№ას-85-81-2013 21 თებერვალი, 2013 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს. კ. ვ-ი“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - კ. ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. კ. ვ-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „თ-ის“ მიმართ დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 8 თებერვალს შპს „ს. კ. ვ-სა“ და შპს „თ-ს“ შორის გაფორმდა საავიაციო რისკების დაზღვევის NAV-001/10 ხელშეკრულება (პოლისი). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველმა, შპს „ს. კ. ვ-მა“, დააზღვია დამზღვევის საჰაერო ხომალდი „Elite JET“ სარეგისტრაციო N. სხვა პირობებთან ერთად, NAV-001/10 სადაზღვევო ხელშეკრულებით განისაზღვრა დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები, კერძოდ, სადაზღვევო პრემიის უნდა გადახდილიყო 4 ეტაპად ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად. მიუხედავად, დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებისა, დღემდე შპს „თ-ს“ პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემია სრულად არ გადაუხდია, რის გამოც, შპს „თ-ს“ შპს „ს. კ. ვ-ის“ მიმართ გადასახდელი აქვს დავალიანება 29 250 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული საავიაციო რისკების დაზღვევის №3შპს/917-2010 ხელშეკრულების დანართ NAV-001/10 პოლისით გათვალისწინებული იყო განსაკუთრებული პირობები, რომლის თანახმადაც, დაზღვევა ძალაში შედიოდა სადაზღვევო პრემიის პირველი ნაწილის გადახდის დღიდან, ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი თავისუფლდებოდა ნაკისრი ვალდებულებებისაგან. ვინაიდან დამზღვევს არ გადაუხდია სადაზღვევო პრემია, ზემოაღნიშნული პირობების თანახმად, დაზღვევა ძალაში არ შესულა, შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევა რომც დამდგარიყო, მზღვეველი გათავისუფლებული იყო სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ს. კ. ვ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს „თ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 29 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „ს. კ. ვ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2010 წლის 8 თებერვალს შპს „ს. კ. ვ-სა“ და შპს „თ-ს“ შორის დაიდო საავიაციო რისკების დაზღვევის ხელშეკრულება (პოლისი) NAV-001/10;
2. ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო პრემია შეადგენდა 39 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს;
3. სადაზღვევო ხელშეკრულებით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც, დამზღვევს სადაზღვევო პრემია უნდა გადაეხადა შემდეგი თანმიმდევრობით:
ა. 9,750.00 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2010 წლის 9 თებერვლისა;
ბ. 9,750.00 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2010 წლის 1 მაისის;
გ. 9,750.00 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2010 წლის 1 აგვისტოსი;
დ. 9,750.00 აშშ დოლარი - არაუგვიანეს 2010 წლის 1 ნოემბრის;
4. შპს „თ-მა“ გადაიხადა მხოლოდ სადაზღვევო პრემიის პირველი ნაწილი: 2010 წლის 9 თებერვლის დამზღვევმა გადაიხადა შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული 9750 აშშ დოლარის ეკვივალენტი 16760,25 ლარი. სადაზღვევო პრემიის დარჩენილი ნაწილი - 29 250 აშშ დოლარის, შპს „თ-ს“ შპს „ს. კ. ვ-ისათვის“ არ გადაუხდია.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ მზღვეველის მიერ გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე სადაზღვევო შენატანის გადახდის შემდეგ; ამდენად, დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის დაწყება დაკავშირებულია არა მარტო დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან, არამედ სადაზღვევო პრემიის გადახდასთანაც.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 8 თებერვლის საავიაციო რისკების დაზღვევის პოლისის განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, დაზღვევა ძალაში შედის სადაზღვევო პრემიის პირველი ნაწილის გადახდის დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამზღვევის - შპს „თ-ის“ მიერ შეთანხმებული გრაფიკით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის პირველი ნაწილის - 9 750 აშშ დოლარის ეკვივალენტი 16 760,25 ლარის, შპს „ს. კ. ვ-ისათვის“ 2010 წლის 9 თებერვალს გადახდით, ამავე დღიდან დაზღვევა შევიდა ძალაში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ დარღვეულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან; ამასთან, მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 8 თებერვლის საავიაციო რისკების დაზღვევის N3შპს/917-2010 ხელშეკრულების 4.3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგ პირობაზე: „წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ზემოაღნიშნული გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი გაუგზავნის შეტყობინებას დავალიანების შესახებ. თუ ასეთი შეტყობინების გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში დამზღვევი არ გადაიხდის სადაზღვევო პრემიის შესაბამის შესატანს, მზღვეველი თავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან“. სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი. წარმოდგენილი საავიაციო რისკების დაზღვევის N3შპს/917-2010 ხელშეკრულების 3.4.2 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველის - შპს „ს. კ. ვ-ის“ უფლებამოსილებას წარმოადგენდა დამზღვევის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების, მისი შესაბამისი სადაზღვევო პოლისის პირობების და მოთხოვნების შესრულების გაკონტროლება. იმავე ხელშეკრულების 3.4.9 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია, არ აანაზღაუროს ზარალი დამზღვევის მიერ ამ ხელშეკრულების და შესაბამისი სადაზღვევო პოლისით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. მე-9 მუხლით კი, მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს იმოქმედონ კეთილსინდისიერების ფარგლებში. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და, ამავე დროს, აშკარა უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, კანონმდებელი მზღვეველს ავალებს გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. კონკრეტულ შემთხვევაში დადგინდა, რომ დამზღვევს სადაზღვევო შესატანი დროულად არ გადაუხდია. ამასთან, სადაზღვევო შესატანის გადაუხდელობის მიუხედავად, მზღვეველს დამზღვევი წერილობით არ გაუფრთხილებია მოსალოდნელ შედეგებზე. სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ არის მავალდებულებელი, მაგრამ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და შემდეგ მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შპს „თ-სა“ და შპს „ს. კ. ვ-ს“ შორის არსებული სადაზღვევო ურთიერთობა მოიშალა, რის შედეგადაც მზღვეველს არ აქვს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენდა ხელშეკრულების მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ს. კ. ვ-მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი ნორმები მუხლები შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეთა შორის 2010 წლის 8 თებერვალს გაფორმებული საავიაციო რისკების დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველი ვალდებული იყო დაეზღვია დამზღვევის საავიაციო რისკები, ხოლო დამზღვევი კი ვალდებული იყო გადაეხადა სადაზღვევო პრემია მზღვეველისათვის. კასატორი მიიჩნევს, რომ დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედება (სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობა) არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ხელშეკრულების ავტომატურად მოშლას და შესაბამისად დამზღვევის გათავისუფლებას დარჩენილი სადაზღვევო პრემიის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს შპს „ს. კ. ვ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ამასთან, დავა არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისათვის, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
განსახილველ შემთხვევაში კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. კ. ვ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე