Nას-1602-1505-2012 19 თებერვალი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ვ-ე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ფ. ა-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფ. ა-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. ვ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ის მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფ. ა-ის წარმომადგენლის რ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის 2009 წლის 12 აპრილის კრების ოქმი N2 ნ. ვ-ისთვის ქ. ბათუმში, ს-ას ქუჩა N4-ში, 114,8 კვ.მ ფართის სხვენის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის შესახებ (დამოწმებული 2009 წლის 13 აპრილი რეესტრის N1-713).
ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ნ. ვ-ის წარმომადგენლმა ვ. მ-ემ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ნ. ვ-ის წარმომადგენლ ვ. მ-ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ნ. ვ-ემ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ფ. ა-ის წარმომადგენლის რ. შ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ნ. ვ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინება.
ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანაეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ნ. ვ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად ნ. ვ-ემ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მისი გაუქმების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კასატორებს, ხარვეზის შევსების მიზნით, დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადა მიეცათ. ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინებით ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 5 დღით გაგრძელდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 იანვრის განჩინება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2013 წლის 11 იანვარს. ს. გ-ემ შეტყობინება ჩაიბარა ასევე დედისთვის - ნ. ვ-ისთვის გადასაცემად (იხ.ტ.II, ს.ფ210).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 12 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 16 იანვარს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ვ-ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ს-ა-4“-ის თავმჯდომარე ს. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი