№ ას-1517-1432-2012 18 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. ე-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ-ა, მ. მ-ა, რ. ქ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ე-ის სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ხნობა, პარტნიორისათვის წილის ჩამორთმევა და მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ე-მა და რ. ც-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ., ქ-ას, მ. მ-ასა და რ. ქ-ას წინაარმდეგ და მოითხოვეს ლ. ქ-ას ი. ე-ის სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 1254284 ლარის და ერთი წლის მიუღებელი შემოსავლის _ 225771,12 ლარის გადახდა, რ. ც-ის სასარგებლოდ _ ძირითადი თანხის _ 1075102 ლარის და ერთი წლის მიუღებელი შემოსავლის _ 193518,36 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხის მამასთან, რ. ქ-ასთან ერთად იყვნენ შ.პ.ს. ,,გ-ი“-ს დამფუძნებლები, წილები განაწილებული იყო შემდეგი სახით: რ. ქ-ა _ 35%, ი. ე-ი _ 35%, რ. ც-ი _ 30%. პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ გაასხვისებდნენ თითოეული მათგანის წილს რ. ქ-ას შვილის _ ლ. ქ-ას მეშვეობით, რომელიც იყო ამავე ფირმის გენერალური დირექტორი, მოსარჩელეებმა გადასცეს მინდობილობა ლ. ქ-ას, რომელმაც მოსარჩელეთა და რ. ქ-ას კუთვნილი წილები შ.პ.ს. ,,გ-ში“ მიჰყიდა თავის მეუღლეს _ მ. მ-ას, ი. ე-ის 35% წილი _ 1254284 ლარად, ხოლო რ. ც-ის წილი 30% _ 1075102 ლარად. წილის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა მოსარჩელეებს არ მიუღიათ.
მოპასუხე ლ. ქ-ამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ წილის გასხვისების შედეგად მას თანხა არ მიუღია და უსაფუძვლოა მოსარჩელეთა მოთხოვნა თანხის დაკისრების და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.
მესამე პირმა _ რ. ქ-ამ დამოუკიდებელი სარჩელით მოითხოვა ლ. ქ-ას და მ. მ-ას შორის 2010 წლის 01 მარტს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც მოჩვენებითი გარიგების, ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზე შ.პ.ს. ,,გ-ი”-ს კაპიტალის 100% საკუთრებაში გადაეცა მ. მ-ას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რ. ც-ს და ი. ე-ასათვის საზოგადოების კაპიტალის 65%-ის ჩამორთმევა და ჩამორთმეული წილი რ. ქ-ასათვის გადაცემა.
მოპასუხე მ. მ-ამ რ. ქ-ას სარჩელი ცნო.
მოპასუხეებმა _ რ. ც-მა და ი. ე-მა რ. ქ-ას სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ თავად ეთანხმებოდნენ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, სადავოდ არ ხდიდნენ თავიანთი წილის გასხვისების ნაწილში და რ. ქ-ას უფლება ჰქონდა მოეთხოვა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მხოლოდ თავისი წილის გასხვისების ნაწილში. რ. ც-ის და ი. ე-ის მითითებით უსაფუძვლოა რ. ქ-ას სასარჩელო მოთხოვნა წილის ჩამორთმევის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით 1. ი. ე-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 2. რ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 3. რ. ქ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. 4. ბათილად იქნა ცნობილი ლ. ქ-ას და მ. მ-ას შორის 2010 წლის 01 მარტს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,გ-ის” კაპიტალის 100% წილი საკუთრებაში გადაეცა მ. მ-ას, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა და შპს ,,გ-ის” კაპიტალის 35% წილი აღირიცხა რ. ქ-ას საკუთრებად, 35% - ი. ე-ის საკუთრებად, 30% - რ. ც-ის საკუთრებად. 5. რ. ქ-ას სარჩელი ი. ე-ისა და რ. ც-ის მიმართ საზოგადოების კაპიტალის 65% წილის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. 6. მ. მ-ას, ი. ე-ს და რ. ც-ს რ. ქ-ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1050 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 2000 ლარის გადახდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ე-მა და რ. ც-მა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ე-ის სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტმბერის გადაწყვეტილებით ი. ე-ისა და რ. ც-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე რ. ც-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება რ. ც-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) და რ. ც-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება. (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, ტ. II) პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში რ. ც-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი (რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. ც-ის სარჩელი) და მე-6 პუნქტი (რომლითაც გადაწყდა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი). გამომდინარე იქიდან, რომ რ. ც-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება, სააპელაციო წესით განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ მისი სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში.
ი. ე-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა 2010 წლის 01 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე. ასევე, სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას დანარჩენ ნაწილში, კერძოდ, გადაწყვეტილებას სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებს, იგი მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ი. ე-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ, 2010 წლის 01 მარტის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის ფასის დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლო იყო გამომდინარე იქედან, რომ 2010 წლის 01 მარტის წილის ნასყიდობის ხელშკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, უსაფუძვლოა ი. ე-ის მხრიდან ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების მოთხოვნა. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ აპელანტების: ი. ე-ის და რ. ც-ის მოთხოვნას, პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის რ. ქ-ას სასარჩელო მოთხოვნა მიმართული იყო მ. მ-ას და თავდაპირველი მოსარჩელეების: ი. ე-ისა და რ. ც-ის წინააღმდეგ. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნა, პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მართებულად დაეკისრა სოლიდარულად მ. მ-ას და თავდაპირველ მოსარჩელეებს: ი. ე-სა და რ. ც-ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ე-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავისი სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა მხოლოდ რ. ქ-ას წილის გასხვისების ბათილობასთან დაკავშირებით და არა კასატორის წილის გასხვისების ნაწილში, ამასთან არასწორად გაანაწილა საპროცესო ხარჯები. არასწორია სასამართლოს მოსაზრება მასზე, რომ ლ. ქ-ას ი. ე-ის წილის გასხვისებით რაიმე თანხა არ მიუღია, ვინაიდან აღნიშნული ეფუძნება მხოლოდ მოპასუხისა და მისი მეუღლის ჩვენებას, მით უფრო რომ ისინი მესამე პირის - რ. ქ-ას მშობლები არიან. სასამართლომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ბათილად ცნო ნასყიდობის ხელშეკრულება მოსარჩელის კუთვნილი წილის გასხვისების ნაწილში, ისე რომ ამ საკითხთან მიმართებასი მოსარჩელეს მოთხოვნა არ ჰქონია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ი. ე-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლ.დ დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000) ლარის 70% – 4200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ი. ე-ს დაუბრუნდეს ლ. ჭ-ას მიერ 2012 წლის 8 ნოემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000) ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე