Facebook Twitter

საქმე №ას-51-48-2013 14 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ.კ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე მ.კ-ის სარჩელის გამო, ჯ.ფ-ის, ნ.დ-ის, ე. მ-ის, ო. წ-ის, გ. ბ-ის, ა. შ-ას, დ. გ-ის, გ. ტ-ის, ლ. დ-ის (ე. ნ-ის), ნ. მ-ის, ნ. მ-ის, ნ. ლ-სა და ი. კ-ის მიმართ, სახლის საძირკვლის გასამაგრებლად პროექტის შედგენის, საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების წარმოების დავალდებულებისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ.კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით მ.კ-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 354,45 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.

ამავე განჩინებით განემარტა მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის ნეგატიური შედეგები.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს გაეგზავნა მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და შეტყობინება ამ მისამართზე 2013 წლის 30 იანვარს ჩაიბარა ადრესატის მეუღლემ - რ. ფ-ემ გადასაცემად.

დადასტურებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

იმ ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე ჩაიბარა კასატორის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, მეუღლე რ. ფ-ემ 2013 წლის 30 იანვარს, აღნიშნული გარემოება, კანონის ძალით, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ, 2013 წლის 30 იანვარს უშუალოდ მ. ფ-ის ინფორმირებად განიხილება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2013 წლის 31 იანვარს და ამოიწურა სამუშაო დღეს, ორშაბათს - 2013 წლის 4 თებერვალს. კასატორს ამ დროის განმავლობაში სასამართლოსათვის არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორების და არც სხვა სახის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი მ.კ-ეს არ გამოუსწორებია და არც სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე