Facebook Twitter

საქმე №ას-44-42-2013 14 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე კ.ზ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე, ა., რ. და მ. ზ-ის სარჩელისა გამო, კ.ზ-ის მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ კ.ზ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით კ.ზ-ის წარმომდგენელ ს. ჯ-ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 810 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კ.ზ-ის წარმომდგენელ ს. ჯ-ას (იხ.რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.122) 2013 წლის 29 იანვარს, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი (ტ.II, ს.ფ. 124).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 30 იანვარს და დასრულდა ამავე წლის 3 თებერვალს, მაგრამ ვინაიდან 2013 წლის 3 თებერვალი დაემთხვა დასვენების დღეს, საპროცესო ვადა დასრლებულად უნდა მივიჩნიოთ 2013 წლის 4 თებერვალს.

კ.ზ-ის წარმომადგენელ ს. ჯ-ას განცხადება სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითართან ერთად სასამართლოს გადმოეცა 2013 წლის 6 თებერვალს, განცხადებაზე დართული კონვერტით კი უტყუარად დასტურდება რომ კასატორის წარმომადგენელმა კონვერტი ფოსტას ჩააბარა 2013 წლის 5 თებერვალს (ტ.II, ს.ფ.127), ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, 2013 წლის 12 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა კ.ზ-ის წარმომადგენელმა ს. ჯ-ამ და იშუამდგომლა საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე, განმცხადებელი უთითებს, რომ მას სატელეფონო შეტყობინებით არ განემარტა სახელმწიფიო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის სასამართლოსათვის წარდგენის სავალდებულოობისა და მისი წარუდგენლობისას შესაძლო შედეგის შესახებ. ამასთან, ს.ჯ-ა მიიჩნევს, რომ აქვს საპატიო მიზეზი, კერძოდ, ჩხოროწყუში ფოსტის ფილიალი მუშაობს საღამოს 5 საათამდე, რის გამოც ვერ შეძლო მან სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის წარდგენა 2013 წლის 4 თებერვალს.

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ განმცხადებლის არგუმენტი, თითქოს მხარეს არ განემარტა ქვითრის სასამართლოში წარდეგენის აუცილებლობა და წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგები, უსაფუძვლოა, ვინაიდან არსებობს სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რომლითაც დგინდება, რომ 2013 წლის 29 იანვარს, კ.ზ-ის წარმომადგენელ ს. ჯ-ას ეცნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი, ჩანაწერით დასტურდება, რომ მხარეს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სახელმწიფო ბაჟის – 810 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, ასევე განემარტა, რა სახით უნდა უნდა მომხადრიყო ქვითრის წარდგენა (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“). ამასთან, ს.ჯალაღონიას ეცნობა, რომ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, კ.ზ-ის საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში და დარჩებოდა განუხილველად. გამომდინარე აქედან, განმცხადებლის მითითება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება საპროცესო ვადის აღდგენის საკითხს, იმ მოტივით, რომ ფოსტის ჩხოროწყუს ფილიალი 5 საათამდე მუშაობდა და აღნიშნული გახდა საპროცესო ვადის დარღვევის ობიექტური საფუძველი, ვერ იქნება მხედველობაში მიღებულ შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ხოლო 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას თუ ის გამომდინარეობს ამ მუხლში პირდაპირ მითითებული ან სხვა ობიექტური გარემოებებიდან, რომელთა არსებობის პირობებში გამორიცხულია რაიმე მოქმედების განხორციელება. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლის მითითება იმის თაობაზე, რომ ფოსტა 5 საათამდე მუშაობს, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მის მიერ საპროცესო ქმედების განხორციელების შეუძლებლობის ობიექტურ გარემოებად, ვინაიდან, კასატორს დადგენილი ხარვეზის შესავსებად 5 (ხუთი) დღე განესაზღვრა. ამასთან, თუ მხარეს დადგენილი ვადა არასაკმარისად მიაჩნდა, მას შეეძლო სასამართლოს წინაშე ეშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეს ჰქონდა საკმარისი ვადა რათა უზრუნველეყო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება. მხარე ვალდებული იყო გამოეჩინა წინდახედულობა. ის ფაქტი, რომ მან არ იცოდა რომელ საათზე ამთავრებდა მუშაობას ფოსტის ჩხოროწყუს ფილიალი, არ ათავისუფლებს მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების ვადაში შესრულებისა და მისი შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგისაგან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კ.ზ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთან, კ.ზ-ს უნდა დაუბრუნდეს სოსო ჯალაღონიას მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 4 თებერვლის №231539 საგადახდო დავალებით გადახდილი 810 ლარი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს ან აღიარებულია ქმედუუნარო პირად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. კ.ზ-ის წარმომადგენელ ს. ჯ-ას განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

3. კასატორ კ.ზ-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ჯ-ას მიერ 2013 წლის 4 თებერვლის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 810 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე