საქმე №ას-55-51-2013 25 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს.შ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ლ-ე (მოსარჩელე)
მოპასუხე - რ.შ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის ანაზღაურება, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე.ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. და რ.შ-ის მიმართ ს.შ-ის ზიანის ანაზღაურების მიზნით 25000 აშშ დოლარის დაკისრებისა და რ.შ-ას საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, გ-ის მე-2 ჩიხის N3-ში მდებარე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #...) უძრავი ქონების ½-ის მესაკუთრედ ს.შ-ას ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2007 წელს ს.შ-ამ ე.ლ-ეს მუშაობა დააწყებინა სკოლა „სარანგში“. მოსარჩელემაც და სხვა მასწავლებლებმაც მთელი წლის განმავლობაში იმუშავეს ანაზღაურების გარეშე. 2007 წელს მოსარჩელემ პირადი მოხმარებისათვის აიღო სესხი. აღნიშნულის შესახებ გაიგო რა ს.შ-ამ, ე.ლ-ეს სთხოვა, აეღო მისთვის სესხი და ძირსაც და პროცენტსაც იგი დაფარვდა, თან გადაიხდიდა მასწავლებლების ხელფასებს. მოსარჩელემ აიღო სესხი და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. მართალია, სესხიც და იპოთეკაც გაფორმებული იყო ე.ლ-ის სახელზე, მაგრამ თანხა რეალურად მიიღო მოპასუხე ს.შ-ამ. იმის გამო, რომ ს.შ-ამ არ დააბრუნა აღებული სესხი, ფირმა „იმედმა“, ვისი დახმარებითაც იყო სესხი აღებული, ჯერ გააგრძელა სესხის ვადა და რადგან ამ ვადაშიც არ დაფარა მოპასუხემ ვალი, კრედიტორმა საარბიტრაჟო პრეტენზიით მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს და მოითხოვა 12000 აშშ დოლარი. ბინის რეალიზაციის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელე იძულებული გახდა, გაეფორმებინა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით 15000 აშშ დოლარზე ი. უ-ან. ვადა იყო 3 თვე, მაგრამ ი. უ-ამ ერთ თვეში მოითხოვა თანხის დაბრუნება და, ბინის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება თ. ი-ან 19000 აშშ დოლარზე და შედგა მოლაპარაკება, რომ, თუ ე.ლ-ე თანხას დააბრუნებდა, ნასყიდობა გაუქმდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბინა დარჩებოდა თ.ი-ს. ვერც მოპასუხემ და ვერც მოსარჩელემ თანხა ვერ გადაიხადეს და, ვალის დაუბრუნებლობის გამო, თ. ი-მა ე.ლ-ე გამოასახლა ბინიდან.
ს.შ-ამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ე.ლ-ე უსაფუძვლოდ ითხოვს ვალდებულების შესრულებას, მას მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულება არც წერილობითი და არც ზეპირი ფორმით არ გაუფორმებია. ის მტკიცებულებები, რომლებზეც მოსარჩელე მიუთითებს, აღნიშნულ ფაქტს ვერ ადასტურებს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ დაწერილ ხელწერილს, მასზე მოპასუხემ ხელი მოაწერა როგორც მოწმემ და არა როგორც ვალდებულმა მხარემ, ამასთან, პატრულის მიერ გაფორმებულ ოქმზე მოპასუხის ხელმოწერა ვერ გახდება მოსარჩელის მიერ წამოყენებული პრეტენზიის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მასზე ხელმოწერა განხორციელდა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, შესაბამისად, არ წარმოშობილა რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა.
რ.შ-ამ ასევე არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას რაიმე კავშირი განსახილველ საქმესთან მიმართებაში არ გააჩნია, ხოლო სახლი, რომელშიც ცხოვრობს, წარმოადგენს მის საკუთრებას. რაც შეეხება ს.შ-ას, მხარეები განქორწინებული არიან და განქორწინების დროს ს.შ-ას დაფიქსირებული აქვს, რომ რაიმე ქონებრივი უფლება ან პრეტენზია არ გააჩნია და ვერც ექნებოდა, რადგან უძრავი ქონება წარმოადგენს მხოლოდ რ.შ-ას საკუთრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ს.შ-ას ე.ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25000 აშშ დოლარის გადახდა, ს.შ-ა ცნობილ იქნა რ.შ-ას საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, გ-ის მე-2 ჩიხის №3-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს.შ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების 1 „ა“ პუნქტი, ს.შ-ის 25000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ლ-ის სარჩელი ს.შ-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს.შ-ას ე.ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5728.5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ასევე განისაზღვრა სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 21 ნოემბერს ი. პ-სა და ე.ლ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, ე.ლ-ემ ი. პ-ან სესხად მიიღო 5000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ორი თვის ვადით, განისაზღვრა საპროცენტო სარგებელი, ყოველთვიური 3%-ის ოდენობით, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3%-ის ოდენობით. იპოთეკით დაიტვირთა ე.ლ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისში, წ-ის ქ.N70-ში. ი. პ-ან სესხად მიღებული 5000 აშშ დოლარიდან 4500 აშშ დოლარი ე.ლ-ემ გადასაცა ს.შ-ას, რომელმაც იკისრა ვალდებულება, მითითებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების (4500 აშშ დოლარის) შესრულებაზე. პალატამ აღნიშნული გარემოება დაამყარა იმ ფაქტს, რომ 2008 წლის 23 სექტემბერს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ საპატრულო პოლიცია გამოიძახა მოქალაქე ე.ლ-ემ, რომელმაც განმარტა: „2007 წლის ნოემბერში მან ჩადო რა თავისი საცხოვრებელი ბინა იპოთეკური წესით, აღებული თანხა 4500 აშშ დოლარი გადასცა კერძო სკოლა „სარანგის“ დამფუძნებელსა და დირექტორს - მოქალაქე ს.შ-ას სკოლის გასარემონტებლად. ს.შაფათავამ დაფარა ზემოაღნიშნული თანხის 2 თვის პროცენტი. ე.ლ-ის განმარტებით, ის კარგავს საცხოვრებელ ბინას“. წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, „ს.შ-ა აღიარებს ზემოაღნიშნული თანხის ვალს და ვალდებულებას იღებს, რომ იგი გადაიხდის ვალს“. სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმედ დაკითხული მ. კ-ას ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც, ის წარმოადგენს საშუამავლო ოფისის თანამშრომელს და მისი დახმარებით გაფორმდა ე.ლ-სა და ი. პ-ას შორის სესხის ხელშეკრულება. ს.შ-ა ორჯერ იყო მასთან მისული ოფისში და განუმარტა, რომ ე.ლ-ან მას ჰქონდა მიღებული თანხა და თვითონ იკისრა ამ ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, თანხა არ მოეთხოვათ ე.ლ-ის. მანვე განუმარტა მ. კ-ას, რომ აპირებდა ბანკიდან სესხის აღებას, რომლითაც უზრუნველყოფდა ი. პ-ას წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2007 წლის 21 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება არ იქნა შესრულებული. 2008 წლის 23 აპრილს ე.ლ-სა და ი. უ-ას შორის გაფორმდა უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. ბინა გასხვისდა 16500 აშშ დოლარად, 3 თვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით. ე.ლ-ემ ბინა ვერ გამოისყიდა, შესაბამისად, მან დაკარგა საკუთრების უფლება მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ სარჩელი აღძრული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრული სათანადო მოპასუხის მიმართ, შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის განმარტება, რომ მოპასუხეს მოცემულ დავაში წარმოადგენდა კერძო სკოლა „სარანგი“. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ თანხა ს.შ-ამ, როგორც სკოლის წარმომადგენელმა მიიღო. პალატის შეფასებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო წერილობითი მტკიცებულებები, რომ მიღებული თანხა შეტანილ იქნა იურიდიული პირის ანგარიშზე და მოხმარდა მის ინტერესებს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 412-ე მუხლზე და განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება შემდეგი პირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ს.შ-ამ ე.ლ-ან მიიღო 4500 აშშ დოლარი და იკისრა ი. პ-სა და ე.ლ-ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება. ს.შ-ამ გადაიხადა 2 თვის საპროცენტო სარგებელი. 4500 აშშ დოლარი მას არ გადაუხდია. 2008 წლის 21 იანვრიდან, ანუ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლიდან ბინის ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებამდე, 2008 წლის 23 აპრილამდე, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 91 დღეს, შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენდა 1365 აშშ დოლარს (5000-ის 0.3% ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე), საიდანაც 4500 აშშ დოლარის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო შეადგენდა 1228.5 აშშ დოლარს (1365 აშშ დოლარის 90%). საქმის მასალებით არ დგინდებოდა ძირითადი თანხის ანგარიშში 500 აშშ დოლარის ე.ლ-ის მიერ შესრულების ფაქტი. 2008 წლის 23 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებისას ბინა იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა, ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ივარაუდებოდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მიღებული თანხით დაიფარა სესხი და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლო, ხოლო დარჩენილი თანხა მიიღო ე.ლ-ემ. ბინაზე საკუთრების უფლების დაკარგვაში ნაწილობრივ ბრალეულ პირს წარმოადგენდა ს.შ-ა, რომელმაც არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის განმარტება, რომ მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი შეადგენდა 25000 აშშ დოლარს, ბინის საბაზრო ღირებულებას, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ მხოლოდ ს.შ-ას შესასრულებელი ვალდებულების ფარგლებში მოხდა ბინაზე საკუთრების უფლების დაკარგვა, შესაბამისად, ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 5728.5 აშშ დოლარით (4500+1228.5).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.შ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაარღვია კანონის ნორმები და შედეგად არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, ამასთანავე, გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული, რაც გამოიხატა იმაში, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ შედგენილი აქტის, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, დადგენილია ე.ლოლაძის მიერ სადავო თანხის ს.შ-ას, როგორც კერძო სკოლა „სარანგის“ დირექტორისათვის გადაცემის ფართი სკოლის რემონტის, იჯარის თანხისა და მასწავლებელთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მიმართ, სასამართლომ კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, ვალდებულების შესრულება დააკისრა ფიზიკურ პირს - ს.შ-ას. პალატამ ასევე არასწორად ჩათვალა, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 412-ე მუხლის შესაბამისად, არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების წინაპირობა. სასანართლო სარჩელის საფუძვლიანობის კვლევის თვალსაზრისით, ვალდებული იყო, გამოეკვლია სარჩელის საფუძვლიანობა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დაცვით, დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი შესაბამისობა ნორმის აღწერილობით ნაწილთან. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პალატამ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ ი.პერტენავასაგან სესხად მიღებული 5000 აშშ დოლარიდან 4500 აშშ დოლარის ს.შაფათავასთვის გადაცემის ფაქტი, საიდანაც ს.შაფათავამ მხოლოდ 2 თვის განმავლობაში შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, აღნიშნული დასკვნა პალატამ დაამყარა მოწმის განმარტებასა და საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ აქტს. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა, რომ საპატრულო პოლიციის აქტით, რომელსაც ხელს აწერენ მოდავე მხარეები, ს.შ-ამ ე.ლ-ან მხოლოდ 4500 აშშ დოლარი მიიღო, თუმცა არ შეაფასა ის გარემოება, რომ ეს არ წარმოადგენს ფორმის დაცვით შედგენილ დოკუმენტს, მისგან არ იკვეთება მხარეთა შორის წარმოშობილი სასესხო ურთიერთობა, რის გამოც ეს მტკიცებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სასესხო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელ ან ვალის აღიარების მტკიცებულებად. ასეთ ვითარებაში კი, როდესაც არ დასტურდება მხარეთა შორის ძირითადი ვალდებულების წარმოშობა, არ შეიძლება მხარეს დაეკისროს მეორადი მოთხოვნის - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 412-ე მუხლით და არასწორად დააკმაყოფილა ე.ლ-ის სარჩელი ნაწილობრივ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენდა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობას, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლზე მითითებით, განმარტა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი პირობები, რაც რეალურად, ამავე კოდექსის 992-ე მუხლითაა რეგულირებული. სააპელაციო პალატამ ს.შ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 1228,5 აშშ დოლარის ანაზღაურება, თუმცა, სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების საწინააღმდეგოდ, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ე.ლ-სა და ს.შ-ას შორის წერილობით შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე დადებული არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ს.შ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს.შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს.შ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. შ-ას მიერ 2013 წლის 4 თებერვალს №1105 საგადახდო დავალებით გადახდილი 474,63 ლარის 70% – 332,241 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.შ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს ს.შ-ას (პ/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ი. შ-ას მიერ 2013 წლის 4 თებერვალს №... საგადახდო დავალებით გადახდილი 474,63 ლარის 70% – 332,241 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე