საქმე №ას-36-34-2013 18 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი.ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ი.ს-ის სარჩელის გამო, ნ.ჭ-ის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, ასევე ნ.ჭ-ის, ლ., გ. და ნ. გ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ი.ს-ის მიმართ, მემკვიდრედ ცნობისა და მამკვიდრებლის დაკრძალვის გამო გაწეული ხარჯების მემკვიდრისათვის დაკისრების თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი.ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით ი.ს-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა კასატორს და ჩაბარდა პირადად.
განსაზღვრული საპროცესო ვადის დაცვით ი.ს-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და, ნაცვლად 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით დაკისრებული საპროცესო მოქმედებისა (დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენისა), მხარემ წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ამონაწერი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ი.ს-ეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 2 დღით და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, ასევე განისაზღვრა დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგები.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორს 2013 წლის 6 თებერვალს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებით არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.
იმ ვითარების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივრის თაობაზე დადგენილი ხარვეზის განჩინება, რომელიც საჩივრის შინაარსობრივ მხარეს შეეხებოდა, პირადად ჩაბარდა კასატორს, ამავე ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შეტყობინების ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) ჩაბარება, კანონის დანაწესებთან შესაბამის ქმედებას წარმოადგენს და ეს შეტყობინება, კანონის ძალით, მისი განხორციელების დღეს - 2013 წლის 6 თებერვალს ითვლება კასატორისათვის ჩაბარებულად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით განსაზღვრული 2-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2013 წლის 7 თებერვალს და ამოიწურა სამუშაო დღეს, პარასკევს - 2013 წლის 8 თებერვალს. კასატორს ამ დროის განმავლობაში სასამართლოსათვის არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისა და არც სხვა სახის შუამდგომლობით არ მოუმართავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ი.ს-ეს არ გამოუსწორებია და არც სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე