№ას-1433-1352-2012 1 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. შ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, სარჩოს სხვაობის დაკისრება სს „ს. რ-აზე“ ელმავლის მემანქანის ხელფასის 80%-ის ოდენობით და 2012 წლის აპრილიდან 920 ლარი მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ზ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,ს. რ-ას” მოსარჩელე ზ. შ-ის სასარგებლოდ, გადასახდელად დაეკისრა 2009 წლის მარტიდან, 2012 წლის აპრილის თვემდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 12380 ლარის და 76 თეთრის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. მოპასუხე შპს ,,ს. რ-ას” ზ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის აპრილის თვიდან ყოველთვიურად ელმავლის მემანქანის ხელფასის 80%-ის ოდენობით 920 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. მოპასუხე შპს ,,ს. რ-ას”, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ადვოკატის ხარჯი 200 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ზ. შ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე შპს ,,ს. რ-ის” სალოკომოტივო დეპოში მემანქანედ, სადაც 1990 წლის 19 იანვარს მიიღო საწარმოო ტრამვა, რის გამოც მან დაკარგა პროფესიული შრომის უნარი სამუდამოდ 80%-ით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. გამომდინარე იქიდან, რომ მიღებული საწარმოო ტრავმის გამო შპს ,,ს. რ-ა“ 2009 წლის მარტის თვიდან ყოველთვიურად უხდიდა და დღემდე უხდის სარჩოს ზ. შ-ეს 304 ლარის და 52 თეთრის ოდენობით, ამიტომ სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მისი მსჯელობის საგანს სარჩოს დანიშვნა კი არ წარმოადგენდა, არამედ განხილვის საგანი იყო სარჩოს გადაანგარიშება, შესაბამისად, შპს ,,ს. რ-ის’’ ბრალეულობის საკითხზე სასამართლოს არ უმსჯელია..
პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 06 თებერვლის №53 ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 09 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. იგივე წესის 1.2 მუხლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, რომლის ოდენობის გაანგარიშებას, მართალია საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილება არ ითვალისწინებს თუმცა, პალატამ ყურადღება გაამახვილა თავად ზიანის ანაზღაურების მიზანზე, რომლის არსი სწორედ დაზარალებულის კომპენსირებაში მდგომარეობს, რისთვისაც მხედველობაშია მისაღები ის შემოსავალი, რომელიც დაზარალებულს გააჩნდა ზიანის დადგომამდე ორგანიზაციაში მუშაობისას და ზიანის დადგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც შრომის უნარის შეზღუდვის გამო დაზარალებული ვეღარ ახერხებს მუშაობას, რის გამოც მას უკვე არ აქვს უნარი მიიღოს შემოსავალი ხელფასის სახით, რომელსაც იგი მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნულის შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული იღებდა დაწესებულებიდან ჯანმრთელობის დაზიანებამდე შრომის უნარის დაკარგვის ხარისხთან შეფარდებით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზ. შ-ეს 2009 წლის მარტიდან 2011 წლის მარტის თვემდე (24 თვე) ყოველთვიურად უნდა მიეღო 690 ლარის 80%, რაც შეადგენდა 552 ლარს. ამასთან, აღნიშნულ თანხას უნდა გამოკლებოდა მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით უკვე მიღებული 304 ლარი და 52 თეთრი. საბოლოოდ, სხვაობა შეადგენდა 247 ლარს და 48 თეთრს. მიღებული სხვაობის 24 თვეზე გადაანგარიშებით დადგინდა, რომ მოსარჩელეს სარჩოს სახით უნდა ანაზღაურებოდა სხვაობა, რომელიც შეადგენდა 5939 ლარს და 52 თეთრს.
2011 წლის მარტიდან 2012 წლის მარტის თვემდე (13 თვე) მოსარჩელეს უნდა მიეღო 1000 ლარის 80%, რაც შეადგენდა 800 ლარს. აღნიშნულ თანხას უნდა გამოკლებოდა მოსარჩელის მიერ სარჩოს სახით უკვე მიღებული 304 ლარი და 52 თეთრი. საბოლოოდ, სხვაობა შეადგენდა 495 ლარს და 48 თეთრს. მიღებული სხვაობის 13 თვეზე გადაანგარიშებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს სარჩოს სახით უნდა ანაზღაურებოდა 6441 ლარი და 24 თეთრი.
ამდენად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ს. რ-ას“ მოსარჩელისათვის უნდა აენაზღაურებინა 12380 ლარი და 76 თეთრი (5939,52+6441,24), ხოლო 2012 წლის აპრილიდან შპს ,,ს. რ-ას“ მოსარჩელისათვის უნდა დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 920 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის დადგენილება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი არ აწესრიგებენ სარჩოს გადაანგარიშების წესს, ვინაიდან აღნიშნული წესი არეგულირებს მხოლოდ დამსაქმებლის ბრალის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების წესს და არა პროფესიული დაავადებით გამოწვეული დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას.
კასატორის აზრით, მოსარჩელის მოთხოვნა სარჩოს გადაანგარიშების თაობაზე უასფუძვლოა, ვინაიდან მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრტელობისათვის მიყენებუილი ზიანის ანაზღაურების წესის პირველი მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა შეეხება არა უკვე დანიშნული სარჩოს ანაზღაურებას, არამედ მითითებული ნორმა ვრცელდება 2007 წლის 24 მარტიდან ორგანიზაციაში დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად არასევე არასწორად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა ვრცელდება სახელშეკრულებო ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც ვერ გავრცელდება ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სპეციალური ნორმაა, რომელიც შეეხება ზიანის ანაზღაურებას სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიურ სარჩოს გადახდას, ხოლო მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმა, რის საფუძველზეც ითხოვდა დანიშნული სარჩოს გადაანგარიშებას, აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 992-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2 275.04 ლარი) 70% – 1592.53 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 5 ნოემბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2 275.04 ლარი) 70% – 1592.53 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე