№ას-75-71-2013 18 თებერვალი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენელი ლ. ს.-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარება, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შ. შ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ს.-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ი. ნ-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მ. შ-ესა და ლ. ნ-ს შორის ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარება, ქ. თბილისში, ა-ის ქ. N62-42-ში მდებარე სახლთმფლობელობის 5/9 წლის ¼-ისა და იმავე მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთების ½-ის მესაკუთრედ შ. შ-ის ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მეუღლე მ. შ-ე შ. შ-ის მამაა. ლ. ნ-ი და მ. შ-ე 2005 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში მ. შ-ემ ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული თბილისში, ა.-ის ქ.62-64-ში მდებარე სახლთმფლობელობის 5/9 ნაწილი გაასხვისა ლ. ნ-ის სახელზე. ვინაიდან უძრავი ქონება წაარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მ. შ-ის პირველი რიგის მემკვიდრე შ. შ-ე ცნობილი უნდა იქნეს ამ ქონების ¼ წილის და ამავე მისამართზე მდებარე მ. შ-ის კუთვნილი მოძრავი ნივთების ½ წილის მესაკუთრედ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის შესახებ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება მოძრავი ნივთების ½ ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში და შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი ამ ნაწილში დარჩა განუხილველად.
იმავე სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით შ. შ-ის კანონიერი წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მ. შ-ე და ლ. ნ-ი 2005 წლის 23 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;
2. 2008 წლის 9 ივლისს მ. შ-ესა და ლ. ნ-ის შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. შ-ემ მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ა.-ის ქ.№62-64-ში მდებარე სახლთმფლობელობის 5/9 ნაწილი. ლ. ნ-ი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა უძრავი ქონების მესაკუთრედ;
3. მამკვიდრებელი მ. შ-ე გარდაიცვალა 2011 წლის 5 აგვისტოს;
4. მ. შ-ის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან შვილი შ. შ-ე და მეუღლე ლ. ნ-ი;
5. 2012 წლის 21 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ შ. შ-ემ, როგორც მ. შ-ის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მიიღო მამის სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი;
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება გულისხმობს ქორწინების პერიოდში შეძენილ ყოველგვარ ქონებას (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით. მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას განეკუთვნება ხელფასი და სხვა ფულადი შემოსავლები, მიუხედავად იმისა, თუ ვის სახელზეა რიცხული. მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან, სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ქონება არის ქონება, რომელიც მეუღლეებმა ერთობლივად შეიძინეს. შეძენაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება თანხის გადახდა (რაზეც მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი), არამედ ორივე მეუღლის ნება მიმართულია ქონების მათ საკუთრებაში გადასვლაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, ზემოთ მითითებულის საპირისპირო გარემოება იკვეთება. არ არსებობს მეუღლეთა ერთობლივი ნება ქონების შეძენისათვის. პირიქით, ერთი მეუღლე ასხვისებს მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ ნივთს, ხოლო მეორე მეუღლე იძენს მას. აღნიშნული აქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცოლ-ქმრის მიერ ერთობლივად ქონების შეძენის ფაქტი. აქ მეუღლეები ინდივიდუალურად განკარგავენ მათ უფლებებს და მათ შეუძლებელია, წარმოეშვათ თანასაკუთრება ამ ნივთზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შ. შ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ლ. ს.-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: სასამართლო ვალდებული იყო, განემარტა, აეხსნა, თუ როგორ გახდა ლ. ნ-ი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ინდივიდუალური მესაკუთრე. მას ეს უძრავი ქონება არც მემკვიდრეობით მიუღია და არც ჩუქებით. მ. შ-ის ნება იყო, თავისი ინდივიდუალური ქონება გადაექცია მეუღლეთა თანასაკუთრებად, რაც ამ ხელშეკრულების დადებით განახორციელა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. შ-ის კანონიერ წარმომადგენელ ლ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე იმგვარი საპროცესო დარღვევის გარეშეა განხილული, რომელსაც შეეძლო, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განეპირობებინა. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელიც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ Nას-960-1162-08), ხოლო საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. შ-ის კანონიერ წარმომადგენელ ლ. ს.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე