№ას-17-15-2013 25 თებერვალი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – სს თ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – დარიცხული ელექტროენერგიის დავალიანების ჩამოწერა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 28 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს/გ „თ-ის“ შრომითი კოლექტივის წევრმა მ.დ-ემ მოპასუხე სს „თ-ის“ წინააღმდეგ. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა ს/გ „თ-ის“ შრომითი კოლექტივის გათავისუფლება სს „თ-ის“ სასარგებლოდ 83918.12 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს/გ „თ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მ.დ-ის წარმომადგენელ მ.ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მ.დ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „თ-ი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „თ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე გათავისუფლდა სს „თ-ის“ სასარგებლოდ ელექტროენერგიის მოხმარების გამო დარიცხული დავალიანების – 70155.44 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საწარმოთა გაერთიანება „თ-ი“ შრომითი კოლექტივი თბილისში, ხ-ის 27-ში მდებარე უძრავ ქონებას ფლობს 2001 წლის 31 ივლისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დადასტურდა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ „თ-ის“ ქონების, ქ.თბილისში, ხ-ის ქუჩის №27-ში მდებარე ქონების (საკადასტრო კოდი №...) გამოსყიდვის ფაქტი და დადგინდა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის წევრთა საკუთრების უფლება ს/გ „თ-ის“ ქონებაზე, რომლებიც 1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტთა მოსაზრება, რომ ქონების დაუფლება მოხდა 2008 წლის აპრილში (საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ). სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. არსებობს პრეზუმფციები, რაც „წესად არსებულის“ ვარაუდს ნიშნავს. გამონაკლისი მან უნდა ამტკიცოს, ვისი მტკიცების საგანშიც შედის აღნიშნული გარემოების დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში ქ.თბილისში, ხ-ის ქუჩის №27-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენით ს/გ „თ-ის“ შრომითმა კოლექტივმა მოიპოვა ამ ქონების ფლობისა და სარგებლობის უფლება. ის ფაქტი, რომ სადავო უძრავ ქონებას მესაკუთრე არ ფლობდა ამ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების დღიდან, 2001 წლის 31 ივლისიდან, მოსარჩელეს (მესაკუთრეს) უნდა ემტკიცებინა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს თავიანთი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საწარმოთა გაერთიანება „თ-ის“ შრომით კოლექტივს თბილისში, ხ-ის ქუჩის №27-ში მდებარე უძრავი ქონების ფლობის უფლება წარმოეშვა მხოლოდ 2001 წლის 31 ივლისიდან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2001 წლის 13 ივლისამდე აღნიშნულ მისამართზე მიწოდებული და მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება სს „თ-ს“ სს „თ-ის“ მიმართ არ ჰქონდა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სს „თ-ის“ მიერ 2001 წლის აგვისტოდან (იმ პერიოდიდან, როდესაც საწარმოთა გაერთიანება „თ-ის“ შრომით კოლექტივს წარმოეშვა საკუთრების უფლება) 2006 წლის მაისის ჩათვლით დარიცხული 25977.32 (70155.44 – 44178.12) ლარის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
საქმეზე დადგინდა, რომ მოსარჩელემ 2009 წლის მაისიდან მიმდინარე გადასახადზე მეტი თანხის გადახდით (2009 წლის მაისში ნაცვლად დარიცხული 266.52 ლარისა გადაიხადა 840 ლარი) აღიარა მოთხოვნის არსებობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლიდან გამომდინარე, სს „თ-ის“ მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. სს „თ-ს“ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტამდე, 2009 წლის ივნისამდე, მხოლოდ სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანება შეიძლება აუნაზღაურდეს. შესაბამისად, 2001 წლის აგვისტოდან 2006 წლის მაისის ჩათვლით დარიცხული 25977.32 (70 155.44 – 44 178.12) ლარის მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
საწარმოთა გაერთიანება „თ-ის“ შრომითი კოლექტივის დავალიანება სს „თ-ის“ მიმართ 2008 წლის აპრილის მდგომარეობით შეადგენდა 83918.12 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტი (მოსარჩელე) სადავოდ არ ხდიდა 2008 წლის აპრილიდან (საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან) არსებულ დავალიანებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელი იყო მოსარჩელის მითითება 89917.09 ლარის დავალიანების თაობაზე.
დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 317-ე, 477-ე მუხლებით, 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 70155.44 (44178.12 + 25977.32) ლარის ნაწილში არ არსებობდა მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა ელექტროენერგიის მოხმარების გამო დარიცხული დავალიანებიდან 70155.44 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლების შესახებ და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ-მა“. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია „თ-ის“ შრომითი კოლექტივის მიერ 2001 წლის 31 ივლისიდან ქონების ფლობის თაობაზე, თუმცა ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლიდან დაწყებულ გადახდებში მხარე მიმდინარე გადასახადთან ერთად იხდიდა ძველი დავალიანების ნაწილს, რითაც მან ფაქტობრივად სრულად აღიარა წლების განმავლობაში დაგროვილი დავალიანება. უფრო მეტიც, „თ-ის“ შრომით კოლექტივს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მათ მიერ 2009 წლიდან დაწყებული გადახდებით იფარებოდა წლების განმავლობაში დაგროვილი, მათ შორის, 2001 წლის 31 ივლისამდე დაგროვილი დავალიანება. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი აღძრა არა სს „თ-მა“, არამედ ს/გ „თ-მა“. შესაბამისად, სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე მსჯელობაც სასამართლოს მათ წინააღმდეგ უნდა ეწარმოებინა და არა სს „თ-ის“ წინააღმდეგ;
სასამართლომ თავად დაადგინა, რომ მოსარჩელემ 2009 წლის მაისიდან მიმდინარე გადასახადზე მეტის გადახდით აღიარა მოთხოვნის არსებობა. შესაბამისად, დადგინდა, რომ „თ-ი“ უძრავ ქონებას ფლობდა 2001 წლის 31 ივლისიდან, მან 2009 წლიდან დაწყებული გადახდებით აღიარა №3283011 სააბონენტო ბარათზე არსებული დავალიანება და როგორც ვალდებულ პირს, არ მიუმართავს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით (სარჩელის შეტანა) კანონმდებლობითვე დადგენილ ვადებში.
სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარზე შეგებებული საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „თ-მა“, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება 13762.68 ლარის გადახდისაგან სს „თ-ის“ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ სს „თ-ის“ შრომითი კოლექტივი დაეუფლა ქ.თბილისში, ხ-ის ქ.№27-ში მდებარე ქონებას 2001 წლიდან, რადგან ისინი აღნიშნულ ქონებას დაეუფლნენ მხოლოდ 2008 წლის აპრილიდან. მართალია, მითითებული ფაქტი წარმოადგენს ე.წ. უარყოფით (ნეგატიურ) ფაქტს, რომლის მტკიცების ტვირთი აკისრია იმ მხარეს, რომელიც ხსენებულ ფაქტს ეყრდნობა, მაგრამ მისი დამტკიცება შეუძლებელია მხოლოდ დადებითი (პოზიტიური) ფაქტების მოშველიებით. მოსარჩელემ მის დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ს/გ „თ-ის“ შრომითი კოლექტივის საკუთრების უფლება დასახელებულ ნივთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის აპრილში. შესაბამისად, ამ დროიდან წარმოეშვა კასატორს ნივთის ფლობის უფლებაც. ამდენად, მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებით დაადასტურა 2008 წლის აპრილიდან ქონების ფლობის ფაქტი, რასაც მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუპირისპირა რაიმე ტოლფასი მტკიცებულება.
რაც შეეხება სასამართლოს 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებას, შეგებებული კასატორის მოსაზრებით, იგი ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ ს/გ „თ-ის“ შრომითი კოლექტივის სასარგებლოდ დასრულდა დავა, კერძოდ, დაკმაყოფილდა მისი აღიარებითი სარჩელი და დადგინდა მისი საკუთრების უფლება ს/გ„თ-ის“ ქონებაზე.
ამდენად, შეგებებული კასატორისათვის გაუგებარია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ მითითებული გადაწყვეტილების გამოტანისთანავე ს/გ „თ-ის“ შრომითი კოლექტივი დაეუფლა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონებას, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როდესაც ფლობის სამართლებრივი საფუძველი მას წარმოეშვა მხოლოდ 2008 წლის აპრილში საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის შმედეგ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი და სს „თ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი და სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „თ-ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ სს „თ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3507.77 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 27 დეკემბერი, საგადახდო დავალება №...) 70% – 2455.439 ლარი;
4. კასატორ სს „თ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (688.1 ლარი, გადახდის თარიღი – 2013 წლის 28 იანვარი, საგადახდო დავალება №1) 70% – 481.67 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე