№ას-216-208-2013 28 თებერვალი, 2013 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ფ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ-ი“(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – აქციათა გამოსყიდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ფ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „პ-ის“ მიმართ აქციათა გამოსყიდვის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ე. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება ე. ფ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ფ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ასევე, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ კასატორ ე. ფ-ას წარმომადგენლები პ. კ-ე (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.128) და პ. ლ-ე (იხ. რწმუნებულება ტ.II, ს.ფ.339-341) ესწრებოდნენ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, ე. ფ-ა არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სუბიექტებს და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.
მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოცხადდა 2012 წლის 24 დეკემბერს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 2013 წლის 13 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - 2013 წლის 23 იანვარი. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კასატორს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.
შესაბამისად, გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს და ამოიწურა 2013 წლის 12 თებერვალს. საკასაციო საჩივარი კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილია 2013 წლის 13 თებერვალს (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საკასაციო საჩივარზე დასმული სარეგისტრაციო შტამპი ტ.IV, ს.ფ.92), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს ე. ფ-ას საკასაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზეც (იხ. ტ. IV, ს.ფ.104), რომლის ვიზუალური შესწავლის შედეგად არ ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით არის გაგზავნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რადგან მასზე განთავსებული არ არის არც ერთი საფოსტო ნიშანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან ე. ფ-ას საკასაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევითაა შემოტანილი, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 397-ე, 63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ფ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი