№ას-1493-1409-2012 4 თებერვალი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. კ-მა მოპასუხე ა. ა-ის მიმართ სესხის დაბრუნების, პირგასამტეხლოს დაკისრების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. მოპასუხე ა. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 10000 აშშ დოლარის ოდენობით; 2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2010 წლის 17 მაისიდან 2011 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით 2920 აშშ დოლარის ოდენობით; 3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ასევე პირგასამტეხლოს გადახდა 2011 წლის 22 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით; 4. დადგინდა, რომ ა. ა-ისათვის დაკისრებული თანხის გადახდა განხორციელებულიყო მის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების – ქ.თბილისში, მ-ის დასახლების მე-4ბ მ/რ-ის 32-ე კორპუსში მდებარე №62 ბინის რეალიზაციის გზით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ა-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგნაირად:
აპელანტმა მიუთითა სარჩელის ფასი, რაც შეადგენდა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, შესაბამისად, მან გადაიხადა აღნიშნული თანხის 4%, კერძოდ, 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 163 ლარი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სარჩელის ფასი და მხარეს მოსთხოვა სახელმწიფო ბაჟის სახით ჯერ 735.80 აშშ დოლარის, ხოლო შემდგომ – 219 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
სასამართლოს შეეძლო აპელანტისათვის შეემცირებინა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ან მისთვის გადაევადებინა ბაჟის გადახდა, რადგან იგი იყო სოციალურად დაუცველი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება არ იყო ბოლოდროინდელი მდგომარეობის ამსახველი, სასამართლო უნდა დაყრდნობოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებს, რომლებიც იძლეოდა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის შემცირების და უფრო მეტიც, მისი გადახდის ვალდებულებისაგან მხარის გათავისუფლების შესაძლებლობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
1. მოპასუხე ა. ა-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის გადახდა 10000 აშშ დოლარის ოდენობით;
2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2010 წლის 17 მაისიდან 2011 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით 2920 აშშ დოლარის ოდენობით;
3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2011 წლის 22 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის (10000 აშშ დოლარის) 0.05%-ის ოდენობით;
4. დადგინდა, რომ ა. ა-ისათვის დაკისრებული თანხის გადახდა განხორციელებულიყო მის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების – ქ.თბილისში, მ-ის დასახლების მე-4ბ მ/რ-ის 32-ე კორპუსში მდებარე №62 ბინის რეალიზაციის გზით;
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტის მხრიდან ხარვეზის შეუვსებლობა.
კერძო საჩივრის ავტორი ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ფასი და, შესაბამისად, არასწორად გამოიანგარიშა აპელანტისათვის დასაკისრებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, კერძოდ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრის ღირებულება განსაზღვრა 2500 აშშ დოლარით და სახელმწიფო ბაჟიც ამ ღირებულების მიხედვით გადაიხადა, რაც კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის დასახელებულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული სააპელაციო საჩივრის ფასი არ შეესაბამება მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ღირებულებას, კერძოდ, სააპელაციო საჩივარში აპელანტმა სააპელაციო საჩივრის ფასი განსაზღვრა 2500 აშშ დოლარით, ხოლო, სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ იგი მოითხოვდა: ა) ძირი თანხიდან (10000 აშშ დოლარი) 2500 აშშ დოლარის გამოკლებას და ბ) გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც მას დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2011 წლის 22 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 110-118). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდა როგორც მისთვის დაკისრებული ძირითადი თანხის, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილშიც. აქედან გამომდინარე, აპელანტს სახელმწიფო ბაჟი უნდა გადაეხადა ორივე მოთხოვნის შეჯამებით მიღებული ღირებულების მიხედვით (სსკ-ის 40.2 მუხლი). მართალია, მოგვიანებით, აპელანტმა წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, მაგრამ არც მასში მითითებული საჩივრის ფასი (2500 აშშ დოლარი) არ შეესაბამება გასაჩივრებული გადაწყვეტილების ღირებულებას, კერძოდ, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ირკვევა, რომ აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (ტომი 2, ს.ფ. 18-23). ამ ნაწილში კი, სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 5474 აშშ დოლარს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სწორად განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი 163 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ მას დამატებით მოთხოვა 198.35 ლარის გადახდა. მითითებული ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტმა ვადის გაგრძელება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა მას სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლოს შეეძლო აპელანტი გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ან მისთვის შეემცირებინა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რადგან იგი იყო სოციალურად დაუცველი, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელიც ასახავდა აპელანტის ქონებრივ მდგომარეობას მის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის. ამასთან, ასეთი მტკიცებულება მხარეს არც შემდგომში წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება ან მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. აღნიშნულ საკითხებს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლები, რომელთა თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება; ამავდროულად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვერ დაუდასტურა მის მიმართ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი ოდენობის შემცირების საფუძვლის არსებობა, მას არც საკასაციო სასამართლოსათვის წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის გათავისუფლებას ან მის მიმართ სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებას გაამართლებდა. ასეთ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ტომი 1, ს.ფ. 34), ვინაიდან ამ დოკუმენტის გაცემიდან გასულია სამი წელი, ხოლო, სოციალურად დაუცველ პირთა ქონებრივი მდგომარეობის შემოწმება ყოველწლიურად წარმოებს, შესაბამისად, მითითებული დოკუმენტი ვერ განიხილება სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტში აპელანტის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ უტყუარ მტკიცებულებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.ა. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე