Facebook Twitter

საქმე №ას-1587-1490-2012 4 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ.კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე, ჟ.ბ-ის სარჩელის გამო, მ.ი-ის, დ.კ-სა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ნ.კ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში გასაჩივრებული განჩინებების დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2012 წლის 21 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.კ-მა, წარმოადგინა 50 ლარის ჩარიცხვის ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად მიჩნევა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, ნ.კ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში გასაჩივრებული განჩინების დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარდგენა უკვე გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით.

2013 წლის 3 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ნ.კ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ და იშუამდგომლა კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 იანვრის განჩინებით ნ.კ-ის წარმომადგენელ ნ.გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა გასაჩივრებული გნჩინებების დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა, უკვე გადახდილი 50 ლარის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა უშუალოდ ნ.კ-ს 2013 წლის 22 იანვარს (ტ.II, ს.ფ.305).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს და დასრულდა ამავე წლის 25 იანვარს. ამ ვადის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.

ამასთან, ნ.კ-ს უნდა დაუბრუნდეს ა. ს-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 21 დეკემბერს №152491 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ნ.კ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ს-ის მიერ 2012 წლის 21 დეკემბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე