№ას-16-14-2013 18 თებერვალი, 2013 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს „ს.ე.ტ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი – გ.ხ-ა (დირექტორი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ს. ბ-ი“ წევრები: შპს „ს-ი,“ ვ. ბ-ა, თ. ა-ა, გ. მ-ი, ნ. მ-ი, ა. მ-ი, თ. მ-ი, ვ. ფ-ე, რ. ლ-ე, ა. ლ-ე, დ. ლ-ე, ი. თ-ა, ზ. ბ-ე, ი. ს-ა, ნ. ლ-ე, ა. ლ-ა, კ. ნ-ე, ზ. ღ-ე, ბ.შ-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უძრავი ქონების გადაცემა, გარიგებების და ამხანაგობის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ”ს.ე.ტ-ის” სარჩელი მოპასუხეების ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ”ს. ბ-ი” წევრების: შპს ”ს-ის”, ვ.ბ-ას, თ. ა-ას, გ. მ-ის, ნ. მ-ის, ა. მ-ის, თ. მ-ის, ვ. ფ-ის, რ. ლ-ის, ა. ლ-ის, დ. ლ-ის, ი. თ-ას, ზ.ბ-ის, ი. ს-ას, ნ. ლ-ის, ა. ლ-ას, კ. ნ-ის, ზ. ღ-ის და ბ. შ-ის მიმართ უძრავი ქონების გადაცემის, გარიგებებისა და ამხანაგობის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ”ს.ე.ტ-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს.ე.ტ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმის ბათილად ცნობის და 1697.5 კვ.მ.-დან 160 კვ.მ-ს საკუთრებაში გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში. ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის „ს. ბ-ი“ 19.12.2010წ. კრების ოქმი. მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას „ს. ბ-ი“ დაეკისრა შპს „ს. ე. ტ-ის“ 160 კვ.მ. ფართის საკუთრებაში გადაცემა. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით შპს ”ს.ე.ტ-მა” და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით შპს „ს.ე.ტ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2013 წლის 29 იანვარს შპს „ს.ე.ტ-ის“ დირექტორმა გ.ხ-ამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების თაობაზე.
საკასაციო პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ს.ე.ტ-ის“ დირექტორ გ.ხ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით.
2013 წლის 12 თებერვალს შპს „ს.ე.ტ-ის“ დირექტორ გ.ხ-ამ წარმოადგინა ცნობა სს „საქართველოს ბანკიდან“ მისი მულტისავალუტო ანგარიშის თაობაზე, ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მოგების გადასახადის დეკლარაცია და იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.ე.ტ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაცო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ს.ე.ტ-ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შპს „ს.ე.ტ-ის“ დირექტორ გ.ხ-ამ წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ცნობა სს „საქართველოს ბანკიდან“ მისი მულტისავალუტო ანგარიშის თაობაზე, ცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მოგების გადასახადის დეკლარაცია, იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მხარემ, რომელიც შუამდგომლობს სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირების თაობაზე, უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაამტკიცოს, რომ მას მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არა აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ ირკვევა შპს „ს.ე.ტ-ის“ მძიმე ქონებრივი მდგომარეობა.
საკასაციო პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით „ს.ე.ტ-ის“ დირექტორ გ.ხ-ას შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა.
2013 წლის 12 თებერვალს შპს „ს.ე.ტ-ის“ დირექტორმა გ.ხ-ამ კვლავ წარმოადგინა ზემომითიებული ცნობები და ამჯერად იშუამდგომლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სუბიექტს წარმოადგენს ფიზიკური პირი. ამდენად, შპს „ს.ე.ტ-ის“ მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ე.ტ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ შპს „ს.ე.ტ-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 29 იანვარს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია