) გამოიხატა შემდეგში: №15 სათავსოში ამოღებულია ტიხარი, №17 და №18 სათავსოებს შორის არსებულ კედელში გაკეთებულია ღიობი, №18 სათავსოდან რიონის მხარეს არსებულ ორ კარიანი კედელი გაერთიანებულია და მიცემული აქვს ვიტრაჟის სახე, ლურჯი ფერით დამატებული არის კუთხის სათავსო. განხვავება (გადაკეთება (გადასწორება)) აღენიშნება პროექტის (ორი ასლი) ასლებს. განსხვავებები გამოიხატა შემდეგში: შეცვლილია ც. კ-ისა და ა. ლ-ას საცხოვრებელი სახლების კიბეების მდებარეობა და გამოტანილია შენობის გარეთ. დ) საკადასტრო გეგმების (საქმე №2-1773-2011წ გვ. 84-89) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამხრეთ-დასავლეთის მხარეს ამავალი კიბის წინა ნაკვეთზე, მოწყობილია ლითონის დაბალი ღობით შემოსაზღვრული (მოპირკეთება, გამწვანება) ტერიტორია, რომელიც (ნაკვეთი №03.04.25.097) წითელი ხაზის გარეთ არის მოქცეული, მაგრამ არ არის შეჭრილი №03.04.03.462 საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის (ც. კ-ის საკუთრება) მიხედვით ნაჩვენები წითელი ხაზებით შემოფარგლულ მიწის ნაკვეთში. ა. ლ-ას საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კიბის ბაქანის გვერდი მიდებულია ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის კედელზე, რაც ზიანის მომტანია იმ შემთხვევაში თუ კიბის ბაქანი ეყრდნობა ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის კედელს. ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის ყრუ (ა. ლ-ას სახლის მხარე) კედლებს, შიდა მხრიდან სართულებზე აღენიშნება (სისველის კვალი) დაზიანება. ე) 1990 წლის 14 ივნისის (საქმე №2/1773-2011 გვ. 116) პროექტი (ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის ნაწილში) განსხვავებულია რეალური მდგომარეობისაგან;

დამატებით მოწოდებული (ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის №1774 მომართვა) პროექტის მიხედვით გათვალისწინებული მიშენების სამუშაოები და რეალურად ნაწარმოები მიშენება ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს. განსხვავება გამოიხატა შემდეგში: დაპროექტებაზე დავალების მიხედვით სვეტები უნდა მოეწყოს აგურისაგან-არმირებით, ესკიზური პროექტის ა-2 და ა-3 ფურცლებზე მიწის დონიდან ამავალ კიბესთან მოსაწყობი სვეტი მხატვრული დამზადების მრგვალი ლითონის მილისაა, ხოლო ფაქტიურად, სვეტები შესრულებულია სილიკატური (თეთრი) აგურით, რომელიც უნდა მოპირკეთდეს, რათა არ განიცადოს გარემოს (ნესტი, სისველე) ზემოქმედება.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის № 000250 მშენებლობის სანებართვო მოწმობით, ნებართვა გაიცა ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. № 51 ა-ბ მდებარე საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტმა (კერძო საჩივრის ავტორმა) მიუთითა, რომ ნაგებობები, რომელთა დემონტაჟსაც ითხოვდა სარჩელით, იწვევენ მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებას; ზიანის ფაქტი დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2012 წლის 02 ივნისის №017524 დასკვნით.

ც. კ-ის კერძო საჩივართან დაკავშირებით პალატამ დაადგინა: სასარჩელო განცხადებით ირკვევა, რომ ც. კ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა: 1) ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. №51-ში, 732 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა. და ა. ლ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება; ამ მიწის ნაკვეთზე 1990 წლის მდგომარეობით არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და საჯარო რეესტრში მოსარჩელესთან თანასაკუთრებაში რეგისტრაცია; 2) პროექტის დარღვევით ნაწარმოები შემდეგი უკანონო ნაგებობების დემონტაჟი: ა) ა. ლ-ას სახლის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე მიშენებული სააბაზანე ოთახი და სააბაზანე ოთახის დასავლეთით მოწყობილი ლიფტის შახტა; ბ) სახლის ჩრდილოეთ ნაწილში მე-2 სართულზე მიშენებული აივანი და კიბე; გ) სახლის სამხრეთის მხარეს აშენებული კიბეები და მთელ პერიმეტრზე აგებული კაპიტალური ღობე.

. საქმის მასალებით ირკვევა, რომ №2/708-08 სამოქალაქო საქმეზე ც. კ-ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენდა იმ დროისათვის, ეზოში არსებული ნაგებობებისა და ღობის აღება, ასევე საწვიმარი მილის მოწყობა და ბუნებრივი აირის მრიცხველით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, ხოლო ა. და ა. ლ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას შეადგენდა ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის კედელზე არსებული ბუნებრივი აირის მრიცხველისა და ბუხრის საკვამლე მილის დემონტაჟი.

დადგენილია, რომ №2/708-08 სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 03 დეკემბრის განჩინებით ც. კ-ეს, ა. და ა. ლ-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რის გამოც შეწყდა საქმის წარმოება ც. კ-ეს, ა. და ა. ლ-ს შორის ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

კერძო საჩივრითა და სააპელაციო სასამართლოში ც. კ-ის წარმომადგენლის განმარტებით გაირკვა, რომ სარჩელში დაფიქსირებული, ა. ლ-ას სახლის ჩრდილოეთ ნაწილში მიშენებული კიბე აგებულია 2009 წლის 03 დეკემბრის განჩინებით, მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შემდგომ.

სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმა და არასწორად შეწყვიტა საქმის წარმოება ც. კ-ის სარჩელისა გამო, ა. და ა. ლ-ის მიმართ, ა. ლ-ას სახლის ჩრდილოეთ კედელზე კიბეების დემონტაჟის ნაწილში.

პალატის მითითებით, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო მხარეთა მორიგების დამტკიცების შემდგომ აგებული კიბით გამოწვეული ხელშეშლის აღკვეთისაკენ და არ წარმოადგენდა იმავე სასარჩელო მოთხოვნას, რაზედაც მორიგების დამტკიცების გამო, 2009 წლის 03 დეკემბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება. ამდენად, ც. კ-ის კერძო საჩივრის მოთხოვნა საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

პალატის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით ირკვეოდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია ც. კ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე სახლის სამხრეთის მხარეს აშენებული კიბეების დემონტაჟთან დაკავშირებით.

პალატა მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება ამ ნაწილში იმდენად არასრული იყო, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელი იყო, შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ც. კ-ის კერძო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა საქმის ხელახალი არსებითი განხილვისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ა. და ა. ლ-ის მიმართ, საკუთრების უფლების გაუქმების, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის და 732 კვ.მ. მიწის ფართის საჯარო რეესტრში თანასაკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე ც. კ-ის სარჩელთან დაკავშირებით პალატამ განმარტა შემდეგი:

პალატამ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით: იმავე მხარეთა შორის არსებულ ადმინისტრაციულ დავაზე, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით; სახელმწიფო მიმღები კომისიის 1995 წლის 31 ივნისის № 172/95 აქტისა და 2007 წლის 5 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში ქ. ქუთაისში, ს-ის ქ. № 51 მდებარე 841 კვმ მიწის ნაკვეთზე ა. და ა. ლ-ის საკუთრების უფლების ჩანაწერი სწორი იყო. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ა. და ა. ლ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული 841 კვმ მიწის ნაკვეთიდან 732 კვმ მიწის ნაკვეთზე ც. კ-ის თანასაკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები წარმოადგენენ მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთების და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობების მესაკუთრეებს. სადავო არ იყო ის ფაქტი, რომ ა. და ა. ლ-ას საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე მიშენებულია სააბაზანე ოთახი და სააბაზანე ოთახის დასავლეთით მოწყობილია ლიფტის შახტა; სახლის ჩრდილოეთ ნაწილში მე-2 სართულზე მიშენებულია აივანი და კიბე; სახლის სამხრეთის მხარეს აშენებულია კიბეები და მთელ პერიმეტრზე აგებულია კაპიტალური ღობე. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია მოპასუხეთა საკუთრებაში არსებობდა სარჩელში დაფიქსირებული ნაგებობები, თუმცა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ამ ნაგებობათა ექსპლოატაციის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ნაგებობები, რომელთა დემონტაჟსაც ითხოვდა სარჩელით, იწვევენ მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებას და რომ ზიანის ფაქტი დადასტურებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის 2012 წლის 02 ივნისის №017524 დასკვნით, პალატამ არ გაიზიარა და მიუთითა, რომ მართალია ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ა. ლ-ას საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის კიბის ბაქანის გვერდი მიდებულია ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის კედელზე, რაც ზიანის მომტანია იმ შემთხვევაში თუ კიბის ბაქანი ეყრდნობა ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის კედელს, მაგრამ ეს მსჯელობა წარმოადგენდა ვარაუდს და რაიმე მტკიცებულება, რაც კიბის ბაქანის დაყრდნობის ფაქტს და მისგან წარმოშობილ ზიანს დაადასტურებდა წარმოდგენილი არ ყოფილა. ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული მსჯელობა, რომ ც. კ-ის საცხოვრებელი სახლის ყრუ (ა. ლ-ას სახლის მხარე) კედლებს, შიდა მხრიდან სართულებზე აღენიშნება (სისველის კვალი) დაზიანება, არ ადასტურებდა, რომ ეს დაზიანება (სესველე) მომდინარეობდა მოსა.ე ლ-ას საკუთრებიდან.

მოსარჩელის მსჯელობა მასზე, რომ მოპასუხეთა საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე მიშენებული აივანით, ც. კ-ეს ეზღუდება გამავალი ფანჯრით ნორმალური სარგებლობის უფლება, პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

მოსარჩელეს მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეებმა თავიანთი საცხოვრებელი სახლის სამხრეთის მხარეს უკანონოდ ააშენეს კიბე და მიწის ნაკვეთის სამხრეთის საზღვრის მთელ პერიმერტზე მოახდინეს არსებული საზღვრის (ღობის) თვითნებური გადმოწევა 1,5 მეტრის სიგანეზე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ც. კ-ის სასარჩელო მოთხოვნა პროექტის დარღვევით ნაწარმოები შემდეგი უკანონო ნაგებობების: ა) ა. ლ-ას სახლის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე მიშენებული სააბაზანე ოთახისა და სააბაზანე ოთახის დასავლეთით მოწყობილი ლიფტის შახტას; ბ) სახლის ჩრდილოეთ ნაწილში მე-2 სართულზე მიშენებული აივანისა და კიბის; გ) სახლის სამხრეთის მხარეს აშენებული კიბეებისა და მთელ პერიმეტრზე აგებული კაპიტალური ღობის დემონტაჟის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ცალმხრივად გადაწყვიტა საქმე, ერთმნიშვნელოვნად დაეყრდნო სასამართლო განხილვისას მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ცრუ მოსაზრებებს და მსჯელობას, რომლებიც აბსოლუტურად ურთიერთსაწინაარმდეგო და სამართლებრივად დაუსაბუთებელია, ხოლო საერთოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ყველა არგუმენტი და მოსაზრება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ც. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ც. კ-ეს დაუბრუნდეს მ. ა-ის მიერ 2012 წლის 16 ნოემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ.ქათამაძე