Facebook Twitter

№ას-145-138-2013 12 თებერვალი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - ნ. ბ-ა (მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა. შ-ი, ნ. დ-ე, დ. კ-ე, პ. ე-ე, ჯ. ვ-ი, თ. ვ-ი (იბა „წ.-ის გ-ი #39“-ის დამფუძნებლები) (კასატორი)

განმცხადებლის მოთხოვნა - სარჩელზე უარის თქმის შედეგად საქმის წარმოების შეწყვეტა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში იბა „წ.-ის გ-ი #39“-ის (დამფუძნებლები: ზ. ს.-ე, ა. შ-ი, ნ. დ-ე, დ. კ-ე, პ. ე-ე, თ. ვ-ი, ჯ. ვ-ი) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე ნ. ბ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე იბა „წ.-ის გ-ი 39”-ს (ს/კ 105130117) აეკრძალა უძრავი ქონების, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემებია - ქ. თბილისი, გ-ი წ.-ი, №39, ფართი (მშენებარე), სადარბაზო 4, ბინა 87, ფართი 162,90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...-ის გასხვისება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სარჩელი ამხანაგობა „წ.-ის გ-ი #39”-ის დამფუძნებელი წევრების: ა. შ-ის, ნ. დ-ის, დ. კ-ის, პ. ე-ის, თ. ვ-ის, ჯ. ვ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ნ. ბ-ას სარჩელი ზ. ს.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. ზ. ს.-ეს ნ. ბ-ას მიმართ დაეკისრა 8 500 აშშ დოლარის გადახდა. ზ. ს.-ეს ნ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 425 ლარის ოდენობით. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე იბა „წ.-ის გ-ი 39”-ს (ს/კ 105130117) აეკრძალა უძრავი ქონების, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემებია - ქ. თბილისი, გ-ი წ.-ი, #39, ფართი (მშენებარე), სადარბაზო 4, ბინა 87, ფართი 162,90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...-ის გასხვისება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ბ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. შ-ს, ნ. დ-ეს, დ. კ-ეს, პ. ე-ეს და ნ. ვ-ის წილში უფლებამონაცვლეებს ჯ. ვ-ს და თ. ვ-ს ნ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ თანხის ანაზღაურებაზე ვალდებულ ზ. ს.-ესთან ერთად სოლიდარულად 8 500 აშშ დოლარის გადახდა. ა. შ-ს, ნ. დ-ეს, დ. კ-ეს, პ. ე-ეს და ნ. ვ-ის წილში უფლებამონაცვლეებს ჯ. ვ-ს და თ. ვ-ს ნ. ბ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 570 ლარის ოდენობით. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. შ-მა, ნ. დ-ემ, დ. კ-ემ, პ. ე-ემ, ჯ. ვ-მა და თ. ვ-მა (იბა „წ.-ის გ-ი #39“-ის დამფუძნებლები) საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

აღნიშნული საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 6 თებერვალს.

2013 წლის 11 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთობლივი განცხადებით მომართეს ნ. ბ-ას, ა. შ-ის, ნ. დ-ის, დ. კ-ის, პ. ე-ის, ჯ. ვ-ისა და თ. ვ-ის წარმომადგენლებმა შ. ბ-მა და გ-ა ჩ.-ემ. მოსარჩელე მხარის - ნ. ბ-ას განმარტებით, ვინაიდან მოპასუხეებმა (კასატორებმა) მის წინაშე სრულად შეასრულეს ვალდებულება, ნ. ბ-ამ უარი თქვა სარჩელზე, მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება, რომლითაც იბა „წ.-ის გ-ი 39”-ს (ს/კ 105130117) აეკრძალა უძრავი ქონების, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემებია - ქ. თბილისი, გ-ი წ.-ი, №39, ფართი (მშენებარე), სადარბაზო 4, ბინა 87, ფართი 162,90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...-ის გასხვისება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ის საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განსახილველად გადმოეცა 2013 წლის 6 თებერვალს.

საქმეში წარმოდგენილი ნ. ბ-ას უფლებამოსილი წარმომადგენლის - შ. ბ-ის განცხადებით დასტურდება, რომ მოსარჩელე უარს აცხადებს სარჩელზე.

საქმეში წარმოდგენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესწავლით დადასტურებულია, რომ შ. ბ-ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათაგან გააჩნია ასევე სარჩელზე უარის თქმის უფლება და ნ. ბ-ას მიერ გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედება ამოწურული არ არის (იხ. მინდობილობა ტ.I, ს.ფ.22).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას იხელმძღვანელოს საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმითაც, რომელიც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის თავში მდებარეობს, თუმცა არ ეწინააღმდეგება ზემდგომი წესით საქმის განხილვისათვის დადგენილ წესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად განაცხადოს უარი თავის სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ას უფლებამოსილი წარმომადგენლის - შ. ბ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგი საქმის წარმოების შეწყვეტაა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ას უფლებამოსილი წარმომადგენლის - შ. ბ-ის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-ას წარმომადგენელ შ. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. შეწყდეს საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ნ. ბ-ას სარჩელის გამო იბა „წ.-ის გ-ი #39“-ის (დამფუძნებლები: ზ. ს.-ე, ა. შ-ი, ნ. დ-ე, დ. კ-ე, პ. ე-ე, თ. ვ-ი, ჯ. ვ-ი) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე იბა „წ.-ის გ-ი 39”-ს (ს/კ 105130117) აეკრძალა უძრავი ქონების, რომლის საიდენტიფიკაციო მონაცემებია - ქ. თბილისი, გ-ი წ.-ი, #39, ფართი (მშენებარე), სადარბაზო 4, ბინა 87, ფართი 162,90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...-ის გასხვისება. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი