№ას-148-141-2013 18 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.გ-ა (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ხ-ა (მოსარჩელე)
მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ.ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების – 56175 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხის მხარეზე მესამე პირებად ჩაებნენ ი. და რ.გ-ი, ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ხ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ხ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ივნისის განჩინებით ლ.ხ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ.ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. ლ.ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ლ.ხ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 29300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა მესამე პირმა რ.გ-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა რ.გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთაც საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) გაასაჩივრონ საკასაციო წესით. დასახელებული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს (მოსარჩელე, მოპასუხე), აგრეთვე მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ.გ-ა წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, იგი საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს არ წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია