¹ ბს-561-147(კ-05) 30 სექტემბერი, 2005წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 22 დეკემბერს დუშეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. ს-ემ მოპასუხეების: ... საკრებულოს, ნ. ს-ის, მესამე პირის _ დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და 1998წ. 16 მარტს ნ. ს-ის, მესამე პირის _ დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1998წ. 16 მარტს ნ. ს-ეზე გაცემული ¹16 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტით ნ. ს-ე ცდილობდა მისი კუთვნილი ნაკვეთის მითვისებას. მან ასევე აღნიშნა, რომ ნ. ს-ის ქმედება მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე უშუალოდ ეხებოდა მის ინტერესებს, დავა მიმდინარეობდა მის გარეშე, რაც უკანონო იყო, რადგან მიწის ნაკვეთი ადრეც და სარჩელის წარდგენის მომენტისთვისაც მის მფლობელობაში იყო.
ე. ს-ის განცხადებით, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2003წ. დეკემბერში და მიმართა ... საკრებულოს მიღება-ჩაბარების აქტის კანონიერების დასადგენად. საკრებულოდან კი მიიღო პასუხი, სადაც აღნიშნული იყო, რომ დოკუმენტის სარეგისტრაციო ჟურნალი, მისი გაცემის საფუძველი, ოქმი და დადგენილება საკრებულოში არ მოიპოვებოდა, რაც, მისი აზრით, ყოვლად დაუშვებელი იყო. მოსარჩელის განცხადებით, მან ასევე მიიღო დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოდან რეგისტრაციის ჟურნალიდან ამონაწერის დამოწმებული ქსეროასლი, სადაც ¹16-ით დარეგისტრირებული იყო სხვა მოქალაქე და არა ნ. ს-ე.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ს-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ნ. ს-ის სახელზე მოპასუხე ... საკრებულოს მიერ გაცემული 1998წ. 16 მარტის ¹16 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთი არ ეკუთვნოდა ე. ს-ეს, არამედ მისი დის _ ნ. ს-ის საკუთრება იყო 1993 წლიდან. სასამართლომ, მისი აზრით, არასწორად განმარტა “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების” შესახებ კანონის მე-6 პუნქტი, რომელშიც საუბარია ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ გამოცხადებულა. სამოქალაქო კოდექსმა კი კერძო საკუთრებად გამოაცხადა 1997წ. 25 ნოემბრამდე ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწები და სადავო მიწის ნაკვეთი ამ კოდექსით ე. ს-ის სარგებლობაში არ იყო.
ამასთან, ნ. ს-ის აზრით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როცა სადავო მიწის ნაკვეთი ე. ს-ის საკუთრებად იქნა მიჩნეული.
აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ ე. ს-ე იყო არასათანადო მოსარჩელე, რადგან მას სადავო მიწის ნაკვეთზე არანაირი უფლება არ გააჩნდა.
აპელანტის განცხადებით, სადავო აქტის ბათილად ცნობის მოტივად სასამართლომ მიუთითა ის, რომ აქტი რეგისტრირებული არ იყო ჟურნალში, რაც მისთვის გაუგებარია, რადგან აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი აკმაყოფილებდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹503 დადგენილებისა და მიწის რეგისტრაციის შესახებ საქართველოს 1996წ. 14 ნოემბრის კანონის მოთხოვნებს.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 16 თებერვლის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტი არ შეესაბამებოდა “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილებას, რომლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მიწებს გასცემს სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო აღრიცხვის სახელმწიფო აქტით და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹503 დადგენილებით. ამ დადგენილების თანახმად, აქტის საფუძველს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ სოფლის საკრებულოს დადგენილება ოქმისა და თარიღის მითითებით, ხოლო სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად მითითებული დადგენილება და ¹2 ოქმი საკრებულოში არ მოიპოვებოდა და არც კომისია შექმნილა მიწის რეფორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო პალატის აზრით, ნ. ს-ის სახელზე 1998წ. 16 მარტს გაცემული ¹16 აქტი არ წარმოადგენდა სოფ. ... გამგეობის გადაწყვეტილებას მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ნ. ს-ისათვის მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ.
სასამართლო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ე.ს-ის არასათანადო მოსარჩელედ და სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე, რადგან სადავო აქტი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას და მისი ბათილად ცნობის შესახებ სარჩელთან მიმართებაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო სკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ექვსწლიანი ვადა. გარდა ამისა, პალატის აზრით, საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ სოფ. ... საკრებულოს ტერიტორიაზე, სოფ. ... ე. ს-ე ფლობდა 3000 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მათ შორის სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით განკარგულ 0,75 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელზედაც 1989წ. 13 დეკემბერს გაიცა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროექტი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტით დარღვეული იყო ე. ს-ის კანონიერი უფლებები და ინტერესები, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა სათანადო მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ე. ს-ე არ არის სათანადო მოსარჩელე მოცემულ დავაში, ვინაიდან საქმის მასალებიდან არ დგინდებოდა სადავო მიწის მისთვის კანონიერად დამაგრების ფაქტი. აღნიშულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სადავო მიწასთან მიმართებაში, რომელიც მდებარეობს დუშეთის რაიონის სოფ. ..., ე. ს-ეს კანონიერი უფლება ჰქონდა, როგორც ამ სოფლის მცხოვრებს, განეცხადებინა პრეტენზია სადავო ნაკვეთის მისთვის გადაცემის თაობაზე და შესაბამისად, უფლება აქვს, გაასაჩივროს ამ მიწის სხვისთვის გადაცემის კანონიერება. ამავე დროს საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დუშეთის რაიონის ... თემის საკრებულოს 2005წ. 16 სექტებრის ¹158 ცნობის თანახმად, ე. ს-ეს 1985 წლიდან აწერია სოფ. ... არსებული 3000 მ2 მიწის ნაკვეთი, მიწის ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერებით, რომელზეც 1989 წელს გაცემულია მშენებლობის ნებართვა (პროექტი), ხოლო ამ პროექტზე მითითებული მიმდებარე მოსაზღვრე ტერიტორიები ემთხვევა კასატორ ნ. ს-ეზე მიღება-ჩაბარების აქტით გაცემული მიწის მომიჯნავე ტერიტორიებს.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიწის მიღება-ჩაბარების სადავო აქტი კანონის შესაბამისად არის გამოცემული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ... საკრებულოს მიერ ვერ იქნა მოძიებული ამ აქტის მიღებისა და გაცემის საფუძველი. 1998წ. 16 მარტის გადაწყვეტილება _ ოქმი ¹2. საქმეში წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე არ არის მითითებული ... საკრებულოს 16 მარტის დადგენილების მიღების წელი, დადგენილების ნომერი, ხოლო საქმეში წარმოდგენილ აქტზე დადგენილების მიღების წლად მითითებულია 1998 წელი, შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ეს აქტი არ წარმოადგენს სოფ. ... გამგეობის გადაწყვეტილებას მიწის რეფორმასთან დაკავშირებით ნ. ს-ისათვის მიწის ნაკვეთის შევსების შესახებ.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ნ. ს-ის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პლატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინება;
3. ნ. ს-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის ოდენობით გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.