Facebook Twitter

№ას-1693-1587-2012 18 თებერვალი, 2013 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი 2000“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – იჯარით აღებული ფართის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. რ-ამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „დ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა შპს „დ-ი 2000-ის“ გამოსახლება ქ. თბილისში, თ-ის გამზირი N15-ში მდებარე სს „ს. რ-ის“ კუთვნილი 120 კვ.მ ფართიდან, ასევე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 25 594 ლარი და 90 თეთრის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, 2002 წლის 20 დეკემბერს შპს „ს. რ-ასა“ და შპს „დ-ი 2000-ს“ შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „დ-ი 2000-ს“ დროებით სარგებლობაში გადაეცა 120 კვ.მ ფართი ქ. თბილისში, თ-ის გამზირის N15-ში მდებარე შპს „ს. რ-ის“ ადმინსიტრაციულ შენობაში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 3 წლით, რომლის გასვლის შემდეგ შპს „დ-ი 2000“ აგრძელებდა ფართით სარგებლობას ქირის გადაუხდელად.

მოპასუხე შპს „დ-ი 2000-მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2004 წლის მარტიდან მან დაცალა შპს „ს. რ-ის“ ადმინისტრაციულ შენობაში დაკავებული ფართი და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე გადავიდა ვ-ის მოედან N2-ში. შპს „დ-ი 2000“ 2008 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა ვ-ის მოედან N2-ში და სრულად გადახდილი აქვს საიჯარო ქირა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2002 წლის 20 დეკემბერს შპს „ს. რ-ასა“ და შპს „დ- 2000-ს“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება N9, რომლის თანახმად, მოიჯარეს 3 წლის ვადით ქირით გადაეცა შპს „ს. რ-ის“ ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, თ-ის გამზირი N15-ში მდებარე დეპარტამენტის შენობის მე-4 სართულზე არსებული 120 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. საიჯარო ქირა შეადგენდა 1 კვ.მ-ზე 9,73 აშშ დოლარს. 2004 წლის მარტიდან შპს „დ- 2000-მა“ შპს „ს. რ-ის“ მოთხოვნის საფუძველზე დატოვა იჯარით აღებული შპს „ს. რ-ის“ ადმინისტრაციული შენობის მე-4 სართულზე დაკავებული 120 კვ.მ და გადავიდა შპს „ს. რ-ის“ კუთვნილ ქ. თბილისში, ვ-ის მოედანი N2-ში მდებარე 120 კვ.მ ფართში და რომლის ქირასაც იხდიდა სადავო პერიოდში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ ვინაიდან 2011 წლისათვის შპს ,,დ-ის 2000-ის“ იურიდიული მისამართი იყო ქ. თბილისი, თ-ის გამზირი N15, მას ამ დრომდე ჰქონდა დაკავებული მითითებულ მისამართზე მდებარე ფართი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოითხოვს ორგანიზაციის იურიდიულ მისამართზე სავალდებულოდ არსებობას (ფუნქციონირებას). ,,ფაქტობრივი მისამართი“ განსაზღვრავს ორგანიზაციის იმ მისამართს, სადაც ის ფუნქციონირებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, კი შპს „ს. რ-ის“ ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათით (ს.ფ 47), 2004 წლის 28 აპრილის N1004-006 აქტით (ს.ფ 48), საგადასახადო ანგარიშფაქტურებით (ს. ფ 49-51), დამატებითი ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციებით (ს. ფ 52-59) დასტურდება, რომ შპს „დ-ი 2000-მა“ 2004 წლის მარტში დაცალა ქ. თბილისში, თ-ის გამზირ N15-ში მდებარე შპს „ს. რ-ის“ ადმინისტრაციის კუთვნილ შენობის მე-4 სართულზე დაკავებული 120 კვ. მ ფართი და ამჟამად იგი ფუნქციონირებს მისამართზე ვ-ის მოედან N2-ში.

საიჯარო ქირასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,დ-ი 2000-ის“ საქართველოს ბანკიდან პირადი ანგარიშის ამონაწერით (ტ.1.ს.ფ. 60–98) დგინდება, რომ საზოგადოება სადავო პერიოდში შპს „ს. რ-ის“ ანგარიშზე რიცხავდა იჯარის გადასახადს. სს „ს. რ-ის“ წარმომადგენლის განმარტებით, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას შპს „დ-ი 2000-სა“ და სს „ს. რ-ას“ შორის სხვა ფართზე საიჯარო ურთიერთობის არსებობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-3, 317-3, 581-ე და 564-ე მუხლებით. საქმეში არ მოიპოვება შპს „დ- 2000-ის“ მიერ ფართის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხის იურიდიულ მისამართად ისევ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის მისამართია დაფიქსირებული. სს „ს. რ-ის“ სარჩელი საფუძვლიანია და სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1579,75 ლარის 70%, 1105,8 ლარი, უნდა დაუბრუნდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს „ს. რ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

კასატორს დაუბრუნდეს 14.01.2013 წლის N... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1579,75 ლარის 70%, 1105,8 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე