Facebook Twitter

საქმე №ას-1672-1568-2012 4 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ე.ა-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - მამობის დადგენა, არასრულწლოვან თ.ფ-ის სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანა: მამის გრაფაში ლ.გ-ის, ხოლო ბავშვის გვარად გ-ის მითითება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ-ის მიმართ 1996 წლის 20 ივლისს დაბადებული თ.ფ-ის მამად ლ.გ-ის ცნობის, ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და ახალ დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად მოპასუხის, ხოლო გვარად - გ-ის მითითების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1995 წელს ე.ა-ემ (ქორწინებამდელი გვარი - ფ-ე) გაიცნო მოპასუხე ლ.გ-ი. მხარეებს ჰქონდათ ინტიმური ურთიერთობა და მოპასუხე ჰპირდებოდა ცოლად მოყვანას, 1996 წლის 20 ივლისს შეეძინათ შვილი თ.ფ-ე, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა როგორც დანაპირების შესრულებაზე, ისე ბავშვისათვის გვარის მიცემაზე იმ მოტივით, რომ ჰყავდა ცოლ-შვილი. აღნიშნულმა განაპირობა ის გარემოება, რომ 1996 წელს გაცემულ დაბადების მოწმობაში ბავშვის მამის ვინაობა არ არის მითითებული, ხოლო მოგვიანებით, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე, 1192-ე, 1193-ე მუხლების საფუძველზე სააქტო ჩანაწერში ბავშვის მამის ვინაობა დედის მითითებით ჩაიწერა, ხოლო გვარად მიეთითა ფ-ე. მოპასუხეს შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

ლ.გ-სა და ე.ა-ეს ახლო ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონიათ, მხარეებს ერთად არ უცხოვრიათ და არც საერთო მეურნეობა უწარმოებიათ, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ე.ა-ის სარჩელი ლ.გ-ის მიმართ - მამობის დადგენის, არასრულწლოვანი თ.ფ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში ცვლილებების შეტანისა და მამის გრაფაში ლ.გ-ის ჩაწერის, თ.ფ-ის გვარად გ-ის მითითების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ე.ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე

მუხლის საფუძველზე საოქმო განჩინებით უარი ეთქვა აპელანტს მის მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების (ინტერნეტის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ტარდება გენეტიკური ექსპერტიზა გერმანიაში) საქმეზე დართვის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ გახდებოდა პალატის შეფასების საგანი. სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 6 ივნისის №017822-2012/12 გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ლ.გ-ი (დაბადებული 1945 წლის 5 მაისს) არ არის ე.ა-ის შვილის 1996 წლის 20 ივლისს დაბადებული თ.ფ-ის ბიოლოგიური მამა. გამომდინარე იქიდან, რომ დავა საოჯახო კატეგორიის დავათა რიგს განეკუთვნება, სამოქალაქო საქმის, სრული და ობიექტური განხილვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა ექსპერტი მის მიერ გაცემულ დასკვნაზე განმარტების მიცემისა და მისი შევსების მიზნით. ექსპერტის განმარტებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არის სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზაციების ევროპული კავშირის წევრი. 2011 წლიდან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამ ორგანიზაციის წევრია და აქ განხორციელებული ყველა პროცედურა პასუხობს და შეესაბამება ყველა საერთაშორისო მოთხოვნას. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გაწერილი აქვს პროტოკოლები რომლებიც, რა თქმა უნდა, დამტკიცებული და დაცულია და შეესაბამება „ენვსი-ს“ საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნებს, პროტოკოლის ზუსტი დაცვით ხორციელდება პროცედურები, დაწყებული ნიმუშის აღებიდან, მისი შენახვის, შემდეგ მისგან DNM-ის გამოყოფისა და ანალიზის მთელი პროცესის, ასევე შედეგების ინტერპრეტაციის ჩათვლით. რაც შეეხება გერმანიას, ის, როგორც ქვეყანა ამ კავშირის წევრი არ არის, რადგან, ეს არის სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზაციების კავშირი. აქედან გამომდინარე, თვითონ ქვეყანა იქ ვერ შევა, მხოლოდ ზოგიერთ ლაბორატორიას მიენიჭება უფლება, რომ შევიდეს ამ კავშირში. ნებისმიერ კვლევით, თუნდაც ბიოლოგიურ, სამოყვარულო, უნივერსიტეტთან არსებულ ლაბორატორიებს რა თქმა უნდა არ მიენიჭებათ უფლება „ენვსი-ს“ წევრები გახდნენ. DNM-ის ანალიზის პროცედურა სტანდარტული პროცედურაა და ყველა მისი ეტაპი არის სტანდარტული. DNM-ის ნიმუშის აღება ხდება ვუკალური ეპითელიუმიდან ანუ ლოყის ეპითელიუმის უჯრედებიდან და ეს DNM ინახება ბირთვში, რომელიც არის უჯრედის შიგნით, ეს განსხვავდება ისეთი ანალიზისაგან რომლის დროსაც რაღაც გარკვეულმა ფაქტორებმა სისხლის აღების დროს შეიძლება შეცვალონ სურათი. DNM, რომელიც ნებისმიერი უჯრედის ბირთვშია, საკმაოდ მდგრადია და ის არ იცვლება მთელი სიცოცხლის მანძილზე. DNM-ის ანალიზის აღებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ნაკრები, რომლებიც სხვადასხვა რაოდენობით გამოიყენება. ლოკუსების შემთხვევაში მამობის დასადგენად გამოიყენება 15 ლოკუს დამატებული ერთი სასქესო ლოკუსი, რაც არის საერთაშორისო სტანდარტი და რომლის ანალიზის საფუძველზეც მიეკუთვნება ბიოლოგიური შვილი რომელიმე პიროვნებას ან კატეგორიულად გამოირიცხება ეს ფაქტი. აპელანტის შეკითხვაზე, პირველად უარყოფითი პასუხის მიღებისას თუ ხდება განმეორებითი კვლევის ჩატარების შემდგომ დასკვნის მომზადება - ექსპერტმა უპასუხა, რომ ამ ექსპერტიზას ატარებს ორი ექსპერტი ერთდროულად და ჩატარებული ცდების რაოდენობა არ აისახება დასკვნაში, თუმცა დასკვნაში აისახება საბოლოო შედეგი შეჯერებული და ჩამოყალიბებული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 6 ივნისის №017822-2012/12 გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა სასამართლომ სანდო და სამართლებრივი ღირებულების მქონე დოკუმენტად მიიჩნია, შესაბამისად, დაადგინა, რომ ლ.გ-ი (1945 წლის 5 მაისს დაბადებული) არ არის ე.ა-ის შვილის 1996 წლის 20 ივლისს დაბადებული თ.ფ-ის ბიოლოგიური მამა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 6 ივნისის გენეტიკური ექსპერტიზის №017822-2012/12 დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ ლ.გ-ი არ იყო ე.ა-ის შვილის, 1996 წლის 20 ივლისს დაბადებული თ.ფ-ის ბიოლოგიური მამა. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადაოდ არ ხდიდა, რომ მას და მოპასუხეს ერთად არ უცხოვრიათ და საერთო მეურნეობა არ უწარმოებიათ ბავშვის დაბადებამდე, ბავშვი ერთად არ აღუზრდიათ და არ ურჩენიათ, მოსარჩელეს ასევე არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას და გააბათილებდა ექსპერტიზის დასკვნას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ფაქტების დამტკიცების ტვირთი კი მხარეთა ვალდებულებას წარმოადგენს, რაც მან სათანადოდ უნდა დაადასტუროს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე.ა-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლიც განსაზღვრავს სასამართლოს მიერ ყველა ფაქტობრივი გარემოების შეფასების ვალდებულებას და იმის გარკვევას, თუ რომელი ფაქტებია დადგენილი და რომელი - არა. გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაარღვია, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო კანონმდებლობა. სასამარლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის საწინააღმდეგოდ, გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში არ ასახა მსჯელობა, თუ რატომ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მამა-შვილის ბიოლოგიური კავშირის არარსებობის თაობაზე, ამასთანავე სასამართლოს ერთობლიობაში უნდა შეეფასებინა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არაა განხორციელებული, კერძოდ, სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რომელიც თავისთავად მტკიცებულებაა. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ ლ.გ-ი არ არის არასრულწლოვანი თ.ფ-ის ბიოლოგიური მამა. ამ თვალსაზრისით სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მხარის შუამდგომლობა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია გერმანიის სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების წესის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო კვლევისას არ იყო დაცული ამ მტკიცებულებაში მითითებული კვლევის ნიმუშის აღებისა და გამოკვლევის წესი და ექსპერტმაც დაადასტურა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ეს საკითხები არ მიეთითება, აღნიშნული კი წარმოადგენდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას. საყურადღებოა, რომ აპელანტის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ გენეტიკური ექსპერტიზისას ბიოლოგიური კავშირის არარსებობის დადგენისათვის განმეორებითი კვლევის ჩატარებაა სავალდებულო, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელდა და აღნიშნული ექსპერტმაც დაადასტურა, ხოლო განმეორებითი კვლევის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნულს გაიზიარებდა, რაც მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საქმე არა მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესებს, არამედ მცირეწლოვან ბავშვს შეეხება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 იანვრის განჩინებით ე.ა-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე.ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე.ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 14 იანვარს N555 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ე.ა-ეს (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 14 იანვარს N... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე