№ას-1640-1537-2012 18 თებერვალი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდო.ე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ე, ლ., ნ. და დ. დ-ეები (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ბ-ემ, ლ. დ-ემ, ნ. დ-ემ და დ. დ-ემ სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურისა და გ. დ-ის წინააღმდეგ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.
მოსარჩელეების განმარტებით, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2011 წლის 15 დეკემბერს გ. დ-ის საგადასახადო დავალიანების გამო ყადაღა დაედო მათ სახლში არსებულ შემდეგ ნივთებს: 1) ერთ ტელევიზორ „სამსუნგს“; 2) ერთ ე. წ. „კედელს“; 3) ერთ „ნაჭრის სამეულს“; 4) ერთ მუსიკალურ ცენტრ „სამსუნგს“; 5) ერთ მაცივარ „ტოშიბას“; 6) ერთ სამზარეულოს მაგიდას; 7) ერთ სკამს; 8) ერთ მტვერსასრუტ „სამსუნგს“; 9) ერთ დივიდიფლეერს „ჯი-ვი-სი“; 10) ერთ სარეცხ მანქანას. აღმასრულებელმა დააყადაღა არა გ. დ-ის ქონება, არამედ მოსარჩელეთა ქონება. მოპასუხე გ. დ-ეს რაიმე მოძრავი ქონება არ გააჩნია. აღმასრულებელმა აღწერა დ. დ-ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში არსებული მოძრავი ქონება. აღნიშნული სახლი, დ. დ-ის დავალიანების გამო, გადაცემულია ბანკის საკუთრებაში. გ. დ-ეს საცხოვრებელი სახლი არ გააჩნია და დროებით ცხოვრობს ძმის ოჯახთან ერთად. დაყადაღებული ქონება მას არ ეკუთვნის.
მოპასუხე გ. დ-ემ სარჩელი მთლიანად ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ისა და დ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ყადაღისაგან გათავისუფლდა აჭარის და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ო. ი-ის მიერ 2011 წლის 15 დეკემბრის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №086-1628/1 აქტით აღწერილი და დაყადაღებული მაცივარი „ტოშიბა“.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 ივლისის განჩინებით თ. ბ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ისა და დ. დ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის და დ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ბ-ის, ლ. დ-ის, ნ. დ-ის და დ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსნა შემდეგ ნივთებს: 1) ერთ ტელევიზორ „სამსუნგს“; 2) ერთ ე. წ. „კედელს“; 3) ერთ „ნაჭრის სამეულს“; 4) ერთ მუსიკალურ ცენტრ „სამსუნგს“; 5) ერთ მაცივარ „ტოშიბას“; 6) ერთ სამზარეულოს მაგიდას; 7) ერთ სკამს; 8) ერთ მტვერსასრუტ „სამსუნგს“; 9) ერთ დივიდიფლეერს „ჯი-ვი-სი“; 10) ერთ სარეცხ მანქანას.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 10 ნოემბრის №086-1608 ბრძანების საფუძველზე ინდ. მეწარმე გ. დ-ეს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება;
2. სააღსრულებო ფურცელში მოვალეს წარმოადგენს გ. დ-ე;
3. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერმა გადასახადის გადამხდელის ქონების დააყადაღა, რაზეც 2011 წლის 15 დეკემბერს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი;
4. შემოსავლების სამსახურის №086-1608/1 აქტით, საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო საქმეთა ოფიცერ ო. ი-ის მიერ აღიწერა და ყადაღა დაედო ხელვაჩაურში, გონიოში მდებარე შემდეგ მოძრავ ნივთებს: 1) ერთ ტელევიზორ „სამსუნგს“; 2) ერთ ე. წ. „კედელს“; 3) ერთ „ნაჭრის სამეულს“; 4) ერთ მუსიკალურ ცენტრ „სამსუნგს“; 5) ერთ მაცივარ „ტოშიბას“; 6) ერთ სამზარეულოს მაგიდას; 7) ერთ სკამს; 8) ერთ მტვერსასრუტ „სამსუნგს“; 9) ერთ დივიდიფლეერს „ჯი-ვი-სი“; 10) ერთ სარეცხ მანქანას.ა;
5. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გონიოში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი ... - მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა- ნაგებობა (სადაც 2011 წლის 15 დეკემბერს შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი), 2010 წლის 10 სექტემბრიდან აღრიცხულია სს „ვ. ჯ-ას“ საკუთრებად;
6. ინდმეწარმე გ. დ-ის იურიდიულ მისამართია ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი გონიო;
7. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილია რომ გ. დ-ე დაახლოებით 3-4 წელია რაც ოჯახით დაბრუნდა საცხოვრებლად ძმასთან დ. დ-ესთან, რადგანაც მას ქალაქში ჰქონდა ბიზნესი, მაგრამ ვალები დაედო. ძმასთან დაბრუნებისას მას მხოლოდ ტანსაცმელი და ერთი საწოლი მიიტანა, რომელიც გ. დ-ის მეუღლეს მისმა მშობლებმა აჩუქეს.
8. დ. დ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა ამჟამად ირიცხება ბანკის საკუთრებში. სწორედ დ. დ-ის საკუთრებაში არსებულ სახლში დააყადაღეს სადავო მოძრავი ნივთები;
9. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჟ. მ-მა აჩვენა, რომ „იგი აპელანტების კარის მეზობელია 40 წელია. ყველა მოძრავი ნივთი არის დ. დ-ის. მუსიკალური ცენტრი და დივიდი „ჯივისი“ ბაბუამ და ბებიამ (ნ. და ლ. დ-ეებმა) აჩუქეს შვილიშვილებს. დ. დ-ეს სახლში ჰქონდა ნაჭრის სამეული, კედელი, ტელევიზორი, სამზარეულო მაგიდა, ასევე დ-ის საკუთრებაა მტვერსასრუტი და სარეცხი მანქანა. როდის შეიძინა ეს მოძრავი ნივთები ზუსტი თარიღი არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს, რომ მივიდა და მიულოცა. ოჯახი 5-6 წელის ყიდულობს და ყიდის და ზუსტად არ მახსოვს მათი შეძენის წელი, თვე და რიცხვი. გელას უჭირდა და არაფრის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. სარეცხი მანქანა მეორადებში შეიძინეს გ. დ-ის გადმოსვლამდე, მათ თქვეს ასე და ტექნიკოსი არ ვარ რომ შემემოწმებინა. მტვერსასრუტი იყო ოჯახში და ოჯახს ეკუთვნის. გ-ს არ ჰქონდა ყიდვის საშუალება“;
10. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ. ი-ემ აჩვენა, რომ: „იგი აპელანტების კარის მეზობელია. გ. დ-ე ძმასთან გადმოსვლამდე ცხოვრობდა ქალაქში, ბიზნესი ჰქონდა წამოწყებული, მაგრამ ჩავარდა, რომ დაბრუნდა არაფერი არ მოყოლია გარდა ტანსაცმლებისა. გ. დ-ე ძმასთან რაც გადმოვიდა საცხოვრებლად 5-6 წელი იქნება. ტელევიზორი „სამსუნგი“, სამზარეულო მაგიდა და სკამი, მტვერსასრუტი „სამსუნგი“, ნაჭრის სამეული და კედელი არის დ. დ-ის საკუთრება. მუსიკალური ცენტრი და დივიდი ბაბუამ და ბებიამ უყიდეს შვილიშვილებს. მტვერსასრუტი გელას გადმოსვლამდეა შეძენილი. მაცივარი დაახლოებით 4-5 წლის წინ შეიძინეს.“
სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებების და სააპელაციო სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ დადგენილად მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №061-4883/1 აქტში შეტანილი მოძრავი ნივთები აპელანტების - დ. დ-ის და მასთან მცხოვრები ოჯახის წევრების, ნ. და ლ. დ-ეების, საკუთრებას წარმოადგენს და არა მოვალე გ. დ-ის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ამ შემთხვევაში, მესაკუთრედ ყოფნის უფლება დამყარებულია ვარაუდზე, რადგან შესაძლებელია ნივთის მფლობელი არც იყოს ნივთის მესაკუთრე. შესაბამისად, მხოლოდ ნივთის მფლობელობა არ წარმოშობს საკუთრების უფლებას ამ ნივთზე, თუ დამტკიცდება, რომ საკუთრების უფლება ნივთზე მოპოვებულია სხვა, მაგალითად, ვალდებულებითი ურთიერთობიდან გამომდინარე. მოწმეთა ჩვენებებით უდავოდ დგინდება, რომ გ. დ-ე არ ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ სახლში, სადაც განთავსებულია და დაყადაღებულია სადავო მოძრავი ნივთები და შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს ამ ნივთების მფლობელსა და მოსარგებლეს. იძულებით აღსასრულებლად წარმოდგენილ სააღსრულებო ფურცელში მოვალედ მითითებული იყო გ. დ-ე, რაც გამორიცხავდა მისთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომელიც სააღსრულებო ფურცელში არ არის მითითებული მოვალედ. შემოსავლების სამსახურს აქტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარს, სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული მაცივარი არ წარმოადგენდა თ. ბ-ის საკუთრებას, რადგანაც ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის თ. ბ-ის საკუთრება აღნიშნულ ნივთზე, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება რომ ყველა სხვა დანარჩენი ნივთები არის აპელანტების - დ., ლ. და ნ. დ-ეების საკუთრება. შემოსავლების სამსახურს კი, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: ვინაიდან ინდმეწარმე გ. დ-ეს გააჩნდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა 2011 წლის 10 ნოემბრს სრულიად კანონიერად მიიღო №086-1608 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, ხოლო სააღსრულებო ბიურომ 2011 წლის 15 დეკემბერს გადასახადის გადამხდელის ქონება დააყადაღა, რაზედაც შედგა №086-1608/1 აქტი. ყადაღის დადების შესახებ აქტს ხელს აწერენ როგორც უფლებამოსილი ოფიცრები, ასევე გადასახადის გადამხდელი გ. დ-ე, რომელსაც რაიმე შენიშვნა დაყადაღებული ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით არ ჰქონია. საქართველოს სამოქალაქო საქმეთა კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო, ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთი, რომელიც გადასახადი გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის, შესაბამისად, სადავო ნივთები მართებულად იქნა დაყადაღებული. მოსარჩელებს ამ ნივთებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინათ სასამართლოსათვის. მოწმეთა ჩვენებებით კი, ნივთზე საკუთრების უფლება ვერ დადასტურდება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არ გაიზიარა შემოსავლების სამსახურის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსჯადობის წესების დარღვევაზე. მოცემული დავა ადმინისტრაციული წესითაა განსახილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდო.ე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე