№ ას-1520-1435-2012 18 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შვილად აყვანის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა აწ გარდაცვლილ ა. გ-სა და მ. ვ-ის მიერ ნ. გ-ის შვილების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელის განმარტებით, ნ. გ-მა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ აიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არა მშვილებელ გ-ის სახელზე, არამედ როგორც ვ-ემ. მოპასუხეს არ დაუკარგავს ბიოლოგიურ მშობლებთან და მთელ მის ოჯახთან ქონებრივ-უფლებრივი დამოკიდებულება. 1990 წლის 24 დეკემბერს ვ. ვ-ის სახელზე გაცემულ საცხოვრებელი ბინის მიღების ორდერში, ასევე ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებაში და ბინაში შესახლების ამონაწერში ოჯახის ერთ-ერთ წევრად მითითებულია ნ. ვ-ე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ქ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
ნ. გ-ი შვილად აყვანის შემდეგ, მცირეწლოვნების ასაკიდან ცხოვრობდა მშვილებლებთან ა. გ-თან და მ. ვ-ესთან ქ. თბილისში, ხოლო მ. ვ-ის გარდაცვალების შემდეგ, ა. გ-თან და ქ. გ-ესთან ერთად.
ქ. თბილისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1980 წლის N23 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ისა და ნ. ვ-ის მოთხოვნა ნ. ა.ის ასული გ-ის შვილად აყვანისა და დაბადების მოწმობაში მათი მშვილებლებად რეგისტრაციის თაობაზე.
ნ. ვ-ე დაბადებულია ქ. ბათუმში 1978 წლის ..-ს.
1980 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის ლენინის სახ. რაი, მმაჩის განყოფილების მიერ გაცემული დაბადების მოწმობის თანახმად, ნ. ა.ის-ასული გ-ი დაბადებულია ქ. თბილისში 1978 წლის ..-ს, მამად მითითებულია ა. გ-ი და დედად მ. ვ-ე.
1993 წელს საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მიერ ა. გ-ის სახელზე გაცემული ცნობის (საბინაო პირობების შემოწმების შესახებ) შესაბამისად, ქ. თბილისში, თ-ის დასახლება 11 მკ/რ, მე-2 კვ. კორპუსი 25, ბინა N26-ში ცხოვრობენ - გ-ი ა.ი, ვ-ე მ. და გ-ი ნ..
ა. გ-ი 1999 წლის 04 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ. გ-ესთან.
ა. გ-ი გარდაიცვალა 2009 წლის 07 აპრილს, მის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, თ-ის დასახლება 11 მკ/რ, მე-2 კვ. კორპუსი 25, ბინა N26.
ქ. ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 14.03.95 წელს ნ. ვ.ის-ასულ ვ-ის სახელზე შევსებულია განცხადება-ანკეტა - პირადობის მოწმობის გაცემის თაობაზე.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით დგინდება, რომ ხელმოწერები ნ. ვ-ის სახელით განლაგებული: პირადობის მოწმობის სააქტო ჩანაწერზე 14.03.95 წლის თარიღით, გრაფაში: ,,პირადი ხელმოწერა” და ,,პირადობის მოწმობა მივიღე” სავარაუდოდ შესრულებულია სხვა პირის მიერ.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ 2011 წლის 24 ოქტომბერის გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 1978 წლის ..-ს დაბადებული ნ. ვ-ე და1978 წლის ...-ს დაბადებული ნ. გ-ი არის ერთი და იგივე პიროვნება, გაუქმდა ნ. გ-ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა.
2011 წლის 26 ოქტომბრის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1995 წლის 14 მარტს შსს პირველი ქ/განყოფილების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ნ. ვ-ის სახელზე პირადობის მოწმობა N... პირადი ნომრით N... გაცემასთან დაკავშირებით მისი ძალაში შესვლის დღიდან.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2011 წლის 03 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ნ. ა-ის-ასულ გ-ს უნდა შეუსწორდეს დაბადების თარიღის არაზუსტი მონაცემები, დაბადების თარიღი: ,,1978 წლის ..-ი” და გაიცეს პირადობის მოწმობა დაბადების სააქტო ჩანაწერში მითითებული მონაცემების მიხედვით, დაბადების თარიღი: ,,1978 წლის ...-ი”.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებზე, სამოქალაქო კოდექსის 1239-ე, 1265-ე, 1272-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ი შვილად აყვანის შემდგომ ფაქტობრივად მუდმივად ცხოვრობდა მშვილებლებთან ა. გ-თან და მ. ვ-ესთან ერთად, მათ საცხოვრებელ ბინაში. იქვე აგრძელებდა ცხოვრებას მ. ვ-ის გარდაცვალების შემდგომაც ა. გ-თან და ქ. გ-ესთან ერთად და მხოლოდ დაქორწინების შემდგომ გადავიდა სხვა ბინაში საცხოვრებლად (მხარეთა ახსნა-განმარტებები; საქმეში წარმოდგენილი 1993 წელს საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მიერ ა. გ-ის სახელზე გაცემული ცნობა (საბინაო პირობების შემოწმების შესახებ), რომლის თანახმად, ირკვევა, რომ ქ. თბილისში, თ-ის დასახლება 11 მკ/რ, მე-2 კვ. კორპუსი 25, ბინა N26-ში ცხოვრობენ - გ-ი ა.ი, ვ-ე მ. და გ-ი ნ.; სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ქ. გ-ის განმარტება).
სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ ნ. გ-მა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აიღო არა გ-ის გვარით, არამედ მისი ბიოლოგიური მშობლის გვარით; აგრეთვე ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. გ-ს მისი ბიოლოგიური მშობლების თანასაკუთრებაში გააჩნია წილობრივი მონაწილეობა ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, პალატის მოსაზრებით, შვილად აყვანის ფიქციურად მიჩნევის საფუძველი ვერ გახდება. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ლენინის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1980 წლის N23 იანვრის გადაწყვეტილებას ნ. ა-ის ასული გ-ის შვილად აყვანის თაობაზე მოჰყვა ყველა ის შედეგი, რაც კანონმდებლობის შესაბამისად იყო მოსალოდნელი ამგვარი ურთიერთობიდან, კერძოდ, ნაშვილების მშობლებად მიეთითა მშვილებლები; ნაშვილები მცირეწლოვნების ასაკიდან დაქორწინებამდე ფაქტობრივად ცხოვრობდა და იზრდებოდა მშვილებლების სახლში; ამასთან მშვილებლებსა და ნაშვილებს შორის არსებობდა იმგვარი ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის, რაც პალატის მოსაზრებით, განმსაზღვრელი იყო შვილების ნამდვილობის დასადგენად.
რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას ნ. გ-ის ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობის შენარჩუნების (არსებობის) შესახებ, პალატამ მიიჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მშვილებელი (მ. ვ-ე) წარმოადგენდა ნ. გ-ის მამიდას და, შესაბამისად, მშვილებლების ოჯახს ნათესაური ურთიერთობა აკავშირებდა ნაშვილების ბიოლოგიურ მშობლებთან, ამგვარი ურთიერთობის არსებობის ფაქტობრივი გარემოება შვილად აყვანის ფიქციურობის დამადასტურებელ გარემოებად ვერ მიიჩნეოდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის 01.05.2012წ.-ის გადაწყვეტილებაზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისად: 1. შესწორდა ნაძალადევის სარ. განყოფილების მიერ ...წ.-ს რეგისტრირებულ ნ. გ-ის შვილად აყვანის ა/ჩ N..-ში, კერძოდ, შესწორდა ბავშვის შვილად აყვანამდე მონაცემები: გვარი გ-ი ვ-ით, მამის სახელი ა-ი - ვ.ით. დაბადების თარიღი ...1978წ.-ით, შვილად აყვანის შემდეგ ბავშვის მონაცემები - ნ. ა.ის ასული გ-ი დაბადების ადგილი თბილისი დარჩა უცვლელი. დაემატა მონაცემები მშობლების გრაფაში მამა - ვ-ი ს-ს ძე ვ-ე დაბ. ...1948წ.-ს, დედა - ა. გ-ის ასული ა-ი დაბ. ...1950წ.-ს. 2. შესწორება იქნა შეტანილი შესწორებული შვილად აყვანის აქტის შესაბამისად ნ. ვ-ის დაბადების ა/ჩ რეგისტრირებული ...1978წ.-ს ბათუმის სრ. განყოფილების მიერ N..-ში კერძოდ, შესწორდა ბავშვის გვარი გ-ი მამის გრაფაში ვ-ი ს-ს ძე ვ-ე შეიცვალა მონაცემებით ა-ი ი-ს ძე გ-ი; დედის გრაფაში ა. გ. ასული ა-ი შეიცვალა მონაცემებით მ. ს-ს ასული ვ-ე.
პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებას იმის თაობაზე, რომ ,,შვილების პროცედურა განხორციელდა ყალბი სააქტო ჩანაწერისა და დაბადების მოწმობის საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1272-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტთ და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ ყოფილა წარმოდგენილი აპელანტის მიერ მითითებული სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ბათუმის სამსახურის 01.05.2012წ.-ის დადგენილებით დასტურდებოდა, რომ შესწორებას დაექვემდებარა ნაძალადევის სარ. განყოფილების მიერ შვილად აყვანის აქტსა და ნ. ვ-ის დაბადების ა/ჩ რეგისტრირებულ ...1978წ.-ს ბათუმის სარ. განყოფილების მიერ N...-ში არასწორი მონაცემები, რაც შვილად აყვანის ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
სააპელაციო პალატამ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1272-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნაშვილები სრულწლოვანია, მშვილებლები გარდაცვლილები არიან, ხოლო შვილად აყვანის ბათილობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ინტერესია ნაშვილების (მოპასუხის) ამორიცხვა გარდაცვლილი ა. გ-ის (მშვილებლის) პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან, რაც არ შეესაბამება ნაშვილების ინტერესებს. ამასთან, საქმის მასალებით დადგენი-, რომ მოპასუხე არ ცნობს სარჩელს, ანუ არ ეთანხმება შვილების ბათილად ცნობას, რაც, პალატის მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის დამატებით საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) ლარის 70% – 210ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ქ. გ-ეს დაუბრუნდეს ბ. ბ-ის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300) ლარის 70% – 210ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე