№ას-1400-1321-2012 4 თებერვალი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ქ.თბილისის №211 ბაგა-ბაღი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ა(ა)იპ ქ.თბილისის №211 ბაგა-ბაღის მიმართ და მოითხოვა: 1. მოპასუხე დაწესებულების 2012 წლის 15 ოქტომბრის №21 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. სამუშაოზე აღდგენა და 3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ამავე სასამართლოს 2012 წლის 3 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი 2012 წლის 4 ოქტომბერს ტელეფონის მეშვეობით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელ თ. ე-ს. აღნიშნული ხარვეზი იმაში მდგომარეობდა, რომ საჩივრის ავტორს განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში უნდა წარედგინა 300 ლარის ოდენობით (ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ მოთხოვნებისათვის ცალ-ცალკე) სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საპროცესო ვადის დენა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2012 წლის 5 ოქტომბერს და დასრულდა 2012 წლის 8 ოქტომბერს (7 ოქტომბერი იყო დასვენების დღე).
იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილიდან, ამავე კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება, შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის არ უნდა დაევალებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით, ვინაიდან სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა გამომდინარეობდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნიდან და იგი არ შეიძლებოდა განხილულიყო დამოუკიდებელ მოთხოვნად. სასამართლომ არასწორად შეაფასა სარჩელის მოთხოვნები, არასწორად დააჯგუფა ისინი სამ დამოუკიდებელ მოთხოვნად და შესაბამისად, არასწორი ოდენობით დააკისრა აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აპელანტი არ უარყოფდა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის საჭიროებას, თუმცა მიიჩნევდა, რომ მას არ უნდა გადაეხადა 300 ლარი, რადგან სამსახურში აღდგენის მოთხოვნა ორგანულადაა დაკავშირებული სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერებასთან, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების კანონიერების საკითხის გარკვევის გარეშე შეუძლებელი იქნება როგორც სამსახურში აღდგენა, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილება. სამსახურში აღდგენის მოთხოვნა წარმოადგენს იურიდიულ მიზანს, სამართლებრივი ურთიერთობის ბათილობის ავტომატურ შედეგს. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა გულისხმობს ისეთი მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო გასაბათილებელი აქტი. რეალურად, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მიჩნეულ უნდა იქნეს ერთი და იმავე მოთხოვნად. შესაბამისად, ორივე ამ მოთხოვნაზე უნდა დადგინდეს ერთმაგი ოდენობის სახელმწიფო ბაჟი.
კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის მთლიანად მიღებაზე განუცხადა უარი. შედეგად, მხარემ ვერ ისარგებლა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ:
ი. გ-ას სარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენდა: 1. ა(ა)იპ ქ.თბილისის №211 ბაგა-ბაღის დირექტორის 2012 წლის 15 ოქტომბრის №21 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. სამუშაოზე აღდგენა და 3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ი. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 აგვისტოს განჩინებით ი. გ-ას სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, თითოეულ მოთხოვნაზე აპელანტს 5 დღის ვადაში უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, სულ 300 ლარი. აპელანტს განემარტა ასევე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად;
ამავე სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს აპელანტისათვის არ უნდა დაევალებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით, ვინაიდან სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნა გამომდინარეობდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნიდან და იგი არ შეიძლებოდა განხილულიყო დამოუკიდებელ მოთხოვნად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2012 წლის 02 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა თ. ე-მა (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 125-126), რომელმაც დააზუსტა სააპელაციო მოთხოვნა და განმარტა, რომ აპელანტი გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში აღარ ასაჩივრებდა. აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა ასევე, რომ სახელმწიფო ბაჟს - 150 ლარის ოდენობით, აპელანტი გადაიხდიდა 3 დღის ვადაში და ითხოვდა ამავე ვადით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას (იხ. ს.ფ. 212). სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 03 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს 3 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ. 213-214). აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს (ს.ფ. 215). საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი არც მის მიერ მითითებული და არც სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ აპელანტს არასწორად მოთხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით, მაგრამ ეს არ გამორიცხავდა მის ვალდებულებას, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით. როგორც აღინიშნა, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი დღემდე არაა გადახდილი, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, საკასაციო პალატა ამ პრეტენზიას დაუსაბუთებლად მიიჩნევს და, უპირველესად, აღნიშნავს, რომ აპელანტის წარმომადგენელმა 2012 წლის 02 ოქტომბრის განცხადებით თავად თქვა უარი გადაწყვეტილების ზემოხსენებულ ნაწილში გასაჩივრებაზე, რაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე (სსკ-ის მე-3 მუხლი), მხარის უფლებაა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. გარდა ამისა, ზემოხსენებულ მოთხოვნაზე აპელანტს უარი რომც არ ეთქვა, ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უშუალო კავშირშია სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების საკითხის დადგენასთან, ამ ნაწილში კი, როგორც აღინიშნა, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე