საქმე №ას-58-54-2013 20 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.რ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი - წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ-ის“ მიმართ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯის - 2300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
შპს „ი-სა“ და მოპასუხე სს „ს.რ-ას“ შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა და ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით სს „ს.რ-ას“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 57156,3 ლარის გადახდა. სასამართლო პროცესის წარმართვისათვის შპს „ი-ის“ გაწეულმა საადვოკატო ხარჯმა შეადგინა 3700 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისათვის მის მიერ გაწეული ხარჯის ნაწილის - 2300 ლარის მის სასარგებლოდ დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მართლაც დაეკისრა 57156,3 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა, თუმცა ამ თანხაში გათვალისწინებულია, აგრეთვე, სასამართლო ხარჯიც, ამასთანავე სს „ს.რ-ამ“ შპს „ი-ს“ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა აუნაზღაურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „ს. რ-ას“ მოსარჩელი სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ი-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს.რ-ას“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2286,25 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ს.რ-ას“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 57156,3 ლარის გადახდა. გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრების საკითხი არ გადაწყვეტილა. დავა გამომდინარეობდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2010 წლის 1 ოქტომბერს გაფორმებული საქონლის მიწოდების ხელშეკრულებიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ს.რ-ის“ მიმართ, მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და შპს „ს.რ-ას“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 57156,3 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „ს.რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის განჩინებით შპს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ შპს „ი-ის“ სარჩელის საფუძვლიანობა განიხილა სამი ინსტანციის სასამართლომ და, საბოლოოდ, კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. შპს „ს.რ-ის“ უფლებამონაცვლეა სს „ს.რ-ა“. 2011 წლის 7 ივნისს შპს „ი-სა“ და ადვოკატ პ.ლ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების შესახებ, რაც გულისხმობდა დამკვეთისათვის სამართლებრივი მომსახურების გაწევას - დამკვეთის ინტერესების დაცვას საქართველოს საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში შპს „ს.რ-ან“ დავაში 2010 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით. მოპასუხე სს „ს.რ-ან“ სასამართლო დავის დროს მოსარჩელე შპს ,,ი-ის“ მიერ გაწეულმა საადვოკატო მომსახურების ხარჯმა შეადგინა 3700 ლარი. დავის საგნის ღირებულების - 57156,3 ლარის 4% შეადგენს 2286,25 ლარს.
დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით, 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ დასახელებული ნორმები განსაზღვრავდა მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება, დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე ან სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. განსახილველ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ი-ის“ სარჩელის საფუძვლიანობა განიხილა სამი ინსტანციის სასამართლომ, რაც სასამართლო განხილვისას წარმომადგენლის მიერ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებას მოითხოვდა, პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ი-ს“ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯი უნდა ანაზღაურებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში დავის საგნის ღირებულების 4%-ის - 2286.25 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.რ-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგანაც კანონიერ ძალაში შესული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი შპს „ს.რ-ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ნაცვლად 62521,77 ლარისა, მოპასუხეს დაეკისრა 57165,3 ლარის ანაზღაურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი და 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მოგებული მხარის სასარგებლოდ ხარჯების ანაზღაურების საკითხი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში აღნიშნული განმარტებისაგან განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს „ს.რ-ის“ მოითხოვდა ადვოკატის მომსახურების გამო გაწეული ხარჯის სახით 2300 ლარის დაკისრებას, ხოლო კანონის ზემოაღნიშნული ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი ნაწილობრივაა დაკმაყოფილებული, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებაში სამართლიანად მიუთითა, რომ „ს.რ-ას“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა იურიდიული მომსახურების გამო გაწეული თანხა გონივრული ოდენობით, რაც 400 ლარს შეადგენდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა, რაც ასახულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (იხ. სუსგ Nას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 17 იანვარს N553 საგადასახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ს.რ-ას“ (ს/N...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 17 იანვარს N... საგადასახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე