Facebook Twitter

№ას-1633-1532-2012 26 თებერვალი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. წ-ე, ნ. პ-ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ჯ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნ. წ-ისა და ნ. პ-ი მიმართ მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 29 ივნისს მ. ც-ესა და ნ. წ-ეს შორის ნ. პ-ის შუამავლობით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხად მიღებული თანხა შეადგენდა 31 000 აშშ დოლარს სარგებლის გარეშე, ხოლო უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მ. ც-ის კუთვნილი ქ. ქობულეთში, თ-ის ს. №...-ში მდებარე №18 და N20 ბინები. 2010 წლის 13 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ორივე ბინა დარეგისტრირდა ც. ჯ-ის სახელზე; ამასთან, ნასესხები თანხის დროულად გასტუმრება ვერ მოხერხდა. 2011 წლის 11 მაისს ც. ჯ-ესა და ნ. პ-ს შორის სანოტარო ფორმით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე ნ. პ-მა ორივე ბინა გაასხვისა ნ. წ-ეზე 80 000 აშშ დოლარად, როცა ამ ბინის რეალური ღირებულება 150 730 აშშ დოლარი იყო. სადავო მინდობილობა გაფორმდა ნდობის ბოროტად გამოყენებითა და მოტყუებით. მოპასუხე ნ. წ-ეს 2009 წლის 29 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე და კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა მოეთხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ნასყიდობის ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, რადგანაც ნასყიდობის თანხა ც. ჯ-ეს არ გადასცემია.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ც. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ც. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:

1. 2010 წლის 1 აპრილის ხელშეკრულებით ც. ჯ-ის მეუღლემ, მ. ც-ემ ნ. წ-ისაგან ისესხა 13 000 აშშ დოლარი და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი ქ. ქობულეთში, თ-ის ს.ს №...-ში მდებარე №20 ბინა. ხელშეკრულების თანახმად, თანხა გაიცა სარგებლის გარეშე 2010 წლის 1 სექტემბრამდე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობისას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%. იმავე დღეს №100304000 ხელშეკრულებით, მ. ც-ემ ნ. წ-ისაგან ისესხა 18 000 აშშ დოლარი და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ასევე მისი კუთვნილი ქ. ქობულეთში, თ-ის ს.ს №...-ში მდებარე №18 ბინა;.

2. 2010 წლის 19 მაისს მ. ც-ემ ნ. პ-ისაგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი და აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად კვლავ იპოთეკით დაიტვირთა მ. ც-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთში, თ-ის ს. №..., ბინა №18. სესხის დაბრუნების ვადად დადგინდა 2010 წლის 19 აგვისტო. პირგასამტეხლო კი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,3%. 2010 წლის 16 ივნისს მ. ც-ემ ნ. წ-ისაგან ისესხა 5 000 აშშ დოლარი, ხოლო იმავე წლის 7 ივლისს კვლავ ისესხა 5 000 აშშ დოლარი;

3. მ. ც-ემ დაარღვია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და არ გადაიხადა სესხის თანხა ხელშეკრულებებით დადგენილ ვადაში, რის გამოც, სესხის თანხას დაერიცხა პირგასამტეხლო, ხოლო 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში იპოთეკით დატვირთული ორივე ბინა გადაუფორმდა მის მეუღლეს, ც. ჯ-ეს;

4. 2010 წლის 15 დეკემბერს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე ც. ჯ-ესა და ნ. წ-ეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 2010 წლის 1 აპრილს მ. ც-ესა და ნ. წ-ეს შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის თანხად განისაზღვრა 19 280 აშშ დოლარი, ხოლო თანხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2011 წლის 15 მარტი;

5. 2010 წლის 15 დეკემბერს ნ. წ-ესა და ც. ჯ-ეს შორის ასევე გაფორმდა მეორე ხელშეკრულება. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, №100304000 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის თანხად განისაზღვრა 35 000 აშშ დოლარი, ხოლო მისი დაბრუნების ვადად დადგინდა 2011 წლის 15 მარტი;

6. ც. ჯ-ესა და მ. ც-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებიათ;

7. 2011 წლის 11 მაისს ც. ჯ-ემ მინდობილობა გასცა ნ. პ-ის სახელზე, რომლის თანახმადაც, ნ. პ-ს მიანიჭა უფლებამოსილება, რომ მის კუთვნილ, ქ. ქობულეთში თ-ის ს.ს №...-ში მდებარე №18 და№20 ბინაზე გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, გამოსყიდვის ვადა 2011 წლის 1 სექტემბრამდე ან გაეფორმებინა ამავე უძრავ ქონებებზე უძრავი ქონების ვალის გაქვითვის სანაცვლოდ იპოთეკარისათვის გადაცემის ხელშეკრულებები. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე, 2011 წლის 13 მაისს ნ. პ-ს, როგორც ც. ჯ-ის მინდობილ პირსა და ნ. წ-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც, ნ. პ-მა ც. ჯ-ის სახელით გამოსყიდვის უფლებით საკუთრებაში გადასცა ნ. წ-ეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთი, თ-ის ს. №..., ბინა №20, საკადასტრო კოდი №.... გამოსყიდვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 1 სექტემბერი, ხოლო გამოსყიდვის თანხად განისაზღვრა 30 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, იმავე მხარეებს შორის გაფორმდა მეორე უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც, ნ. პ-მა ც. ჯ-ის სახელით გამოსყიდვის უფლებით საკუთრებაში გადასცა ნ. წ-ეს უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქობულეთში, თ-ის ს. №..., ბინა №18, საკადასტრო კოდი №.... გამოსყიდვის საბოლოო ვადად ამ შემთხვევაშიც განისაზღვრა 2011 წლის 1 სექტემბერი, ხოლო გამოსყიდვის თანხად - 50 000 აშშ დოლარი;

8. ც. ჯ-ეს 2011 წლის 1 სექტემბრამდე ქონება არ გამოუსყიდია და ამჟამად ქ. ქობულეთში, თ-ის ქუჩა №...-ში მდებარე სადავო ბინები №18 და №20 რეგისტრირებულია ნ. წ-ის საკუთრებად;

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო გარიგებების დადების დროს გამოვლენილი ნება არ შეესაბამებოდა აპელანტის ნებას, ეკისრებოდა ც. ჯ-ეს. მას თავისი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ერთადერთმა მოწმემ, რომელიც დაიკითხა აპელანტის ინიციატივით, ისაუბრა მხოლოდ სესხის აღების დეტალებზე. სადავო გარიგებებთან დაკავშირებით მას არაფერი უთქვამს. თავად სადავო მინდობილობის ტექსტიდან კი ჩანს, რომ მინდობილობა გაფორმდა გამოსყიდვის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ან ვალის სანაცვლოდ უძრავი ქონების იპოთეკარისათვის გადაცემის მიზნით. ამგვარად, როგორც მინდობილობა, ასევე მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სავსებით შეესაბამებოდა აპელანტის მიერ გამოვლენილ ნებას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 428-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას. საქმის მასალებით პალატამ დაადგინა, რომ კრედიტორმა, ნ. წ-ემ მოვალისაგან ვალის აღიარების ნაცვლად მიიღო სხვა შესრულება. ასეთი გარიგება კანონშესაბამისია და მისი ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარე მოქმედებდა თაღლითურად, მისი ქონების მითვისების მიზნით, ვინაიდან ამ მსჯელობის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა აპელანტის იმ მოსაზრებას, რომ მას ნ. წ-ის მიმართ ვალდებულების შესრულება არ ეკისრებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ც. ჯ-ემ ნ. წ-ის მიმართ ვალდებულება იკისრა 2010 წლის 15 დეკემბერის ხელშეკრულებებით, რომლებიც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, ამიტომ ეს გარიგებები ნამდვილია.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ც. ჯ-ე და მ. ც-ე მეუღლეები იყვნენ. მ. ც-ემ ც. ჯ-ეს გადასცა ნ. წ-ის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ბინები, ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნ. წ-ე უფლებამოსილი იყო დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა ამ ქონების ხარჯზე, ხოლო ც. ჯ-ეს შეეძლო, შეეთავაზებინა კრედიტორისათვის ვალის სანაცვლოდ მათი გადაცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ც. ჯ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლით: სადავო მინდობილობა გაფორმდა მოხდა ნდობის ბოროტად გამოყენებით. მოპასუხე ნ. წ-ეს 2009 წლის 29 ივნისს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე და კანონის მოთხოვნათა დაცვით უნდა მოეთხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, მანამდე კი უნდა განსაზღვრულიყო დავალიანების მოცულობა. ბინების საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება ნასყიდობის ფასს. ც. ჯ-ეს უძრავი ქონების გასხვისების სურვილი რომ ჰქონოდა, ამგვარ გარიგებას თავად დადებდა და ბინებს ნ. წ-ეს ნახევარ ფასად არ მიჰყიდდა. სააპელაციო სასამართლოს კი, ამ გარემოებებზე არ უმსჯელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, გარდა ამისა, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე