საქმე №ას-81-77-2013 18 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ „შემოსავლების სამსახური“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ფ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხე - ინდ.მეწარმე გ.გ-ი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ.ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე გ.გ-ის, შიდა ქართლის მცხეთა-მთიანეთის საარსრულებო ბიუროსა და სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს შედგენილ №059-744/06/01 დაყადაღების აქტში მითითებული N4, N5, N6, N7, N8, N9, N10, N11 ნივთების (სატელიტური მიმღები „რისივერი“, 2 ცალი სატელიტური ანტენის თეფში, დივან-სავარძელი 3 ნაჭერი, ტანსაცმლის კარადა, კომოდი, ტრილიაჟის სარკე, ჟურნალების ხის მაგიდა სკამით, სატელიტური სიგნალის მიმღები, ჭურჭლის კარადა) ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს შედგენილ №059-744/06/01 დაყადაღების აქტით აღწერილი და დაყადაღებული ნივთები მოსარჩელის საკუთრებაა, გ.გ-ის ძმაზე დაქორწინებისას ამ ნივთების ნაწილი - საოჯახო ავეჯი, აჩუქა დედამ, ხოლო სატელიტური ანტენები - ძმამ. აღმასრულებელმა სადავო აქტით დააყადაღა ეს ნივთები მოსარჩელის მაზლის მიმართ რიცხული სახელმწიფო დავალიანების - 13805,69 ლარის გამო.
გ.გ-მა შესაგებლითა და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი ცნო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
წინამდებარე დავა სამოქალაქო წესით განსახილველ საქმეს არ განეკუთვნება. აქტში მითითებული ნივთები დაყადაღებულია საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის გამო, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად კი, მოსარჩელემ ადმინისტრაციული წესით უნდა გაასაჩივროს დაყადაღების შესახებ გამოცემული აქტი.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურომ სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარადგინა, თუმცა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო ნივთები დაყადაღებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რადგან ნივთების აღწერის დროს ნ.ფ-ს მათზე საკუთრების უფლების დადასტურებელი რაიმე საბუთი არ წარმოუდგენია.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2011 წლის 26 აგვისტოს შედგენილ დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები: 1)დივან-სავარძელი – 3 ნაჭერი; 2)ტანსაცმლის კარადა – 1ცალი; 3)უჯრებიანი კომოდი - 1ცალი; 4)ტრილიაჟის სარკე – 1 ცალი; 5)ხის ჟურნალების მაგიდა ერთი სკამით; 6)ჭურჭლის კარადა – 1ცალი გათავისუფლდა ყადაღისაგან, ნ.ფ-ის სარჩელი სატელიტური ანტენის მიმღების რესივერის, 2 ცალი სატელიტური ანტენის თეფშისა და 1 ცალი სატელიტური სიგნალის მიმღების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ამასთანავე, ნაწილობრივ გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატა დაეთანხმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებას, სადავო ნივთებთან მიმართებაში მოსარჩელის საკუთრების უფლების ნამდვილობის თაობაზე და აღნიშნა, რომ ნ.ფ-ის სარჩელი არის მესამე პირის სარჩელი, სხვისი ვალების გამო აღწერილ მოძრავ ქონებაზე, საკუთრების უფლების შესახებ. საქმეში არსებული მტკიცებულებების, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად პალატამ ჩათვალა, რომ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით, 32-ე მუხლით, სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ არსებობს მის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია, რადგან ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი ამავე დროს არის მისი მესაკუთრე. მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს შემძენის ინტერესებს იმით, რომ მოძრავი ნივთის შეძენის დროს კანონი შემძენს არ ავალდებულებს, დოკუმენტალურად შეამოწმოს გასაყიდ ნივთზე გამყიდველის საკუთრების უფლება. მოძრავ ნივთზე პირის საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია ვრცელდება იმ დრომდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. პალატამ ასევე მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე და 45-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული დივან-სავარძელი, ტანსაცმლის კარადა, უჯრებიანი კომოდი, ტრილიაჟის სარკე, ხის ჟურნალების მაგიდა ერთი სკამით და ჭურჭლის კარადა ნ.ფ-ს აჩუქეს მშობლებმა, შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლება წარმოეშვა მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე და ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის, 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეეძლო საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის სასამართლო წესით აღკვეთის მოთხოვნა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი მესამე პირის ქონებას აღსრულების საგნად მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, როდესაც ნივთი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაა გამოყენებული მხარეთა შეთანხმებით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა, შესაბამისად, ნ.ფ-ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები დაყადაღებული ნივთების სიიდან უნდა ამორიცხულიყო.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „შემოსავლების სამსახურმა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის, ასევე 385-ე მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები. პალატამ, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის დარღვევით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება, მაშინ, როდესაც რაიონულმა სასამართლომ აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ქონების ნაწილზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადგენილად მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, მოწმეთა ჩვენებებით მიიჩნია და აღნიშნა, რომ მესამე პირის ქონება აღსრულების საგანი შეიძლება მაშინ გახდეს, როდესაც ის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაა გამოყენებული მხარეთა შეთანხმებით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა. პალატის აღნიშნული დასკვნა არასწორია, ვინაიდან, საქმეზე დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, 2011 წლის 13 ივლისის აქტით აღიწერა და ყადაღა დაედო ინდ.მეწარმე გ.გ-ის ქონებას. გ.გ-ი და ნ.ფ-ი ცხოვრობენ მცხეთის რაიონის სოფელ გოროვანში და მოსარჩელე არის გ.გ-ის ძმის ცოლი. დაყადაღების აქტში აღწერილი ქონებიდან გათავისუფლებულ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობა სასამართლო მხოლოდ მოწმეთა ჩვენებას დაამყარა. სსიპ „შემოსავლების სამსახურსა“ და სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ შორის 2011 წლის 14 აპრილის ხელშეკრულების მე-2 მუხლითა და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია აღსრულების პროცესში ამ ორგანოთა უფლება-მოვალეობები, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილია ქონების დაყადაღებისას მოვალესთან მყოფი ნივთების მისთვის კუთვნილება, დაყადაღებისას თუ ქონებაზე პრეტენზიას მესამე პირი განაცხადებს, ის შეიტანება აქტში, თუმცა ქონებას ყადაღა მაინც დაედება, მესამე პირის მიერ ყადაღადადებულ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ეს ნივთები ამორიცხოს აქტიდან. სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნულისა, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლი და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რაც იმაში გამოიხატა, რომ სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დადგენისას სასამართლომ არ გამოიკვლია მათი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთანავე, სასამართლომ სსიპ „შემოსავლების სამსახურს“ არასწორად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 75 ლარის დაკისრება, ვინაიდან საგადასახადო ორგანოები საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან. ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ „შემოსავლების სამსახური“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. აღნიშნულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მყარი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ „შემოსავლების სამსახური“ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე