№ ას-1418-1337-2012 1 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ხ. შ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ც-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირება
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა მისი საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ც-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ. შ-ასა და ე. ჩ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა ქ. თბილისში, პ. მ-ის ქ. №9-ში მდებარე ე. ჩ-ასა და ხ. შ-ას კუთვნილი უძრავი ნივთიდან 47.84 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობა სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის – 4843.75 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ე. ც-ის სარჩელი ხ. შ-ას წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. ე. ც-ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, პ.მ-ის ქ. №9-ში მდებარე ხ. შ-ას საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა №1-ში მდებარე 85.95 კვ.მ ფართიდან 47.84 სადგომის მესაკუთრედ. ე. ც-ს, ხ. შ-ას სასარგებლოდ, დაეკისრა 4843 აშშ დოლარის და 75 ცენტის გადახდა. ე. ც-ის სარჩელი ე. ჩ-ას წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა, ხ. შ-ას ე. ც-ის სასარგებლოდ დაეკისრა 248 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინებით ხ. შ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. თბილისში, პ. მ-ის ქ. №9-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ში საერთო ფართი 85.95 კვ.მ-ზე რეგისტრირებულია ხ. შ-ას, ხოლო შენობა-ნაგებობა №1-დან 3/8 ნაწილზე - ე. ჩ-ას საკუთრების უფლება (ტ. I, ს.ფ. 29,30).
საქმის მასალებით დადასტურდა და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ მოსარჩელე ე. ც-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საერთო ფართობი შეადგენს 47.84 კვ.მ-ს, რომლის საბაზრო ღირებულება 19 375 აშშ დოლარია (ტ. I, ს.ფ.14-23).
ე. ც-ის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომი შედის მოპასუხე ხ. შ-ას კუთვნილ შენობა-ნაგებობა №1-ში მდებარე 85,95 კვ.მ.-ში.
დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ ე. ც-ი საცხოვრებელ სადგომში ცხოვრობს და რეგისტრირებულია 1976 წლიდან, მოსარჩელის ქმარი ა. ც-ი, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 1975 წლის 16 დეკემბრიდან, ცხოვრობდა 1939 წლიდან, ხოლო სადგომში რეგისტრირებული იყო 1953 წლიდან (ტ.I, ს.ფ. 25, 27, 28; გადაწყვეტილება, ტ.I, ს.ფ.100; სააპელაციო საჩივარი, ტ.I, ს.ფ.116-124).
თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ც-ს და რ. პ-ს დაეკისრათ 3 წლის განმავლობაში გადაუხდელი ბინის ქირის გადახდა 180 ლარის ოდენობით, ხოლო 1997 წლის აპრილიდან - თვეში 5 ლარის ოდენობით (ტ.I, ს.ფ.50-52). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს 1997 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა და ე. ც-ს და რ. პ-ს 1997 წლის აპრილიდან დაეკისრათ თვეში 40 ლარის გადახდა (ტ.I, ს.ფ. 48,49). გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ ე. ც-ი საცხოვრებელი სადაგომის მესაკუთრეს ყოველთვიურად უხდის 40 ლარს.
დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ მოსარჩელე იხდის კომუნალურ გადასახადებს. სს ,,თ-ი’’-ს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, მისამართზე, პ. მ-ის ქ. №9 1996 წლიდან აბონე.დ რეგისტრირდება ა. ც-ი (მოსარჩელის მეუღლე) (ტ.I, ს.ფ. 65).
პალატის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ გარკვეული ქირის გადახდა თავისთავად არ შეიძლება მიუთითებდეს ქირავნობის ურთიერთობებზე. ქირავნობის ურთიერთობის განსაზღვრისათვის აუცილებელია არსებობდეს ამ ინსტიტუტისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლისთვისაც დამახასიათებელია საცხოვრებელი სადგომის გარკვეული დროით გადაცემა და ამისათვის ქირის გადახდა (რომელშიც იგულისხმება ვადიანი და უვადო ხელშეკრულებები, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიყენებოდა სსრ-ის საბინაო კოდექსის 154-ე მუხლი). სსრ-ის საბინაო კოდექსის 142-ე მუხლის მე-2 აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულებას დამქირავებელი უდებს სახლის მესაკუთრეს წერილობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მესაკუთრემ უნდა დაადასტუროს ქირავნობის ხელშეკრულების ფაქტი მხოლოდ წერილობით დადებული ხელშეკრულებით. განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც წერილობითი ქირავნობის ხელშეკრულება და არც 1997 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში არის მითითებული მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულების არსებობაზე (საცხოვრებელი სადგომის გარკვეულ ვადით, დროებით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი).
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც უთითებდა «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ» საქართველოს კანონიდან წარმოშობილ ურთიერთობაზე, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელის მეუღლე ა. ც-ი ქ. თბილისში, პ. მ-ის №9-ში ცხოვრობდა 1939 წლიდან და ამავე მისამართზე რეგისტრირებული იყო 1953 წლიდან. თავად ე. ც-ი სადავო ფართში ცხოვრობს 1976 წლიდან დღემდე, იგი იხდიდა და იხდის კომუნალურ გადასახადებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ც-ი წარმოადგენდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეს, რომელთაც საცხოვრებელ სადგომის მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით.
პალატამ მიუთითა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვით, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის გადახდაზე, მოსარგებლეს უფლება აქვს მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა. ამდენად, პალატის განმარტებით, კანონმდებელი ითვალისწინებს მოსარგებლის მესაკუთრედ ცნობას თანხის გადახდის სანაცვლოდ, თუ მესაკუთრე არ იყენებს უფლებას - თავად გადაუხადოს კომპენსაცია. მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრეს აღნიშნული უფლებით არ უსარგებლია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად დააკმაყოფილა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სარჩელი საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხ. შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა არ შეიცავდა ქირავნობის დამახასიათებელ ნიშნებს და, შესაბამისად, მათ შორის არ დადებულა ქირავნობის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ე. ც-ი წარმოადგენდა საცხოვრებელი სადგომით მოსარგებლეს. ამასთან, კასატორმა სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ხ. შ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ხ. შ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 404.61 ლარი) 70% – 283.23 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. შ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ხ. შ-ას (პირადი № ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 19 ნოემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (404.61 ლარის) 70% – 283.23 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე