Facebook Twitter

საქმე №ას-93-88-2013 15 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ა.გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა.გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ 2011 წლის 12 აპრილის Nგ-427 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე 2009 წლიდან მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს „აღმოსავლეთის პორტალის“ პორტალ „ყაზბეგის“ ოფიცრად, ასრულებდა ცვლის უფროსის მოვალეობას, წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო უმაღლესი შეფასება. 2011 წლის 2 მაისს სსიპ შემოსავლების სამსახურმა გადასცა სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე Nგ-427 ბრძანება, რომელიც დაუსაბუთებელია და არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, კერძოდ, სადავო ბრძანებაში არ არის ასახული დასაქმებული გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნით ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს სარჩელით, თუმცა, არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ა.გ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, მოცემულ საქმეზე წარმოება უნდა შეწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგანაც 2011 წლის 22 აგვისტოს ა.გ-

ემ ამავე მოთხოვნით სარჩელი აღძრა სასამართლოში. საქმის განხილვა საქალაქო სასამართლომ დანიშნა 2011 წლის 15 ნოემბერს, თუმცა, მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, საქმის წარმოება დასრულდა განჩინებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. მოგვიანებით მოპასუხემ კვლავ წარადგინა შესაგებელი სასამართლოში და განმარტა, რომ სადავო ბრძანების მიღების საფუძველი „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტები, „სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 იანვრის N213 ბრძანების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტებია, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთი მხარის ინიციატივით შეწყვეტის მარეგულირებელ წესთან. ამავე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია დასაქმებულის გათავისუფლებისას 1 თვის კომპენსაციის ანაზღაურება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, დაცულია, სარჩელი კი არ შეიცავს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებას. შემოსავლების სამსახურის პორტალ „ყაზბეგის“ უფროსის სამსახურებრივი ბარათით ა.გ-ე უარყოფითადაა დახასიათებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ა.გ-ის სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 12 აპრილის Nგ-427 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 12 აპრილის Nგ-427 ბრძანება ა.გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში, ა.გ-ე აღდგენილ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს „აღმოსავლეთის პორტალის“ პორტალი „ყაზბეგის“ ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, სსიპ შემოსავლების სამსახურს ა.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური 2011 წლის 12 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად 1200 ლარის (დაუბეგრავი) ოდენობით შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა.გ-ე 2009 წლის 23 სექტემბრიდან 2011 წლის 12 აპრილამდე მუშაობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს „აღმოსავლეთის პორტალის“ პორტალი „ყაზბეგის“ ცვლის უფროსად. ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1200 ლარს (ხელზე ასაღები - 960 ლარი). მუშაობის პერიოდში მოპასუხეს ა.გ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე სახე არ გამოუყენებია. 2009 წელს ა.გ-ემ ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდები (ტესტირება), რა დროსაც მიიღო გამსვლელი (73) ქულა. სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 12 აპრილის ბრძანებით 2011 წლის 12 აპრილიდან მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად არ არის მითითებული შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმა. მოპასუხემ შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტსა და 38-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე.

პალატამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ სადავო ბრძანების კანონიერების შემოწმების მიზნით, მნიშვნელოვანი იყო გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლის დადგენა. მოპასუხე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას უკავშირებდა დაკისრებული მოვალეობებისადმი დასაქმებულის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. ამ გარემოების დასტურად წარადგინა პორტალ „ყაზბეგის“ უფროს ზ. ო-ის სამსახურებრივი ბარათი, რომლის მიხედვითაც ა.გ-ე დახასიათებული იყო, როგორც არაკეთილსინდისიერი, უპასუხისმგებლო თანამშრომელი, რომელიც სათანადოდ ვერ აკონტროლებდა მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, მათ შორის სარგებლობდა ნდობის დაბალი ხარისხით, სამსახურში რამდენჯერმე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში, საკუთარ ცვლაში აფერხებდა სამუშაო პროცესის სათანადო მიმდინარეობას. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზების ანალიზის შედეგად, პალატამ მიიჩნია, რომ დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რომლის გამოც მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა, ექცეოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის მოწესრიგების ფარგლებში, ამდენად, ა.გ-ის მიერ შრომის ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, პირველი მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძვლით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები და პროცედურა არის საკითხები, რომელთაც არ აწესრიგებს შრომის კოდექსი, შესაბამისად, გამოყენებული უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული გრძელვადიანი ხელშეკრულების მოშლისათვის გათვალისწინებული წესი და პირობები. სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელშეკრულების მხარის მიერ ვალდებულების დარღვევისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წესი. მხარეს, რომელმაც დაარღვია ვალდებულება, მეორე მხარის მიერ განესაზღვრება დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად ან, ვალდებულების დარღვევის სპეციფიკის მიხედვით, მიეცემა გაფრთხილება. შრომითი ურთიერთობის თავისებურება, სწორედ, გაფრთხილების გამოყენებას გულისხმობდა. გაფრთხილების უშედეგოდ ანუ შესაბამისი დარღვევის გამეორების შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ხელშეკრულება. გაფრთხილების დანიშნულება, პალატის მტკიცებით, დასაქმებულის მიერ აღნიშნული გარემოებების არსებობის, მისი აღკვეთის აუცილებლობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების გაცნობიერებაა. იმ შემთხვევაში, თუკი გაფრთხილებას სასურველი შედეგი არ მოჰყვება, დამსაქმებელი უფლებამოსილია, შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება. სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. დამკვიდრებული პრინციპის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა მუშაკმა დაარღვია შრომითი მოვალეობები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე მუშაკმა ადასტუროს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არამართლზომიერ მოქმედებებს. საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ითვლება, რომ მუშაკი კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა მუშაკის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა ის გარემოებები, რომ ა.გ-ე იყო არაკეთილსინდისიერი, უპასუხისმგებლო თანამშრომელი, რომელიც ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ უწევდა სათანადო კონტროლს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს, სამსახურში რამდენჯერმე გამოცხადდა არაფხიზელ მდგომარეობაში, თანამშრომლებში სარგებლობდა ნდობის დაბალი ხარისხით და საკუთარ ცვლაში აფერხებდა სამუშაო პროცესის სათანადო მიმდინარეობას. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათი არ არის საკმარისი სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის სამტკიცებლად. ბარათიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ დარღვევას ჰქონდა სისტემატური ხასიათი, თუმცა მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, დამსაქმებლის მხრიდან თითოეულ დარღვევაზე მოხდა თუ არა რეაგირება გაფრთხილების გზით, არ არის წარმოდგენილი. დარღვევის აღკვეთის აუცილებლობისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგების გაცნობიერების მიზნებისათვის, დამსაქმებელს გააჩნდა თითოეულ დარღვევაზე რეაგირების ვალდებულება. პალატამ ჩათვალა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად არსებული გარემოების მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო, რის გამოც სამუშაოდან დათხოვნა დამსაქმებლის მხრიდან იყო კანონშეუსაბამო გადაწყვეტილება, შესაბამისად, ა.გ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 12 აპრილის Nგ-427 ბრძანება ბათილი იყო და იგი აღდგენილ უნდა იქნას დაკავებულ თანამდებობაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 23 სექტემბრის Nპ-4483 ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონული ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ ოფიცერ ა.გ-ეს დაეკისრა ამავე რეგიონული ცენტრის საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ ცვლის უფროსის მოვალეობის დროებით შესრულება, შესაბამისად, პალატის დასკვნით, ა.გ-ე იმავე თანამდებობაზე უნდა ყოფილიყო აღდგენილი, ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.

სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, 31-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2011 წლის 12 აპრილს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მხრიდან განხორციელდა არამართლზომიერად, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა 2011 წლის 12 აპრილიდან სამუშაოზე აღდგენამდე, ყოველთვიურად ხელფასი 1200 ლარის ოდენობით, როგორც, უკანონო გათავისუფლების გამო, მიუღებელი შემოსავალი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების შემოწმების ფარგლები, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რაც მისი გაუქმების საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უსაფუძვლოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი დავის ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კასატორის განმარტებით, შემოსავლების სამსახური არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, რადგანაც 2011 წლის 12 აპრილის Nგ-427 ბრძანების დეფინიციით ირკვევა, რომ ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს „აღმოსავლეთის პორტალის“ პორტალ „ყაზბეგის“ ოფიცერ ა.გ-ეს ამავე პორტალის ცვლის უფროსის მოვალეობის შესრულება შეუწყდა და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რომელზეც დანიშნული იყო 2010 წლის 1 აპრილის Nპ-2281 ბრძანებით, ხოლო ცვლის უფროსის მოვალეობას ა.გ-ე ასრულებდა დროებით, სხვა ბრძანების საფუძველზე, ამდენად, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოწესრიგებული იყო ორი ბრძანების საფუძველზე, რაც დაუსაბუთებელს ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას ცვლის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. თავად სადავო ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტები, ასევე „სსიპ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 31 იანვრის N213 ბრძანების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-4 პუნქტი. დასახელებული ნორმატიული აქტებიდან ერთი განსაზღვრავს სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას დასაქმების საკითხებთან მიმართებით, ხოლო მე-2 ადგენს მუშაკის გათავისუფლების წესს, რომელიც სრულ შესაბამისობაშია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველ ნაწილთან და დადგენილია შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ინიციატივით მოშლის შესაძლებლობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირკვევა მუშაკის გათავისუფლების საკითხის მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გამოკვლევა და არ შეფასებულა აღნიშნული საკითხის სისწორე საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რაც არასწორია, რადგანაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი შრომითი ურთიერთობების რეგულირებისათვის ორგანულ კანონზე - შრომის კოდექსზე მიუთითებს, ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სწორად იქნა განმარტებული, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლი არ ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის მოშლის ინიციატორის ვალდებულებას, დაასაბუთოს მოშლის მიზეზი. სააპელაციო პალატამ კი, ა.გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოს მთავარ სხდომაზე წარდგენა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის შეცვლად მიიჩნია, რაც არასწორია, რადგანაც სადავო ურთიერთობა რეგულირდება სწორედ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 38-ე მუხლის პირველი ნაწილით. პორტალ „ყაზბეგის“ უფროსის სამსახურებრივი ბარათი კი, არ შეიძლება განხილულ იქნას ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შეცვლად, რადგანაც აღნიშნული მტკიცებულება დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი დისკრიმინაცია არ ყოფილა, ამასთანავე, შეწყვეტის ინიციატორ მხარეს რაიმე ვალდებულება შეწყვეტის დასაბუთების კუთხით არ გააჩნია, რაც უსაფუძვლოს ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შრომითი ურთიერთობა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შეწყდა. აღნიშნული მსჯელობის მიუხედავად, გადაწყვეტილების სამოტიცავიო ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და გრძელვადიანი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის რეგულირება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით განახორციელა, რაც არასწორია, ვინაიდან ამ ნორმის გამოყენების საჭიროებას, გათავისუფლების რეალური მიზეზი გამორიცხავს. სასამართლომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ასევე არასწორად დაადგინა შრომის კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც არასწორადვე გააიგივა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით განსაზღვრულ განაცდურთან, რადგანაც 32-ე მუხლის მითითება მოიაზრებს დამსაქმებლის ბრალით დასაქმებული იძულებით მოცდენას, რასაც ადგილი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და არა ამ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ აქვს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არასწორია იმ ნაწილში, რომლითაც შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რადგანაც შემოსავლების სამსახური „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 იანვრის განჩინებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახური სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე