Facebook Twitter

საქმე №ას-15-13-2013 18 თებერვალი, 2013 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების იმავე სასამართლოსათვის დავალდებულება

დავის საგანი – პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ.გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.მ-ის მიმართ, მოპასუხის მიერ საცხოვრებელი ბინის დემონტაჟის გამო, წყლის ჩამოჟონვით გამოწვეული მატერიალური ზიანის - 225,7 ლარის ანაზღაურებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გ.გ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 374-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმების საფუძველზე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მიერ ხდება ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან გ.გ-ას სარჩელში დავის საგნის ღირებულება 225,7 ლარი იყო, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გ.გ-ას სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 225,7 ლარს, რაც ქონებრივ-სამართლებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ წინაპირობას არ აკმაყოფილებდა (1000 (ათასი) ლარზე ნაკლებია), შესაბამისად, ამ ნორმისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მითითებული გარემოება წარმოშობდა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.გ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დავალდებულება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, არასწორად ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის განსაზღვრულ ოდენობას და დავის საგნის ღირებულება იყო მხოლოდ 225 ლარი. აპელანტის მოთხოვნა შედგებოდა, როგორც ზიანის - 225 ლარის ანაზღაურების, ისე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის - სამზარეულოს გადატანის მოთხოვნისაგან, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამართლის ნორმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით გ.გ-ას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ-ას კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენდა ნივთის რეკონსტრუქციის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც ერთი, მხრივ, თანხის დაკისრებაში, ხოლო, მეორე მხრივ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაში გამოიხატებოდა.

ირკვევა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

დავას არ იწვევს ის გარემოებაც, რომ გ.გ-ამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სრულად.

სააპელაციო პალატამ სამართლიანად მიუთითა, რომ წინამდებარე დავა ქონებრივ დავათა კატეგორიას განეკუთვნება, თუმცა საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს კანონის არასწორად გამოყენებასთან მიმართებაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო (კერძო) საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

საკასაციო პალატა დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტებზე, ასევე მე-40 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმების მოქმედება ამავე კოდექსის 372-ე მუხლით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით, ვრცელდება სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზეც, თავად ამ ნორმებით დადგენილია შემდეგი: დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა - 4 000 ლარით. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქონებრივი დავის ერთი ნაწილის - თანხის გადახდევინების ღირებულება 225 ლარია, ხოლო მეორე ნაწილის - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის (ნივთის დემონტაჟი) ნაწილში ამ დავის ღირებულება კანონის ძალით 4000 ლარითაა განსაზღვრული, ამასთან, ამ მოთხოვნათა ჯამი აღემატება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის დადგენილ შეზღუდვას, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საპროცესო ნორმა, რის შედეგადაც არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, აღნიშნული კი თავისთავად გასაჩივრებული განჩინების უპირობოდ გაუქმების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სარწმუნოდ უნდა გამოარკვიოს გ.გ-ას სააპელაციო საჩივრის ღირებულება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად დაადგინოს ქონებრივ დავაზე სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვების სხვა წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ.გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე