№ას-3-3-2013 25 თებერვალი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს.ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ც.შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 2 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას თანხის დაკისრების მოთხოვნით სარჩელით მიმართა ს.ნ-მა მოპასუხე ც.შ-ის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ს.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრებოდა 22801 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1993 წლის 25 ნოემბერს №530 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ჟ. დ-მა მიიღო 56.75კვ.მ (საიდანაც საცხოვრებელი ფართი შეადგენდა 31.1კვ.მ-ს, ხოლო დამხმარე ფართი 25.65კვ.მ-ს) ბინა №97, რომელიც მდებარეობდა ვარკეთილი - 3-ში, III მ/რ-ის 313-ე კორპუსში.
1993 წლის 14 დეკემბერს ჟ. დ-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ზემომითითებული უძრავი ნივთი შეიძინა ს.ნ-ამ.
2011 წლის 8 ნოემბერს შედგენილი ამხანაგობა ,,იმედის” კრების ოქმის შესაბამისად, ს.ნ-მა 2006 წელს თბილისში, ვ-ის დასახლება - 3-ში, III მ/რ-ის 313-ე კორპუსში მდებარე №97 ბინაზე მიაშენა აივანი და სარდაფი.
2010 წლის 18 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 31.00/411.00 ფართის ბინა №97-ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...), რომელიც მდებარეობდა თბილისში, ვ-ი - 3-ის დასახლებაში, III მ/რ-ის 313-ე კორპუსში, რეგისტრირებული იყო ს.ნ-ის საკუთრების უფლება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ 2010 წლის 6 ნოემბერს შედგენილი №01.02.0056 დასკვნის მიხედვით, თბილისში, დასახლება ვ-ი - 3-ში, III მ/რ-ის 313-ე კორპუსში 31კვ.მ ბინა №97 შეფასდა 42000 ლარად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2011 წლის 25 ნოემბერს გაცემული №78219 ცნობის მიხედვით, 2011 წლის 5 აპრილს განხორციელდა ს.ნ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების (ქ.თბილისში, ვ-ი 3-ში, მე-3 მკ/რ-ის 313 კორპუსში მდებარე ბინა №97, საკ.კოდი ..., ფართი 31 კვ.მ) რეალიზაცია საჯარო აუქციონის წესით. ქონების შემძენმა ნივთი შეიძინა 21210 ლარად.
მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2011 წლის 5 აპრილს საჯარო აუქციონის გამართვამდე, ზემოაღნიშნული უძრავ ნივთზე განხორციელებული იყო სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც გაზრდილი იყო მისი ფართის ოდენობა, თუმცა აღნიშნულის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ მომხდარა.
2011 წლის 5 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 74.62 კვ.მ ფართის მქონე ბინა №97-ზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №...), რომელიც მდებარეობდა თბილისში, ვ-ი - 3-ში, III მ/რ-ის 313-ე კორპუსში, რეგისტრირებული იყო ც.შ-ის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ც.შ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სადავო 29.9კვ.მ ფართის უკანონო შეძენის ფაქტს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ს.ნ-ის საკუთრებაში რიცხული სადავო უძრავი ქონების საჯარო აუქციონის წესით რეალიზაციამდე, მის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ქ.თბილისში, ვ-ი 3-ში, მე-3 მკ/რ-ის 313-ე კორპუსში მდებარე №97 ბინა, ფართით 31 კვ. მ., ხოლო, აღნიშნული ბინის ნაწილი – აივანი და სარდაფი, რომლებიც არსებითად ზრდიდა სადავო უძრავი ნივთის ფართს, საჯარო აუქციონის ჩატარების მომენტისათვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არ იყო ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, ვ-ი 3-ში, მე-3 მკ/რ-ის 313-ე კორპუსში მდებარე ბინა 97, იყო ერთიანი, მოქცეული იყო ერთ ჭერქვეშ და იყო ერთი მთლიანი ბინა. საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი ფართი – აივანი და სარდაფი, საჯარო აუქციონის ჩატარების მომენტისათვის გამოცალკევებული სახით არ არსებობდა და იგი წარმოადგენდა რეალიზებული უძრავი ქონების შემადგენელ ნაწილს. ამდენად, 2011 წლის 5 აპრილს ს.ნ-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, ქ.თბილისში, ვ-ი 3-ში, მე-3 მკ/რ-ის 313-ე კორპუსში მდებარე ბინა 97-ის (საკ.კოდი ..., ფართი 31კვ.მ) რეალიზაციის შედეგად, ასევე რეალიზებულ იქნა საჯარო რეესტრში აღურიცხავი სადავო ფართიც.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 149-ე და 150-ე მუხლებზე მითითებით, სწორად მიიჩნია, რომ საქმეში წერილობითი მტკიცებულების სახით წარდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2011 წლის 25 ნოემბერს გაცემული №78219 ცნობის, ასევე აუქციონის ჩატარების თაობაზე ინტერნეტ-განცხადების მიხედვით, საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილ იქნა არა თბილისში, დასახლება ვ-ი - 3-ში, III მ/რ-ის 313-ე კპრპუსში მდებარე №97 ბინის ნაწილი, არამედ მთლიანი ნივთი და მართებულად აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სარეალიზაციოდ მიქცეული ნივთის ფართი, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მიხედვით, შეადგენდა 31კვ.მ-ს (ვინაიდან გასხვისდა მთლიანი ნივთი), შემძენმა საკუთრების უფლება მოიპოვა არამხოლოდ მის ნაწილზე ე.ი. 31კვ.მ-ზე, არამედ მის ყველა არსებით შემადგენელ ნაწილზე, მათ შორის იმ ფართზეც, რაც საჯარო აუქციონის ჩატარების მომენტისათვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო გარემოების მიმართ ც.შ-ის კეთილსინდისიერებაზე მსჯელობა. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ დაკონკრეტულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის შემძენის – ც.შ-ის კეთილსინდისიერების გამომრიცხველი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ შეძლო მათი დადასტურება. განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ ს.ნ-ის საკუთრებაში რიცხული სადავო უძრავი ქონების საჯარო აუქციონის წესით რეალიზაციამდე, ს. ს-ის საკუთრებაში საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო ქ.თბილისში, ვ-ი 3-ის მე-3 მკ/რ-ის 313-ე კორპუსში მდებარე ბინა 97, ფართით 31 კვ. მ., ხოლო, აღნიშნული ბინის ნაწილი – აივანი და სარდაფი, რომლებიც არსებითად ზრდიდა სადავო უძრავი ნივთის ფართს, საჯარო აუქციონის ჩატარების მომენტისათვის არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. შესაბამისად, ც.შ-ის მიერ სადავო უძრავი ქონების შეძენის მომენტისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი იმ გარემოების შესახებ, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა არა 31კვ.მ ფართის, არამედ უფრო მეტი ფართის ბინას. ნათელი იყო, რომ ც.შ-ი ენდო საჯარო რეესტრისა და აუქციონის საჯარო აქტის მონაცემებს. ამასთან, იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ ც.შ-ის ცნობილი იყო სადავო ბინის რეალური ფართის შესახებ, მოსარჩელეს სასამართლოში არ წარუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ინტერნეტ აუქციონში აღმასრულებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად ჩათვალა ც.შ-ის კეთლსინდისიერება იმ ფაქტის მიმართ, რომ მან არ იცოდა, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა 31კვ.მ-ზე მეტი ფართს ბინას.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი (მოსარჩელე) ს.ნ-ი, სარჩელის მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიარული ხასიათისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური, ერთობლივი წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ – ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამიტომ, მას შემდეგ, რაც მივიჩნევთ, რომ სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ დასახელებული ნორმით ქონებრივი წონასწორობის აღდგენისათვის საკმარისია არაა მხოლოდ შედეგის – სხვისი ქონების შეძენის, ,,მოხვეჭის,, ფაქტის არსებობა. ისეთ პირობებში, როდესაც მიღებულ ქონებაზე სამართლებრივი ხარვეზის შესახებ პირს წინასწარ გააჩნია ინფორმაცია, ან ეს ხარვეზი მიმღებისთვის ცნობილი არ არის მისივე უხეში გაუფრთხილებლობის გამო, შესაძლებელია, დადგეს ამ უკანასკნელის მიმართ ზიანის ანაზღაურების საკითხი. აღნიშნულ მსჯელობას განაპირობებს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მიმღებმა მიღებისას იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი საფუძვლის ხარვეზის არსებობა და ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყობს, ან გადაცემის თაობაზე მოთხოვნა მიღებულია სასამართლო წარმოებაში, მაშინ მიმღებს ეკისრება პასუხისმგებლობა ხარვეზის თაობაზე ცნობების მიღების ან სასამართლო წარმოებაში გადაცემის დროიდან – 979-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 980-ე მუხლის, ასევე ქვემოთ მოყვანილი წესების საფუძველზე. მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების შემდეგ წინაპირობებს: ქონების მიმღებმა პირმა წინასწარ ან მისივე უხეში გაუფრთხილებლობით უნდა იცოდეს უფლების ხარვეზის არსებობა გადაცემულ ქონებაზე. მხოლოდ ამ გარემოებათა შემთხვევაში დგება მიმღების ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ანუ ქონების გადასვლა არაუფლებამოსილი მიმღების ხელში განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით უნდა ხდებოდეს. შედეგად, ასეთ შემთხვევაში უფლების აღდგენის გზას წარმოადგენს გამათანაბრებელი სამართლიანობის პრინციპი – ის, რაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა შეძენილი, უნდა დაბრუნდეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც მოპასუხისათვის წინასწარ და მისი უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე უცნობი იყო სადავო ქონებაზე სამართლებრივი ხარვეზის არსებობა, კერძოდ, დადგინდა, რომ მოპასუხე ც.შ-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სადავო 29.9კვ.მ ფართის უკანონო შეძენის ფაქტს, გამოირიცხებოდა მისთვის თანხის დაკისრების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.ნ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რითაც შეილახა მისი უფლებები, კერძოდ, არ იქნა განხილული ის ფაქტი, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა მის ხარჯზე და მიიღო 22801 ლარით მეტი;
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ადგილი არ ჰქონია უსაფუძვლოდ გამდიდრებას, რადგან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია აუქციონზე მისი ბინის გაყიდვის ფაქტი, რომ არსებობდა დავალიანება და შესაბამისად აუქციონზე გაიტანეს ს.ნ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც გაყიდეს. აქ, სადავოა მხოლოდ ერთი გარემოება, კერძოდ, როგორც ყველა დოკუმენტით დასტურდება, აუქციონზე გაიყიდა 31კვ.მ ფართის ბინა, რა დროსაც შეფასდა მხოლოდ 31კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 12კვ.მ დამხმარე ფართი. აღნიშნული მიუთითებს, იმაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აუქციონზე გადაიხადა 44კვ.მ ბინის ღირებულება და არა 74.6კვ.მ ფართის ღირებულება, რაც დგინდება სააღსრულებლო ბიუროს მიერ შედგენილი შეფასების დასკვნით. შესაბამისად, დგინდება კასატორის ხარჯზე მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რის შედეგადაც კასატორს მიადგა მატერიალური ზიანი და დარჩა საცხოვრებელი სახლისა და ყოველგვარი სახსრების გარეშე. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე ვალდებულია აანაზღაუროს არსებული ნამეტი, რადგან შეუძლებელია ფართის ნატურით გამოყოფა უძრავი ნივთის მდგომარეობის გაუარესების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს.ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე