Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-53-50-2013 7 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.პ-ის უფლებამონაცვლე რ.მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებით მ.პ-ის უფლებამონაცვლე რ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.პ-ის უფლებამონაცვლე რ.მ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

2013 წლის 4 თებერვალს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მინაცემთა ერთიანი ბაზიდან და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ.პ-ის უფლებამონაცვლე რ.მ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ი. ხ-ეს (იხ. მინდობილობა, ტომი 2, ს.ფ. 28), ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 22 იანვარს, რაც ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 23 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 28 იანვარს. ამდენად, კასატორი უფლებამოსილი იყო ხარვეზი შეევსო 2013 წლის 28 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარმოადგინა 2013 წლის 4 თებერვალს, ანუ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას მიაქცევს კასატორის მიერ დაგვიანებით წარმოდგენილ განცხადებას, რომელსაც თან ერთვის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ამონაწერი კასატორს არ ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე. მოცემულ შემთხვევაში კასატორის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელია 68490, რაც მეტია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის #145 დადგენილების მე-7 მუხლით განსაზღვრულ ზღვრულ ქულაზე (57001 ქულა). ამდენად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის მიხედვით, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას არ ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.პ-ის უფლებამონაცვლე რ.მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე