Facebook Twitter

№ ას-1501-1417-2012 11 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა ერთი თვის ფულადი კომპენსაციის– 1876 ლარის, 2012 წლის 11 თებერვლიდან გადახდის დღემდე დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის, ასევე ხელფასის დაქვითვის თაობაზე შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-ის“ №73 ბრძანების ბათილად ცნობა და ხელფასიდან დაქვითული თანხის 10%-ის – 150 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის, ასევე, არასამუშაო საათებში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება დღეში ორი საათით – საათში 6 ლარით შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 15 აგვისტოს ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიღებულ იქნა ფილიალის მენეჯრის თანამდებობაზე 2012 წლის 18 თებერვლამდე. აღნიშნული ხელშეკრულება შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯ-მა“ საკუთარი ინიციატივით შეწყვიტა ვადაზე ადრე, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, აუნაზღაუროს ერთი თვის ხელფასი კომპენსაციის სახით, თუმცა მიუხედავად მოთხოვნისა, მოპასუხე აყოვნებს კუთვნილი კომპენსაციის გაცემას, რის გამოც მოითხოვს მოაპსუხისათვის, მის სასარგებლოდ ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის გადახდის დაკისრებას. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე მას უკანონოდ დაექვითა ხელფასის 10%, რის გამოც ითხოვს ხელფასის დაქვითვის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და დაქვითული 150 ლარის ანაზღაურებას. მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ იგი სამუშაო საათების დასრულების შემდგომაც გვიანობამდე მუშაობდა, რის გამოც მოითხოვს ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურებასაც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ს” ა. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ არასამუშაო საათებში შესრულებული სამუშაოსათვის 402,18 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე ა. ლ-ის სხვა სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 100 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ა. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნაწილში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 15 აგვისტოს, ა. ლ-ესა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ს” შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ა. ლ-ე დასაქმდა შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” ფილიალის მენეჯერის თანამდებობაზე; სამუშაო დრო განისაზღვრა კვირაში 6 დღით, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 19 საათამდე; დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1875 ლარს; ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან, 2012 წლის 18 თებერვლამდე; ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე ორი კვირით ადრე, მხარეები თანხმდებიან ამ ხელშეკრულების შეწყვეტაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით და იმავე პირობებით; მხარეებს მიენიჭათ უფლება ვადაზე ადრე შეწყვიტონ ხელშეკრულება, რის შესახებაც 30 კალენდარული დღით ადრე უნდა შეატყობინოს მეორე მხარეს წერილობით; შრომითი ხელშეკრულების მერვე მუხლის მიხედვით, ”ჯ-ი” დასაქმებულს არ გადაუხდის შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის დადგენილ კომპენსაციას, თუ შრომითი ხელშეკრულება შეწყდა დასაქმებულის მიზეზით (ტ.1.ს.ფ.25-30).

2011 წლის 24 ნოემბერს, ა. ლ-ესა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ს” შორის 2011 წლის 15 აგვისტოს გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება კერძოდ, ოფისის სამუშაო განისაზღვრა 09.30 საათიდან - 18.30 საათამდე ან 10.00 საათიდან -19.00 საათამდე; ასევე, დასაქმებული სამსახურში უნდა გამოცხადებულიყო სამუშაო საათების დაწყებამდე 30 წუთით ადრე, ხოლო თუ საქმე/სამუშაო მოითხოვდა მეტ დროს, დასაქმებულს მოეთხოვებოდა სამსახურში დარჩენილიყო სამუშაო საათების დასრულებიდან 3 საათის ან იმ დროის განმავლობაში, რაც იმ დღის სამუშაოს შესრულებას დასჭირდებოდა; ოფისის სამუშაო დრო განისაზღვრა 6 სამუშო დღით, ორშაბათიდან- შაბათის ჩათვლით, ხოლო ხელმძღვანელის წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე დასაქმებული ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სამსახურში; დასაქმებულს მიეცა თვეში ერთი ნებისმიერი უქმე დღე დასვენებისათვის.(ტ.1.ს.ფ.20)

2011 წლის დეკემბერში ა. ლ-ეს საახალწლო ბონუსის სახით, დაერიცხა ერთი თვის ხელფასი.

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” ხელმძღვანელის 2012 წლის 13 იანვრის №72 ბრძანებით, სამსახურში დაგვიანებისათვის დადგინდა შემდეგი სახდელები: თვის განმავლობაში პირველი დაგვიანება - ჯარიმა, დარიცხული ხელფასის 10%-ის დაქვითვა; თვის განმავლობაში მეორე დაგვიანება - ჯარიმა, დარიცხული ხელფასის 10%-ის დაფქვითვა; თვის განმავლობაში მესამე დაგვიანება - თანამშრომლის გათავისუფლება.(ტ.1.ს.ფ.21)

საქმეში წარმოდგენილი, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” ხელმძღვანელის, 2012 წლის 20 იანვრის №73 ბძანებით, 2012 წლის 17 და 18 იანვარს სამსახურში დაგვიანებისათვის, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” თანამშრომლებს, ვ. ჩ-ესა და ა. ლ-ეს დასარიცხი ხელფასიდან ჩამოეჭრათ თანხა 10 % - ის ოდენობით.(ტ.1.ს.ფ.19 )

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” ხელმძღვანელის, 2012 წლის 08 თებერვლის №81 ბრძანებით შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-მა” ა. ლ-ესთან გაფორმებული შრომით ხელშეკრულება შეწყვიტა ა. ლ-ის მიერ ვალდებულებების დარღვევის საფუძვლით. (ტ.1.ს.ფ.751)

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შეთანხმება მომხდარიყო შემდეგი პირობებით: მისი მუშაობა არასამუშაო საათებში განსაზღვრულიყო დღეში ორი საათით და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” კილომეტრაჟის აღრიცხვის ჟურნალის საფუძველზე ზეგანაკვეთური სამუშაო აენაზღაურებინათ საათში 6 ლარი; აენაზღაურებინათ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე მისი ხელფასიდან 10 % - ის ოდენობით დაქვითული თანხა 150 ლარი; მომხდარიყო 2012 წლის 08 თებერვლიდან გადახდის დღემდე დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურება და გადაეხადათ ერთი თვის კომპენსაცია 1875 ლარის ოდენობით.(ტ.1.ს.ფ.31-32) მოპასუხემ განიხილა მოსარჩელის შეთავაზება და მიიჩნია, რომ მისი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და 2012 წლის 30 მარტს წერილობით განუცხადა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.(ტ.1.ს.ფ.18)

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” დირექტორს, ამავე სამსახურის თანამშრომელმა ვ. ჩ-ემ წერილობით მოახსენა, რომ 2012 წლის 03 თებერვალს ა. ლ-ის მიერ დამტკიცდა სესხი გ. ბ-ზე, რომელიც შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” შიდა ინსტრუქციის მიხედვით, წარმოადგენდა გამონაკლის შემთხვევას და საჭიროებდა ორგანიზაციის დირექტორის ნებართვას, რაც ა. ლ-ის მიერ არ განხორციელებულა.(ტ.1.ს.ფ.64-67)

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” დირექტორს, ამავე სამსახურის თანამშრომელმა ლ. ლ-ემ წერილობით მოახსენა, რომ ა. ლ-ის მიერ №77 სესხი დამტკიცებული იქნა მეცხრე სართულზე არსებულ უძრავ ქონებაზე (მესაკუთრე ბ. ბ-ე), რაც ეწინააღმდეგება ,,ჯ-ის” შინაგანაწესის მოთხოვნებს. (ტ.1.ს.ფ.126).

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” შინაგანაწესის 7.2. მუხლის თანახმად, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” დირექტორის წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია სესხის გაცემა ცხრასართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე, ე.წ. იტალიურ ეზოში მდებარე ფართზე, ფართზე, რომლის სველი წერტილები მოშორებულია საერთო ფართს ან/და იმყოფება საერთო სარგებლობაში მეზობელთან, თუ მსესხებელი არის 65 წელს მიღწეული პირი.(ტ.1.ს.ფ.110-113)

შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” კლიენტი ნ. კ-ა უკმაყოფილო დარჩა ა. ლ-ის მომსახურებით. ნ. კ-ამ განმარტა, რომ ის და ა. ლ-ე შეთანხმდნენ სესხის ყველა პირობაზე, განისაზღვრა თანხის გადაცემის დრო, სესხი კლიენტს დამტკიცებულად მიაჩნდა, ბოლო მომენტში კი ა. ლ-ემ დააყოვნა სესხის გაცემა. (ტ.1.ს.ფ.103-109, 116-117)მოპასუხე თვლის, რომ სესხის გაცემის უსაფუძვლოდ გაჭიანურებით ,,ჯ-ს” შეელახა საქმიანი რეპუტაცია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დადასტურეს მოსარჩელის მიერ სამუშაოზე დაგვიანების, თანამშრომლებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულების შექმნის (გ. ბ-ას მაგალითი) ფაქტი, ავტო სესხებისათვის კლიენტების მოზიდვის პრობლემისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. სამსახურში დაგვიანების ფაქტი დაადასტურა მოსარჩელემ, თუმცა დაგვიანების მიზეზად მიუთითა, რომ მუშაობდა გვიანობამდე და დაგვიანება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით.

პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება. შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2011 წლის 15 აგვისტოს და გრძელდებოდა 2012 წლის 8 თებერვლამდე.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა ა. ლ-ის მიერ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით, რაც გამომდინარეობს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანაწესიდან. ა. ლ-ის მიერ, შრომითი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება გამორიცხავს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-3-4-ე ნაწილით გათვალისწინებული, არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების მოსარჩელესათვის გადახდის შესაძლებლობას.

პალატამ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია სასარჩელო მოთხოვნაზე ხელფასიდან თანხის დაქვითვის ბრძანების კანონიერებისა და დაქვითული 150 ლარის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლით, დამსაქმებელს უფლება აქვს დასაქმებულის შრომითი ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე მისთვის აქვს გადასახდელი. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა მოსარჩელის მიერ სამუშაოზე დაგვიანების ფაქტი, რაც საკმარისია ა. ლ-ის ხელფასიდან 10%-ის დაქვითვის თაობაზე, 2012 წლის 20 იანვრის №73 ბრძანების კანონიერად მიჩნევისათვის.

იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა ა. ლ-ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევისა და სამუშაოზე დაგვიანების ფაქტს და გააბათილებდა ამ გარემოებათა დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, ასევე საქმეში განთავსებულ წერილობით მტკიცებულებებს (შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” კლიენტი ნ. კ-ას საკრედიტო ისტორია და წერილი, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ჯ-ის” დირექტორისადმი ამავე სამსახურის თანამშრომლების, ლ. ლ-ისა და ვ. ჩ-ის წერილები) პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მსჯელობა გადაწყვეტილების უსწორობის თაობაზე დაუსაბუთებელი იყო და გაზიარებული ვერ იქნებოდა.

პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან შრომითი ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულება დასტურდებოდა საახალწლოდ მოპასუხე საწარმოსაგან ბონუსის სახით სახელფასო დანამატის დარიცხვით, ასევე გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით, რომლითაც გადაწყდა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის თანხის დაკისრება. პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა და არც მოსარჩელეს გაუხდია სადავო ის ფაქტი, რომ საახალწლო დანამატი დაერიცხა ყველა თანამშრომელს, შესაბამისად, აღნიშნული მოქმედება ვერ ჩაითვლებოდა ცალკეული ინდივიდისათვის განხორციელებულ მოქმედებად. გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით ა. ლ-ეს აუნაზღაურდა ზეგანაკვეთურ საათებში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს საფასური და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებული არ ყოფილა მითითებულ პერიოდში ა. ლ-ის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ არასწორი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, სადაც დაფიქსირდა, რომ მოსარჩელეს სადავო არ გაუხდია სამუშაოდან მისი გათავისუფლების ბრძანების საფუძველი. პალატის განმარტებით, მართალია სარჩელით მოთხოვნილი არ ყოფილა აღნიშნული ბრძანების ბათილად ცნობა, მაგრამ სარჩელის შინაარსი ადასტურებდა, რომ სადავო იყო დათხოვნის საფუძველი (ა. ლ-ის მიერ შრომითი ხელშკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა). მიუხედავად სასამართლოს ამგვარი მსჯელობისა, პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცავდა ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას სამუშაოდან ა. ლ-ის გათავისუფლების ბრძანების კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არსებითად სწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და აპელანტის მიერ მითითებული, ზემოაღნიშნული გარემოება ვერ გახდებოდა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

იმის გათვალისწინებით, რომ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა დაქვითული 150 ლარისა და ერთი თვის შრომის ანაზღაურების თაობაზე, აპელანტის მოთხოვნა ამ თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში, 2012 წლის 11 თებერვლიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის, ანი 1 ლარისა და 31 თეთრის დაკისრებისა და ამ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახლი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემობები არ გამომდინარეობდა საქმეში არსებული მასალებიდან, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად მიუთითა, რომ უნდა გასაჩივრებულიყო სამუშაოდან დათხოვნის ბრძანება და მიუხედავად ამისა, იმსჯელა სამუშაოდან დათხოვნის შესახებ და ამასთან დაკავშირებით დაკითხა მოწმეები იმასთან დაკავშირებით, რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებდა ა. ლ-ე დაკისრებულ სამუშაოს. სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოსდა არ გაასაჩივრა ბრძანება. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები, არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები. არასწორად განმარტა, რომ საახალწლო ბონუსი მხოლოდ საჩუქარია, მაშინ, როდესაც საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, ასეთი დანამატი ხელფასზე გაიცემა მხოლოდ მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოსთვის მუშაკს ახალისებენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, ა. ლ-ე, როგორც ინვალიდობის მქონე პირი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე