Facebook Twitter

№ას-83-79-2013 25 თებერვალი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს.დ-ნ

მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.მ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით ს.დ-ის სარჩელი მოპასუხე ჰ.მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა:

მოპასუხე ჰ.მ-ს დევალა საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანა ქ.ახალქალაქში, ა-ის ქ.№16/3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 2011 წლის 11 ნოემბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში (სარეგისტრაციო ზონა – 63, სექტორი – 18, კვარტალი – 35, ნაკვეთი – 094) ს.დ-ნის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფარგლებში, ზომით 1 მ. X 51.88 მ-ზე და 4.15 მ. X 11 მ-ზე.

მოპასუხეს გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა მის კანონიერ ძალაში შესვლიდან 14 დღის ვადაში. ამასთან, დადგინდა, რომ თუ მოპასუხე გადაწყვეტილებას არ შეასრულებდა დადგენილ ვადაში, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა ეს მოქმედება შეესრულებინა მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჰ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ს.დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 160 ლარი წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.ახალქალაქში, ა-ის ქ.№12/5-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაუზუსტებელი ფართობია 2677.00კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის („სპორტ კომპლექსის“) მესაკუთრეს წარმოადგენს ს.დ-ი. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2003 წლის 15 აგვისტოს პრივატიზაციის (ნასყიდობის) ხელშეკრულება №1-2298. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია დგინდება 2005 წლის 15 ნოემბერს.

ქ.ახალქალაქში, ა-ის ქ.№16/3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის დაზუსტებული ფართობია 5000კვ.მ და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი №...) მესაკუთრეს წარმოადგენს ჰ.მ-ი. უფლების დამდგენი დოკუმენტია 2003 წლის 23 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება №1-818. საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია დგინდება 2011 წლის 11 მაისს.

ს.დ-ის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალქალაქის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით. განმცხადებელი მოითხოვდა ქ.ახალქალაქში, დ. ა-ის ქუჩის №12/5-ში (საკადასტრო კოდი: №... რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლად მითითებულია სარეგისტრაციოდ წარდგენილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების არსებობა, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით ირკვევა, რომ წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, ჰ.მ-ის საკუთრებაში (საკადასტრო კოდი: №...).

2003 წლის 23 აპრილს, ერთი მხრივ, შპს „გ-ის“ გენერალურ დირექტორ ს. ა-ს და მეორე მხრივ, ე. მ-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე.მ-მა იყიდა ახალქალაქში, ა-ის ქუჩაზე (ცეკავშირის რაიონი) მდებარე 5000.0კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ჰ.მ-ის (აპელანტის) საკუთრებაში არსებული 5000კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამყიდველის – შპს „გ-ის“ უფლება წარმოიშვა 1992 წლის 15 მაისს ახალციხის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე (ნასყიდობის ხელშეკრულება 2003 წლის 23 აპრილი).

აპელანტის მიერ საქმის მასალებში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტების (შპს „გ-ე“ გაცემული გენერალური გეგმა, საკუთრების მოწმობა) საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ჰ.მ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი არსებულ საკადასტრო საზღვრებში და არსებული კონფიგურაციით მეზობელი ს.დ-ის ნაკვეთთან მიმართებით არსებობდა ჯერ კიდევ, 2000 წლის მდგომარეობით ანუ, ს.დ-ის მიერ 2003 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის.

ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში ს.დ-ი ჰ. მ-ის მიმართ წარდგენილი სარჩელით მოითხოვდა, მოპასუხეს შეეტანა ცვლილება ქ.ახალქალაქში დ. ა-ის ქ.№16/3-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 11.11.2011წ.-ს შედგენილ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში ს.დ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაფარვის ფარგლებში, ზომით 1 მ. X 51.88 მ-ზე და 4.15 მ. X 11 მ-ზე .

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ წარდგენილი სარჩელი თავისი შინაარსით წარმოადგენდა სარჩელს საკუთრების აღიარებისა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე. მისი საფუძველიანობის შემოწმების მიზნით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერ ან სახვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის საშუალებაა, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, კერძოდ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირება გულისხმობს სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას და მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. აღნიშნულ ურთიერთობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები (კუმულაციური ერთობლიობა): ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, ამასთან, თითოეული ეს პირობა უნდა შემოწმდეს დამოუკიდებლად. სამივე დასახელებული წინაპირობის არსებობის დადგენის შემდეგ, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ს.დ-ის და მოპასუხე ჰ.მ-ის მიწის ნაკვეთები წარმოადგენდნენ ქ.ახალქალაქში, დ. ა-ის ქუჩაზე მდებარე მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული დროისათვის სადავო მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული იყო როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის საკუთრების უფლება. მოპასუხე ჰ.მ-ის საკუთრების უფლება წარმოიშვა უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელე ს.დ-ნის (2003 წლის 15 აგვისტოს) საკუთრების უფლება. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ჩანაწერის შესაბამისად, საჯარო რეესტრში დაზუსტებული სახით ჰ.მ-ის სახელზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია დგინდებოდა 2011 წლის 11 მაისს, ხოლო ს.დ-ის მიწის ნაკვეთი დაზუსტებული სახით არ იყო რეგისტრირებული.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 2007 წლის 23 მაისამდე მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 314-ე მუხლით განსაზღვრული იყო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა. მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრში რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობა განისაზღვრებოდა რეგისტრაციის დროის თანამიმდევრობის მიხედვით. რეგისტრაციის თარიღად მიიჩნეოდა რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანის დღე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2007 წლის 11 მაისს განხორციელებული ცვლილებებით 314-ე მუხლი ამოღებულ იქნა, თუმცა მსგავსი შინაარსის ნორმა იმავდროულად აისახა ჯერ „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.4 მუხლში, ხოლო შემდგომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 13.4 მუხლში (მოქმედი რედაქცია).

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები გამორიცხავდა მოპასუხის მიერ მიწის ნაკვეთის უკანონოდ ფლობის ფაქტს და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ს.დ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

სააპელაციო სასამართლოს გდაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ს.დ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:

გადაწყვეტილება უსაფუძვლო და იურიდიულად დაუსაბუთებელია. ს.დ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო უთითებს „უძრავ ნივთებზე საკუთრების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.4 მუხლსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 13.4 მუხლზე. მისი მოსაზრებით, აღნიშნულ მუხლში მითითებული „უფლების რეგისტრაციის“ ქვეშ არ იგულისხმება საკადასტრო ნახაზის დარეგისტრირება და საკუთრებაში არსებული ფართის დაზუსტება. ამასთან, რეგისტრირებულ უფლებათა რიგითობის საკითხის გარკვევა ხდება მაშინ, როდესაც ერთ ნივთზე არის დარეგისტრირებული რამდენიმე უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოდავე მხარეების საკუთრებაში არსებულ ორივე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ ფაქტს, რომ მოპასუხემ თავისი საკუთრება დაირეგისტრირა არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე. სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონის ზემოხსენებული ნორმები. ამიტომ, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;

კასატორის აღნიშვნით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის დანაწესი. მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მოპასუხის მიერ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის სისწორეს. აპელანტის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო გეგმასა და საკადასტრო აზომვით ნახაზს შორის განსხვავება არასპეციალისტის თვალითაც ნათლად ჩანს. შესაბამისად, სასამართლოს უნდა დაედგინა, მოპასუხის მიერ საჯარო რეესტრში 2011 წლის 11 მაისს დარეგისტრირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეესაბამებოდა თუ არა 2000 წელს გაცემულ საკადასტრო გეგმას, ასევე, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეესაბამებოდა თუ არა საინვენტარიზაციო გეგმას. ამ საკითხის დასადგენად აუცილებელი იყო სპეციალური ცოდნა და სასამართლო ვალდებული იყო თავისი ინიციატივით დაენიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექპერტიზა;

სასამართლომ, საქმის მასალებში წარდგენილი საპროექტო დოკუმენტების საფუძველზე არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჰ.მ-ის საკუთრებაში მყოფი უძრავი ნივთი (არსებულ საკადასტრო საზღვრებში და არსებული კონფიგურაციით) მეზობელი ს.დ-ის ნაკვეთთან მიმართებით არსებობდა ჯერ კიდევ 2000 წლის მდგომარეობით და ამდენად, ს.დ-ის მიერ 2003 წლის 15 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის. ჰ.მ-ის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო გეგმასა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის კონფიგურაციები აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს და მათ შორის განსხვავება ნათლად ჩანს. აღნიშნულის დასადგენად აუცილებელია სპეციალური ცოდნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს.დ-ნის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ა-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ს.დ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ა-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № ..., გადახდის თარიღი – 2013 წლის 14 იანვარი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე