Facebook Twitter

საქმე №ას-70-66-2013 16 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. და მ. ტ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე ა. და მ. ტ-ის სარჩელის გამო, მ. და თ. ა-ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, თ. ა-ის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობის, სადავო ფართით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის, ამოქოლილი კარის ღიობისა და კიბის უჯრედის დანგრევის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და ა. და მ. ტ-ს ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის დავაში დაევალათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის, ასევე რ. ბ-სა და თ. ჭ-ის ადვოკატის მოწმობის ასლების წარმოდგენა.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა კასატორების უფლებამოსილ წარმომადგენელ რ. ბ-ეს და კორესპოდენცია ადრესატს პირადად ჩაბარდა 2013 წლის 1 თებერვალს.

საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით უტყუარადაა დადგენილი რ.ბ-ის უფლებამოსილება კასატორების სახელით საქმის წარმოებაზე და უფლებამოსილების მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2014 წლის 26 დეკემბერი (იხ. ტ.I, ს.ფ.42).

დადასტურებულად მიჩნეული ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლი სპირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

დასახელებული ნორმის ანალიზით დასტურდება სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო მოქმედების განხორციელების თაობაზე აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს - მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რათა მხარის ინფორმირების წესი დაცულად იქნას მიჩნეული, საპროცესო მოქმედების თაობაზე წარმომადგენლისათვის შეტყობინების გადაცემა კი, ამ უკანასკნელს წარმოუშობს უშუალოდ მხარის ინფორმირების ვალდებულებას.

იმ ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორთა უფლებამოსილ წარმომადგენელს, საკასაციო პალატას აძლევს საფუძველს, ჩათვალოს, რომ ა. და მ. ტ-ი 2013 წლის 1 თებერვლიდან მიიჩნევიან საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის, მისი გამოსწორების აუცილებლობისა და გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე ინფორმირებულად.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2013 წლის 2 თებერვალს და ამოიწურა სამუშაო დღეს, ოთხშაბათს - 2013 წლის 6 თებერვალს. კასატორებს ამ დროის განმავლობაში სასამართლოსათვის არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორების და არც სხვა სახის შუამდგომლობით არ მოუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი ა. და მ. ტ-ს არ გამოუსწორებიათ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე