Facebook Twitter
#as-110-389-08

№ას-90-86-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ო. ი-ე, ნ. ჭ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ო. ი-ისა და ნ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. ი-ემ და ნ. ჭ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ ვადა, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ი-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ზემოხსენებული განჩინება 2013 წლის 30 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორ ო. ი-ეს, რომელიც არის კასატორ ნ. ჭ-ის შვილი. ამდენად, სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება როგორც კასატორ ო. ი-ისათვის, ასევე კასატორ ნ. ჭ-ისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2013 წლის 31 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 4 თებერვალს. ამდენად, კასატორები უფლებამოსილი იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2013 წლის 4 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორებმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება სასამართლოში წარმოადგინეს 2013 წლის 6 თებერვალს, ანუ ხარვეზის შევსების გადის გასვლის შემდეგ. კასატორების განმარტებით, მათთვის უცნობი იყო იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი სასამართლოში უნდა წარედგინათ, ამიტომ ითხოვენ გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ ჩათვლას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორები ვადის გაშვების საპატიო მიზეზად მიიჩნევენ იმ გარემობას, რომ მათთვის ცნობილი არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარდგენის აუცილებლობის თაობაზე. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კასატორ ო. ი-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც კასატორებს დაევალათ არა მარტო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენაც. აღნიშნული გარემოება დასტურდება სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით, ხოლო, სატელეფონო შეტყობინება დაფიქსირებულია სასამართლოს კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374.3 მუხლების შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ი-ისა და ნ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს: ნ. ჭ-ს და ო. ი-ეს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ნ. ჭ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (გადახდის თარიღი – 2012 წლის 4 თებერვალი, საგადახდო დავალება № ...);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე