№ ას-1448-1366-2012 1 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ., გ. და ბ. ღ-ეები
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ღ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ღ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: მ., გ. და ბ. ღ-ეების წინააღმდეგ და მოითხოვა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება შემდეგი დასაბუთებით:
მოსარცელის განმარტებით, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო-ში, დ. ღ-ეს საცხოვრებელი სახლის გვერდით საკუთრებაში აქვს 2008.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოჰყავდა სიმინდი, დაბინავებული ჰქონდა საქონლის საკვები და მოიხმარდა საჭიროებისამებრ. თითქმის ოთხი წელია მოპასუხეები უკანონოდ არიან შეჭრილნი მის კუთვნილ მიწაზე და სარგებლობენ ნაკვეთით, კერძოდ, გააუქმეს შესასვლელი გზა, გააშენეს სათბურები და იღებენ სარგებელს. აღნიშნული ქმედების ასაკრძალად, მან რამდენჯერმე მიმართა როგორც მოპასუხეებს, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე მოითხოვა ზემოთ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი საქმიანობის, მათ შორის დახვნა-დათესვის მოპასუხეთათვის აკრძალვა..
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, იგი დიდი ხნის მანძილზე მათი ოჯახის საკუთრებაა, იგი 1982 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე გამოეყო კომლის უფროსს ჯ. ღ-ეს.
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით .დ. ღ-ის სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა, მ. ღ-ის, ბ. ღ-ისა და გ. რ-ე-ღ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა დ. ღ-ის საკუთრებაში არსებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში საკადასტრო კოდით 29.16.32.030 რეგისტრირებული 2008 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს. ასევე მოპასუხეებს აეკრძალათ ზემოთ დასახელებულ მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი საქმიანობა, მათ შორის დახვნა-დათესვა.
რაიონული სასამართლოს დასხელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ., გ. და ბ. ღ-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ., გ. და ბ. ღ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში, 29.16.32.030 საკადასტრო
კოდით რეგისტრირებული 2008 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა დ. ღ-ე.
მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში, 29.16.32.030 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2008 კვ.მ. მიწის ნაკვეთით სარგებლობენ მოპასუხეები: მ. ღ-ე, გ. რ-ე - ღ-ე და ბ. ღ-ე. ისინი აწარმოებენ სახნავ - სათეს სამუშაოებს და გაშენებული აქვთ სათბურები. სამართლებრივი დასაბუთება სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, პალატამ სრულად განმარტებები პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებებს და აპელანტთა მოთხოვნასთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა: როგორც სასარჩელო განცხადების შინაარსით ირკვევა, დ. ღ-ე ითხოვდა მ., გ. და ბ. ღ-ეების ფაქტობრივი მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვას და ამ მიწის ნაკვეთით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას. ვინაიდან, მოსარჩელეს მოთხოვნა მიმართული იყო უშუალოდ მ., გ. და ბ. ღ-ეების მიმართ, პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში ისინი სათანადო მოპასუხეებს წარმოადგენდნენ.
პალატამ აღნიშნა, რომ მართალია სააპელაციო საჩივარში აპელანტებმა მიუთითეს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეს საკუთრების უფლება არასწორად იყო რეგისტრირებული, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის სათანადო მტკიცებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3-ე, მე-4 და 103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენიათ, რაც დაუსაბუთებელს ხდიდა მსჯელობას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა დ. ღ-ე, მოპასუხეებს ამ მიწით სარგებლობის უფლება არ გააჩნიათ და რომ მოპასუხეთა მიერ დ. ღ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების სარგებლობით დარღვეულია საკუთრების უფლება, რაც საფუძვლიანს ხდის სასარჩელო მოთხოვნას.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც დ. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ., გ. და ბ. ღ-ეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი დასაბუთებით:
კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ მიიღო მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება არასწორად ჰქონდა დარეგისტრირებული. მათი წარმოდგენა პირველი ინასტანციის სასამართლოში ვერ შეძლეს, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შიქმნა 2012 წლის 9 აგვისტოს. აღნიშნული ქმედებით კი, სააპელაციო სასმართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი.
2012 წლის 21 ნოემბერს მ., ჯ., გ. და ბ. ღ-ეებმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ მოტოვით, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით იხილება მათი სარჩელი დ. ღ-ის წინააღმდეგ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე. განმცხადებელთა განმარტებით, ადმინისტრაციული სამართლის საქმის გადაწყვეტამდე, შეუძლებელია საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო წესით საქმის განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მ., გ. და ბ. ღ-ეების, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
რაც შეეხება კასატორთა შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამსისად საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: მ., გ. და ბ. ღ-ეებს დაუბრუნდეთ მ. ღ-ის მიერ 2012 წლის 20 ნოემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. კასატორთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე