№ას-1697-1591-2012 1 თებერვალი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 20 აპრილს სს „ს. რ-ამ“ სენაკის რაიონულ სასამართლოში შპს „ე-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხისათვის 3502,51 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2007 წელს განახორციელა მოპასუხის ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა. მოპასუხემ არ გადაიხადა დანიშნულების სადგურიდან კლიენტის ჩიხში მიწოდებული ვაგონების სარკინიგზო მომსახურებისა და გადაზიდვის ღირებულება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ „ს. რ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩუვრა.
ქუთასის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. სს ”ს. რ-ა“ ახორციელებს რკინიგზის დადგენილი სადგურებიდან კლიენტის ჩიხში ვაგონების განსაკუთრებული პირობებით მიწოდება-გამოტანის სარკინიგზო მომსახურებას. აღნიშნული მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია სს „ს. რ-ის“ გენერალური დირექტორის 2007 წლის 21 აგვისტოს N568/გ ბრძანებით, რომლის თანახმად, რკინიგზის სადგურიდან კლიენტის ჩიხში ორი ვაგონის მიწოდება-გამოტანის ღირებულება დღგ-ს გარეშე 3120 ლარია;
2. 2007 წლის 23 აგვისტოს სს „ს. რ-ამ“ სარკინიგზო სადგურ სადახლოდან სარკინიგზო სადგურ სენაკში აწარმოა მოპასუხე შპს „ე-ის“ კუთვნილი ცემენტის გადაზიდვა და მისი მოპასუხისათვის მიწოდება. სადგურ სენაკიდან შპს „ა-ის“ ჩიხში ვაგონის მიწოდების განსაკუთრებული პირობებით მომსახურების საფუძვლით, სს „ს. რ-ამ“ შპს „ე-ს“ დაარიცხა დებიტორული დავალიანება 3534.08 ლარი, საიდანაც 3120.00 ლარი ჩიხში ვაგონების განსაკუთრებული პირობებით მიწოდება-გამოტანის სარკინიგზო მომსახურების ღირებულებაა, ხოლო 414.08 ლარი - გადაზიდვის ღირებულება. ამასთან, დარიცხული დავალიანებიდან 31.57 ლარი სს „ს. რ-ამ“ შპს „ე-ის“ კრედიტით გადაფარა, რის გამოც შპს „ე-ს“ საბოლოოდ დაერიცხა დებიტორული დავალიანება 3502.51 ლარი;
3. რკინიგზის სადგურ სენაკიდან კლიენტის ჩიხში ტვირთის მიწოდების მომსახურება განხორციელდა 2007 წლის 25 აგვისტოს, რომლის ღირებულების ანაზღაურება მოპასუხეს დაუყოვნებლივ ევალებოდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სს „ს. რ-ის“ სარჩელი ხანდაზმული იყო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს „ს. რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ არ გამოიყენა სს „ს. რ-ის“ სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს სამოქალაქო კოდქესის 317-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. თანხის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა გადაზიდვის ხელშეკრულებიდან, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა საგზაო უწყისის სახით. გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი. გადაზიდვის მომსახურება არის სასყიდლიანი და მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის მომსახურების საფასური. სს „ს. რ-ამ“ ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო გადაზიდვის ღირებულების გადახდა და გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს „ს. რ-ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორს დაუბრუნდეს 19.12.2012 წლის N... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე