Facebook Twitter

№ას-1510-1425-2012 18 თებერვალი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ი“ (მოპასუხე)

წარმომადგენელი - ნ. ლ-ა

მოწინააღმდეგე მხარე - კ. ბ-ე (მოსარჩელე)

მესამე პირი - მიკროსაფინანსო კომპანია შპს „ს. კ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ბ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შპს „ა. ჯ-ის“ წინაააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზიანის საკომპენსაციოდ 11490 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების საფასურის - 1500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება. მოსარჩელემ საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე შპს „ს. კ-ის“ ჩაბმის თაობაზე იშუამდგომლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 8 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს. კ-სა“ და კ. ბ-ეს შორის დაიდო №30-0112 გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის უფლებით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა „დოდჯ ნიტრო“ სახელმწიფო ნომრით .... აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, დაგირავებული ნივთი დააზღვია კომპანია „ა. ჯ-მა“. დაზღვეული ავტომანქანა 2011 წლის 11 დეკემბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით, მანქანა შეამოწმა მზღვეველის მიერ მითითებულმა პირმა - ინდმეწარმე გ. ქ-ემ, რაზეც შედგა №126 დეფექტური აქტი და ზარალის ოდენობად განისაზღვრა 11 490 ლარი. 2011 წლის 22 დეკემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს. კ-მა“ წერილობით მიმართა მოპასუხეს სადაზღვევო პოლისის საფუძველზე არსებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა, 2012 წლის 10 თებერვლის წერილის შესაბამისად, მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე. არგუმენტად მიუთითა, რომ შემთხვევა გამოწვეული იყო მძღოლის ბრალითა და ავტომაქანის გაუმართაობით. მოსარჩელის განმარტებით, მას მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი ვინაიდან ასანაზღაურებელი თანხა იკავებდა გირავნობის საგნის ადგილს და, მხარეთა შორის არსებული შეთნხმებით, აღნიშნული თანხით სრულად დაიფარებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს. კ-ის“ მიერ გაცემული კ-ი. მოსარჩელე მხარისათვის 2012 წლის 8 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს ,,ს. კ-ის“ მოთხოვნაა არსებული დავალიანების - 6 664.75 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 995.89 აშშ დოლარი, პროცენტი - 610.86 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 58.00 აშშ დოლარი, შესაბამისად, სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიღებული ზიანი გამოიხატა დარიცხული პროცენტის - 610.86 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 58 აშშ დოლარის დაკისრებაში. ზიანი მიღებულია უშუალოდ მოპასუხე მხარის ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით კ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით კ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, „ა. ჯ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11 490 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების საფასურის - 459,6 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2011 წლის 8 ნოემბერს ერთის მხრივ, შპს ,,ს. კ-სა“ და მეორეს მხრივ, კ. ბ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის უფლებით დაიტვირთა კ. ბ-ის კუთვნილი ავტომანქანა „დოდჯ ნიტრო“, საიდენტიფიკაციო №..., სახელმწიფო ნომრით .... ამავე თარიღით კ. ბ-ესა და სადაზღვევო კომპანია ,,ა. ჯ-ს" შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. 2011 წლის 8 ნოემბერს სადაზღვევო კომპანიამ გასცა ავტომანქანის დაზღვევის პოლისი - „კასკო სტანდარტი“;

2. საავტომობილო დაზღვევის პირობების მესამე მუხლით განისაზღვრა ის სადაზღვევო რისკები (სტანდარტული გამონაკლისები), რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მზღვეველი თავისუფლდებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა, ,,თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგებოდა მძღოლის ბრალით (თუ დამზღვევის მიერ შეძენილი იყო სადაზღვევო პაკეტი ,,სტანდარტი“), კერძოდ, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა (3.2.9. ,,დ“ პუნქტი) ან/და მკვეთრი დამუხრუჭება (გარდა ავარიის თავიდან აცილების მიზნით) თუ შეჯახება მოხდებოდა დაზღვეული ა/მანქანით“ (3.2.9. ,,ე“ პუნქტი);

3. სადაზღვევო შემთხვევის დროს, კერძოდ, 2011 წლის 11 დეკემბერს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა კ. ბ-ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №ბდ ... ოქმი. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ,,ავტომანქანა მოძრაობდა წყნეთში რ-ის ქუჩაზე ბაგების მიმართულებით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რაც გამოიხატა მანევრირების წესების დარღვევაში და შეჯახება მოახდინა ხეზე";

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი სამართალდარღვევის №ბდ ... ოქმით ავტოსატრანსპორტო შემთხვევა დადგა მძღოლის - კ. ბ-ის ბრალეული ქმედებით. თუმცა, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას, რაც უნდა დადგინდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის, მძღოლის კონკრეტული მოქმედების შესწავლით და ამგვარი მოქმედების შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. შსს საპატრულო პოლიციისათვის მიცემული კ. ბ-ის ახსნა-განმარტების მიხედვით, ,,საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე კ. ბ-ე მოძრაობდა წყნეთში რ-ის ქუჩაზე. საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავმა ა/მანქანამ, რომელსაც ანთებული ჰქონდა შორი მაშუქები, მოჭრა თვალი, მანქანის უსაფრთხო გაჩერების მიზნით მოსარჩელემ დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ შეძლო ავტომანქანის უსაფრთხო გაჩერება, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს, რა დროსაც შეეჯახა ხეს“ (ტ.1. ს.ფ. 60, 62). მძღოლის მიერ დაშვებული სიჩქარის გადაჭარბების ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საჯარიმო ოქმით არ დგინდება, არამედ ირკვევა, რომ ,,ავტომანქანა მოძრაობდა წყნეთში რ-ის ქუჩაზე ბაგების მიმართულებით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რაც გამოიხატა მანევრირების წესების დარღვევაში და შეჯახება მოახდინა ხეზე“. კ. ბ-ის ქმედება არ უნდა შეფასდეს, როგორც მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა, არამედ, პალატის აზრით, მისი ქმედება გამოხატა მარტივ გაუფრთხილებლობაში, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს იმ სადაზღვევო რისკების (სტანდარტულ გამონაკლისების) არსებობას, რომლის დროსაც, მზღვეველი თავისუფლდება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა კ. ბ-ის ახსნა-განმარტება, მაგრამ მის მიერ მითითებული გარემოებების არსებობა არ დასტურდება საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის აქტითა და ნახაზით. გზაზე ყინულის არსებობა არ დასტურდება აღნიშნული დოკუმენტებით, გარდა ამისა, სქემა-ნახაზზე არ არის აღნიშნული მუხრუჭების კვალი. მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია სამართალდარღვევის აქტი. სასამართლომ ისეთი გარემოებები მიიჩნია ნამდვილად, რაც გამორიცხა საპატრულო პოლიციის ინსპექტორმა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვტილების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ შპს „ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2011 წლის 8 ნოემბერს ერთი მხრივ, შპს ,,ს. კ-სა“ და მეორე მხრივ, კ. ბ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება. გირავნობის უფლებით დაიტვირთა კ. ბ-ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება „დოდჯ ნიტრო“, საიდენტიფიკაციო №..., სახელმწიფო ნომრით .... ამავე თარიღით კ. ბ-ესა და სადაზღვევო კომპანია ,,ა. ჯ-ს" შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. 2011 წლის 8 ნოემბერს სადაზღვევო კომპანიამ გასცა ავტომანქანის დაზღვევის პოლისი - „კასკო სტანდარტი“;

2. საავტომობილო დაზღვევის პირობების მესამე მუხლით განისაზღვრა ის სადაზღვევო რისკები (სტანდარტული გამონაკლისები), რომელთა არსებობის შემთხვევაშიც მზღვეველი თავისუფლდებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას წარმოადგენდა ,,თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგებოდა მძღოლის ბრალით (თუ დამზღვევის მიერ შეძენილი იყო სადაზღვევო პაკეტი ,,სტანდარტი“), კერძოდ, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა (3.2.9. ,,დ“ პუნქტი) ან/და მკვეთრი დამუხრუჭება (გარდა ავარიის თავიდან აცილების მიზნით) თუ შეჯახება მოხდებოდა დაზღვეული ავტომანქანით“ (3.2.9. ,,ე“ პუნქტი);

3. სადაზღვევო შემთხვევის დროს, კერძოდ, 2011 წლის 11 დეკემბერს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა კ. ბ-ის კუთვნილი ავტომანქანა. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №ბდ .... სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ,,ავტომანქანა მოძრაობდა წყნეთში, რ-ის ქუჩაზე ბაგების მიმართულებით, მძღოლმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, რაც გამოიხატა მანევრირების წესების დარღვევაში და შეჯახება მოახდინა ხეზე";

4. შეჯახება არ იყო გამოწვეული მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიზნებისათვის „დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზია“ გულისხმობს მხარის მითითებას პროცესუალურ დარღვევებზე, რამაც მტკიცებულებათა არასწორი შეფასება და ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა ისარგებლა 407-ე მუხლით გარანტირებული შედავების უფლებით და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაშვები პრეტენზია წარმოადგინა.

საკასაციო სასამართლომ, განიხილა რა შედავების სამართლებრივი საფუძვლები, მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თითოეულ კონკრეტულ საქმეზე მოსამართლემ უნდა დაადგინოს მისი არსებობა ან ხარისხი, მაგრამ ამასთან მიუთითებს, რომ ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ იმგვარი გარემოებები გაიზიარა, რომელთა ნამდვილობაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად არ მიიჩნევა და, შესაბამისად, არ ანაზღაურდება მძღოლის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შედეგად მიღებული ზიანი. უხეში გაუფრთხილებლობის ერთ-ერთ შემთხვევად, ხელშეკრულების თანახმად, მიიჩნევა მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა ავარიის თავიდან აცილებისა, თუ შეჯახება დაზღვეული ავტომანქანით მოხდა.

სადავო ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა კ. ბ-ის ახსნა-განმარტება და მიიჩნია, რომ კ. ბ-ე მოძრაობდა წყნეთში რ-ის ქუჩაზე. საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავმა ავტომანქანამ, რომელსაც ჩართული ჰქონდა შორი მაშუქები, მოჭრა თვალი, მანქანის უსაფრთხო გაჩერების მიზნით მოსარჩელემ დაამუხრუჭა, მაგრამ ვერ შესძლო ავტომანქანის უსაფრთხო გაჩერება, გადავიდა მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს, რა დროსაც შეეჯახა ხეს. აღნიშნული გარემოებები ასახულია ავარიასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოებების ნამდვილობა დადასტურებული არ არის. მართალია, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს კ. ბ-ემ ამგვარად განუმარტა ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები, მაგრამ ეს, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ განმარტება სინამდვილეს შეესაბამება და გაზიარებულ იქნა პოლიციის მიერ. აღნიშნულის საპირისპიროდ, იმავე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარში აღნიშნულია, რომ კ. ბ-ემ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია მანევრირების წესები, რის შედეგადაც შეეჯახა ხეს (ტ. 1-ლი, ს.ფ. 61). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. ბ-ის განმარტება ბრალს საერთოდ გამორიცხავდა, რომლის გაზიარების შემთხვევაში, მოსარჩელე არ დაჯარიმდებოდა. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მითითებას, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემაზე არ არის აღნიშნული მუხრუჭების გამოყენების კვალი. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამართალდარღვევის ოქმი კ. ბ-ეს არ გაუსაჩივრებია, არამედ ჯარიმა დადგენილ ვადაში გადაიხადა, რითაც იგი დაეთანხმა საკუთარი ქმედების კვალიფიკაციასა და სანქციას. სამართალდარღვევის ოქმი კი, ადგენს, რომ შეჯახება მძღოლის მიერ მანევრირების წესების დარღვევითაა გამოწვეული, რაც ადასტურებს კ. ბ-ის უხეშ გაუფრთხილებლობას; ამდენად, სადავო შემთხვევა ექცევა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისთა სიაში და ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას არ წარმოშობს. სააპელაციო სასამართლომ კი, აღნიშნული გარემოებები არასწორად შეაფასა და კ. ბ-ის ქმედება გაუფრთხილებლობად არასწორად დააკვალიფიცირა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის საფუძველზე, მისი გაუქმების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა დამატებით შეფასების აუცილებლობა და საქმის სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნების საჭიროება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა კ. ბ-ის ბრალითაა გამოწვეული, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში, კ. ბ-ემ „ა. ჯ-ს“ უნდა აუნაზღაუროს საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელწიფო ბაჟი - 613 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. კ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. კ. ბ-ეს დაეკისროს შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 613 ლარის ანაზღაურება;

საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე