Facebook Twitter

№ას-1666-1563-2012 27 თებერვალი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი –რ. ს.პ.ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ლ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კომპანია „რ. ს.პ.ამ“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში „რ. ლ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების: ".. ..." (რეგ. №..., თარიღი: ...); "... ...-ი (რეგ. №..., თარიღი: ...); "... Pharmaceutical Company" (რეგ. №..., თარიღი: ...) რეგისტრაციის გაუქმება, მოპასუხისათვის სადავო სასაქონლო ნიშნებით მონიშნული საქონლის საქართველოს ბაზარზე შემოტანის, მისი იმპორტ-ექსპორტის აკრძალვა.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე „რ. ლ-ი“ იყენებს მის საფირმო ნიშანს, რომელიც დაცულია რეგისტრაციის გარეშე. მოპასუხემ სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციით დაარღვია საფირმო დასახელებაზე მოსარჩელის უფლება, ახორციელებს არაკეთილსინდისიერ კონკურენციას, ასევე დომეინ დასახელების „www.....ge-ს“ რეგისტრაციით ლახავს მის უფლებებს.

მოპასუხე „რ. ლ-მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანია „რ. ლ-ი“ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირდა 2005 წლის ..., 2008 წლის ... კი, საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირდა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენლობა. მოდავე კომპანიების საფირმო დასახელებები არ არის იდენტური: მოსარჩელე კომპანიის საფირმო დასახელებაა _ "..." , ხოლო მოპასუხე კომპანიის _ "...", შესაბამისად, არ არის იდენტური მოსარჩელის საფირმო სახელწოდება და მოპასუხის კუთვნილი, საქართველოში დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები.

მოპასუხე „რ. ლ-მა“ იმავე სასამართლოში შეგებებულ სარჩელი აღძრა და მოითხოვა „რ. ს.პ.ა.-სათვის“, კომბინირებული სასაქონლო ნიშნის "..." + სამკუთხედში ჩასმული ლათინური ასო „...”, ასევე, მისი ცალკეული ელემენტების _ სიტყვიერი აღნიშვნის "…" და სამკუთხედში ჩასმული ლათინური ასო „...-ის“, გამოყენების აკრძალვა. მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოში რეგისტრირებული აქვს სამი სასაქონლო ნიშანი. მოსარჩელე აწარმოებს და საქართველოში რეალიზაციას უკეთებს ოცდაათამდე დასახელების ფარმაცევტულ პრეპარატს, რომლებზეც დატანებულია სასაქონლო ნიშანი „...“. „კომპანია ... ს.პ.ა“ ახდენს კომბინირებული სასაქონლო ნიშნით მარკირებული ფარმაცევტული პრეპარატების იმპორტს საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც არღვევს შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე კომპანიის იმ უფლებებს, რომელიც მას „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონით აქვს მინიჭებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა „რ. ლ-ის“ სარჩელი, „რ. ს.პ.ა-ს“ მიერ შეგებებულ სარჩელზე შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, რაც „რ. ს.პ.ა-მ“ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 9 აგვისტოს საოქმო განჩინებით „რ. ს.პ.ა-ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

იმავე სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით „რ. ს.პ.ა-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ასევე არ დაკმაყოფილდა „რ. ლ-ის“ შეგებებული სარჩელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება „რ. ს.პ.ა-მ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით „რ. ს.პ.ა-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი დასაბუთება:

1. მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) კომპანია „რ.ს.პ.ა“ რეგისტრირებულია იტალიაში. კომპანია თავდაპირველად არსებობდა სახელწოდებით - „რ. რ. ლ. ს.პ.ა.“ 2004 წელს მოხდა კომპანიის შერწყმა. მან შემოიერთა „რ. სრლ“. 2004 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა სახელის ცვლილების რეგისტრაცია და კომპანიას ეწოდა „რ. ს.პ.ა“ („... S.P.A”);

2. მოსარჩელე „რ. ს.პ.ა.“ იტალიაში ბაზირებული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელსაც ფილიალები აქვს შექმნილი მსოფლიოს 18 ქვეყანაში. მოსარჩელე თავის მედიკამენტებს ყიდის მსოფლიოს 61 ქვეყანაში. კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებს გამოიყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. კომპანიის ყველაზე ცნობილ პრეპარატს წარმოადგენს გლუკოზამინის სულფატი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია სავჭრო სახელით: დ-ა, ვიართრილი, ართრილი, ქსიცილი;

3. 2003 წლის 1 იანვარს, კომპანია „რ. რ. ლ-სა“ და საქართველოში რეგისტრირებულ შპს „ა.-ფ-ას“ შორის დაიდო №17 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „ა.-ფ-ა“ ახორციელებდა საქართველოში იტალიური კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის იმპორტს. ეს ურთიერთობა გაგრძელდა 2004 წლის ..., „რ. რ. ლ-ის“ საფირმო სახელწოდების, „რ. ს.პ.ა“ შეცვლის შემდეგაც და გრძელდება დღემდე. იტალიურ ფარმაცევტულ კომპანიასთან (მოსარჩელესთან) ურთიერთობის დამყარებამდე, შპს „ა.-ფ-ამ“ ხელშეკრულება დადო შვეიცარიულ კომპანია „რ-თან“, რის საფუძველზეც შვეიცარიიდან, სახელდობრ, ლოგანოდან, ახორციელებდა იტალიური წარმოების პრეპარატის - დ-ას იმპორტს;

4. მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) კომპანია „რ. ლ-ი“ რეგისტრირებულია გაერთიანებულ სამეფოში, 2005 წლის .... მისი სრული სახელია „რ. ლ-“ (... LIMITED). მოპასუხე კომპანია ფარმაცევტული კომპანიაა. 2008 წლის ... საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირდა მოპასუხე კომპანია „რ. ლ-ის“ წარმომადგენელობა, როგორც უცხოური საწარმოს ფილიალი;

5. მოპასუხე 2008 წლიდან ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნით „...” ნიშანდებული საქონლის შემოტანას და რეალიზაციას. 2010 წლის მონაცემებით, მოპასუხის მიერ წარმოებული და საქართველოში რეალიზებული ფარმაცევტული პრეპარატების ღირებულებაა 2 931 424 აშშ დოლარი;

6. მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში - მოსარჩელე) კომპანია საქართველოში დარეგისტრირებული აქვს სამი სასაქონლო ნიშანი, სახელდრობრ:

ა) 2007 წლის 18 სექტემბერს, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტში დარეგისტრირდა მოპასუხე კომპანიის სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის ნომერი ...), ნიცის კლასიფიკაციით, საქონლის და/ან მომსახურების ... კლასებისთვის. სასაქონლო ნიშნების გამოსახულებითი ელემენტების კოდებია (ვენის კლასიფიკაციით): ...-; სიტყვიერი სასაქონლო ნიშანია- .... ვიზუალურად სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს მუქ ცისფერ სამკუთხედს, მასში ფუძის გასწვრივ, ჰორიზონტალური წარწერით - ... და სამკუთხედის შუაში განთავსებულია თეთრ წრეში მუქი ცისფერი ასონიშანი „...“;

ბ) 2009 წლის ...-ს, მოპასუხემ საქპატენტში დაარეგისტრირა სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის ნომერი ... ...), ნიცის კლასიფიკაციით საქონლის და/ან მომსახურების ... კლასისათვის. სიტყვიერი სასაქონლო ნიშნის ტრანსლიტერაციაა- ..., ..., r-i; სიტყვიერი სასაქონლო ნიშანია - ... P-M რ.ი;

გ) 2010 წლის ...-ს, მოპასუხემ საქპატენტში დაარეგისტრირა მესამე სასაქონლო ნიშანი (რეგისტრაციის ნომერი ...), ნიცის კლასიფიკაციით საქონლის და/ან მომსახურების ... და ... კლასებისათვის. სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს ლურჯ-თეთრ ფერებში შესრულებულ გამოსახულებით ნიშანს სიტყვიერი ელემენტებით: გამოსახულებითი ელემენტების კოდებია (ვენის კლასიფიკაციით)- ...- სიტყვიერი სასაქონლო ნიშანია - ... pharmaceutical company; ამ სასაქონლო ნიშნის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის მიერ საქპატენტში 2007 წლის ... დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი - მუქი ცისფერი სამკუთხედი, შუაში, თეთრ წრეში ასონიშან ...-ის გამოსახულებით და სამკუთხედში ფუძის გასწვრივ წარწერით - ... ...;

7. სადავო სასაქონლო ნიშნები (მათი შემადგენელი სიტყვიერი სასაქონლო ნიშანი) არ არის მოსარჩელე კომპანიის საფირმო სახელწოდების იდენტური: მოსარჩელე კომპანიის საფირმო სახელწოდება მოიცავს ერთმანეთის გვერდით განთავსებულ ორ ასონიშან „T-ს“: ... სადავო სასაქონლო ნიშნებში კი, იგივე სიტყვაში გამოყენებულია ერთი ასონიშანი „T“;

8. მოსარჩელე კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე არ იყენებს მოპასუხე კომპანიის კუთვნილ (სადავო) სასაქონლო ნიშნების მსგავს სასაქონლო ნიშანს (ნიშნებს);

მოსარჩელე კომპანია ... S.P.A. საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის ბიზნესსაქმიანობას (მათ შორის - ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანას და რეალიზაციას) არ ახორციელებს. მოსარჩელე კომპანია ... S.P.A. საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის ბიზნესსაქმიანობას (მათ შორის _ ფარმაცევტული პროდუქტის შემოტანას და რეალიზაციას) არ ახორციელებს; მოსარჩელე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ა.-ფ-ა“ იტალიის ტერიტორიაზე იძენს მოსარჩელისაგან, მის ფარმაცევტულ პროდუქციას (უმრავლეს შემთხვევაში, პრეპარატ დ-ას) და ახდენს მის რეალიზაციას საკუთარი სახელით, საქართველოს ტერიტორიაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, იურიდიული პირის - საწარმოს სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს საწარმოს საფირმო სახელწოდებას. ამავე კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით, საფირმო სახელწოდება (ფირმა) არის სახელი, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი. საფირმო სახელწოდების მეორე ელემენტს მეწარმეები ნებაყოფლობით ირჩევენ. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, იტალიური ფარმაცევტული კომპანიის საფირმო სახელწოდება - ... S.P.A. შედგება სავალდებულო ელემენტისგან - ორგანიზაციულ-სამართლებრივი აღნიშვნისგან (S.P.A.), ნებაყოფლობითი ელემენტისგან - PHARM, რომელიც, როგორც უმრავლეს შემთხვევაში, საქმიანობის საგნის აღნიშვნას (ფარმაცევტული) წარმოადგენს, გარდა ამისა, სხვა ფარმაცევტული კომპანიებისაგან (საწარმოებისაგან) განსასხვავებლად, მოსარჩელის საფირმო სახელწოდებაში შეტანილია დამატებითი ელემენტი სიტყვიერი აღნიშვნის - ...-ს სახით. უფლება სასაქონლო ნიშანზე წარმოიშობა მისი რეგისტრაციის ან გამოყენების საფუძველზე, საფირმო სახელწოდება კი დაცულია იურიდიული პირის რეგისტრაციის საფუძველზე, საწარმოს დაფუძნების მომენტიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის უფლება კომპანიის საფირმო სახელწოდებაზე - ... S.P.A. წარმოიშვა კომპანიის მიერ ადრინდელი საფირმო სახელწოდების ამ საფირმო სახელწოდებით შეცვლის დღიდან, 2004 წლის ...-იდან.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პარიზის კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, საფირმო სახელწოდება დაცული უნდა იქნეს კავშირის ყველა ქვეყანაში განაცხადის მიწოდების ან რეგისტრირების დავალდებულების გარეშე, მიუხედავად იმისა, შეადგენს თუ არა იგი სასაქონლო ნიშნის ნაწილს. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმა მიუთითებს სადავო სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) ან მისი ნაწილის იმ საფირმო სახელწოდებასთან იგივეობაზე, იდენტურობაზე (და არა - მსგავსებაზე), რომელზეც უფლებები წარმოშობილია ამ სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე: იმისათვის, რომ სასამართლომ ბათილად ცნოს სადავო სასაქონლო ნიშნის (ნიშნების რეგისტრაცია, უნდა იკვეთებოდეს (სხვა ჩამოთვლილ პირობებთან ერთად) ამ სასაქონლო ნიშნის ან მისი ნაწილის მოცემულ საფირმო სახელწოდებასთან იდენტურობა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დადგენილა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება „რ. ს.პ.ა-მ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა პარიზის კონვენციის მე-8 მუხლი. მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს საფირმო დასახელება არ არის მოპასუხის სახელზე უკანონოდ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების იდენტური და ამიტომ არ ირღვევა უფლება საფირმო დასახელებაზე. პარიზის კონვენციაში არ არის მითითებული, რომ საფირო სახელწოდება და სასაქონლო ნიშანი იდენტური უნდა იყოს, საკმარისი მათი იმგავრი მსგავსება, რაც აღრევას იწვევს. კონვენციაში აღნიშნულია, რომ საფირმო დასახელება არ უნდა იყოს ჩართული პარიზის კონვენციის წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანში მისი შემადგენელი ნაწილის სახით (ან შეიძლება მთლიანად ნიშნის სახით). კონვენციის წევრი ეს ქვეყანა ვალდებულია დაიცვას უფლებები საფირმო დასახელებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ „რ. ს.პ.ა-ს“ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ვინაიდან საქართველოს უზენაეს სასამართლოს დამკვიდრებული აქვს პრაქტიკა სასაქონლო ნიშნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70%, 210 ლარი, უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე, 104-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. „რ. ს.პ.ა-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს 19.12.2012 წლის N... საგადახდო დავალებით შ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70%, 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე