№ ას-1508-1423-2012 11 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწინააღმდეგე მხარე – დ. თ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე დ. თ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის (2008-2009 წლები) – 2000 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 31 ოქტომბრის №3-593 ბრძანებით დ. თ-ე ჩაირიცხა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების შედეგების საფუძველზე, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალობაზე. 2008 წლის 19 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დ. თ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა მხარეთა ურთიერთვალდებულებები. მოცემული ხელშეკრულების თანახმად, უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას ,,მაგისტრანტი” (დ. თ-ე) უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხურის უმაღლესი განათლებით, ხოლო ,,მაგისტრანტი” ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და შეასრულოს სხვა ვალდებულებები. მოცემული ხელშეკრულების თანახმად, ,,მაგისტრანტს’’ ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა გადაეხადა ერთი წლის სწავლის საფასური. ხოლო მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50%-ის გადახდა ხორციელდებოდა სწავლების დაწყებამდე, დარჩენილი 50%-ის გადახდა კი შესაბამისი სასწავლო წლის მეორე ნახევრის დაწყებამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. ამავე ხელშეკრულებით მხარეთა დამატებითი შეთანხმებით შესაძლებელი იყო სწავლის საფასურის გადახდის წესის შეცვლა. ამავე ხელშეკრულებით (მეხუთე მუხლი) დადგენილია ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 05 ივნისის №3-255 ბრძანებით სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა 2007-2008 სასწავლო წლისა და 2008-2009 სასწავლო წლის პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო - 2009 წლის 05 ივნისის მდგომარეობით ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტებს, მათ შორის მოპასუხე- დ. თ-ეს. დავალიანება განსაზღვრულია 2008-2009 სასწავლო წლის, სულ- 2000 ლარის ოდენობით. დ. თ-ემ უნივერსიტეტში ისწავლა, მხოლოდ, 2008-2009 სასწავლო წლის პირველ სემესტრში და სწავლის საფასური არ გადაუხდია.
პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება.
იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ აპელანტმა, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარეს მომსახურება, ნაწილობრივ გაუწია, რის გამოც დ. თ-ეს წარმოეშვა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა, სამართლებრივად, საფუძვლიანი იყო. თუმცა, ამავდროულად, პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო. პალატის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 3.3. და 3.4. პუნქტების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებული იყო ერთი წლის სწავლის საფასური გადაეხადა წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მომდევნო სასწავლო წლის საფასურის 50% უნდა გადაეხადა სწავლის დაწყებამდე, ხოლო დარჩენილი თანხა - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში. ზემოხსნებული ხელშეკრულება დაიდო 2008 წლის 19 ნოემბერს და, ამიტომ, დ. თ-ე ვალდებული იყო გადაეხადა სწავლის საფასური, არაუგვიანეს, ამ დღისა.
დ. თ-ეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა აპელანტს მოთხოვნის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი აპელანტი ვალდებული იყო აღეძრა სარჩელი, მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან, 3 წლის ვადაში, ანუ, არაუგვიანეს, 2011 წლის 19 ნოემბრისა. აპელანტმა სარჩელი აღძრა 2012 წლის 24 მაისს, ანუ გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. ამიტომ, აპელანტის მოთხოვნა ხანდაზმულია.
პალატა არ დაეთანხმა აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მან თავისი უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 2009 წლის ივნისში. პალატის აზრით, სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი, რომელსაც იშველიებს აპელანტი, გამოიყენება მაშინ, როდესაც ხელშეკრულებით ან კანონით განსაზღვრული არ არის ვალდებულების შესრულების დრო და იგი დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, მოთხოვნაზე და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადახდის თარიღი დადგენილი იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით. ამიტომ, მოთხოვნის წარმოშობა კრედიტორის მოქმედებაზე დამოკიდებული არ ყოფილა. ამ გარემოებას არ ცვლის ის, რომ აპელანტის განმარტებით, მან მოწინააღმდეგე მხარეს ვალდებულების შესასრულებლად განუსაზღვრა დამატებითი ვადა. პირიქით, მოვალეს ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა ეძლევა მაშინ, როცა იგი ვალდებულებას არ ასრულებს განსაზღვრულ ვადაში. ეს კი თავისთავად ნიშნავს, რომ კრედიტორის უფლება ირღვევა სწორედ განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების მომენტიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრა სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, ამასთან სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთბის მოსაწრესრიგებლად არასწორად გამოიყენა ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407.1-ე, 411-ე, 414-ე და 131-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150ლარი) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 24 ოქტომბერს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე