Facebook Twitter

№ ას-1480-1396-2012 11 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა, უფლების რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ას წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე მ. მ-ა ცნობილ იქნას მესაკუთრედ მის მიერ დაკავებულ ქ. თბილისში, დ-ის მ-ის მე-3 კვარტლის, №27-ე კორპუსში მდებარე, ბინა №4-ის ½ ნაწილზე და დაევალოს აღნიშნული ფართის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. მ-ა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, დ-ის მ-ის მე-3 კვარტლის, №27-ე კორპუსში მდებარე, ბინა №4-ის ½ ნაწილის მერსაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ძირითადი დასაბუთება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ ფაქტობრივი გარემოება არ დასტურდებოდა.

საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თავდაპირველად, სადავო უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისში, დ-ის მ-ი, მე-3 კვარტალი, 27-ე კურპუსი, ბინა №4-ზე საკუთრების უფლება გააჩნდა გ. შ-ას, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ზ. მ-ა და შვილი - მ. მ-ა. აღნიშნული ბინის ½ ნაწილის მესაკუთრედ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ზ. მ-ა, რომელმაც თავის კუთვნილ ½ ნაწილზე 2011 წლის 06 მაისს მოსარჩელე ზ. კ-ასთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება. ამჟამად, ქ. თბილისში, დ-ის მ-ი მე-3 კვარტალი, კორპუსი 27, ბინა 4-ის ½ ნაწილზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია ზ. კ-ას საკუთრების უფლება.

2011 წლის 08 აგვისტოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ზ. კ-ას და მ. მ-ას საზიარო უფლება სადავო უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. თბილისში, დ-ის მ-ში, მე-3 კვარტალი, 27-ე კორპუსში, ბინა №4 აუქციონზე იძულებითი რეალიზაციის გზით. თუმცა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, გამომდინარე იქედან, რომ ერთ-ერთ მოზიარეს - მ. მ-ას სადავო ქონების ½ ნაწილი არ აქვს საჯარო რეესტრში აღრიცხული საკუთრების უფლებით, რაც პალატის მოსაზრებით მეტყველებდა, მისი როგორც მესაკუთრის, უფლების ბორატად გამოყენებაზე.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის მეორე ნაწილის შესაბამისად უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ას უმოქმედობით, რაც გამოიხატებოდა თავისი კუთვნილი წილის საკუთრების უფლებით აღურიცხველობაში, ილახებოდა ზ. კ-ას ინტერესები და ადგებოდა ზიანი.

გარდა ამისა, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სადავო ფართზე თავისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას აბრკოლებდა ობიექტური ფაქტორები, კერძოდ, ბინის განაწილების ორდერის არარსებობა.

პალატამ მიუთითა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტზე, რომლითაც მ. მ-ა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, დ-ის მ-ში, მე-3 კვარტლის 27-ე კორპუსში მდებარე №4 ბინის ½ წილის მესაკუთრედ და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების ეს პუნქტი ქმნიდა ობიექტურ საფუძველს იმისათვის, რომ მ. მ-ა საკუთრების უფლებთ დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში. იმ დადგენილი გარემოების გამო, რომ იგი არ იყენებდა მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას, უფრო მეტიც, ასაჩივრებდა გადაწყვეტილების ამ პუნქტს, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის პოზიცია ბინების განაწილების ორდერის არასებობის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება საკასასციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი. მან არ იმსჯელა იმ გარემოებებზე, რაც მიუთიტებდა აპელანტიოს მხრიდან უფლების ბირიტად გამოყენების დაქტის არარსებობაზე და გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტი თავის სამოქალაქო უფლებას ბოროტად იყენებდა მოწინააღმდეგე მხარისადმის ზიანის მიყენების მიზნით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. მ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. მ-ას ( პირადი№ ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 7 ნოემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (200 ლარის) და 2012 წლის 3 დეკემბერს გადახდილი (100) ლარის, სულ 300 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე