Facebook Twitter

№ას-1534-1437-2012 1 თებერვალი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდო.ე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ო. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ნ-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლითაც დავალდებულდა ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ო. კ-ემ, სადაც აღნიშნა, რომ სადავო ქონებაზე არსებობდა ე.წ. შინაურული ანდერძი, რომლის ნამდვილობაც ეჭვს იწვევდა, რის გამოც აპირებდა დავის აღძვრას ნ. ნ-ასა და დ. ხ-ის მიმართ, ანდერძის ბათილობის მოთხოვნით, რომლითაც ქუთაისში გ-ის ქ. №48-ში არსებული უძრავი ქონება ეანდერძა ნ. ნ-ას, შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება ქუთაისში, გ-ის ქ. 48-ში მდებარე უძრავ ქონებაზე და დ. ხ-ისათვის ამავე ქონებაზე ნ. ნ-აზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის აკრძალვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ო. კ-ის განცხადება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა და ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. №48-ში მდებარე ლ. კ-ის დანაშთ ქონებას; დავალდებულდა ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი არ გაეცა სადაო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე. აღნიშნულ განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

2009 წლის 14 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ო. კ-ემ, მოპასუხეების ნ. ნ-ას და დ. ხ-ის მიმართ და მოითხოვა შუნაურული ანდერძის ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლ. კ-ის სახელით 1998 წლის 21 სექტემბერს შედგენილი ანდერძი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ას სააპელაცო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება; ო. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო. კ-ის საკასაციო საჩივარი.

2012 წლის 22 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ნ-ამ და იმ საფუძვლით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ო. კ-ის სარჩელი, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. №48-ში მდებარე ლ. კ-ის დანაშთ ქონებას, რომელზეც აწ გარდაცვლილ ლ. კ-ის მიერ შედგა ანდერძი და სწორედ ამ ანდერძის ბათილობასთან დაკავშირებით აღძრული დავა დამთავრდა მის სასარგებლოდ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ნ. ნ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა მოეხსნა ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. №48-ში მდებარე ლ. კ-ის დანაშთ ქონებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

2012 წლის 2 აგვისტოს ნ. ნ-ამ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, სადაც განმარტა შემდეგი: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებულ იქნა ორი უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ, 1. ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, გ-ის ქუჩა №48-ში მდებარე ლ. კ-ის დანაშთ ქონებას და 2. დავალდებულდა ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი სადავო ქონებაზე არ გაეცა სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე. ქ. ქუთაისში, გ-ის ქუჩა №48-ში მდებარე ლ. კ-ის დანაშთ ქონებაზე, მის მიერ შედგენილი ანდერძის ბათილობასთან დაკაშვირებით აღძრული დავა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამთავრდა ნ. ნ-ას სასარგებლოდ, რაც შესულია კანონიერ ძალაში. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებებიდან, ვინაიდან უკვე გაუქმებულია ყადაღა, შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რომლითაც დავალდებულდა ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ-ას განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავალდებულდა ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ლ. კ-ის სახელით 1998 წლის 21 სექტემბერს შედგენილი ანდერძით ქუთაისში, გ-ის ქ. 48-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელზეც ო. კ-ის განცხადების საფუძველზე (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით) ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი დავალდებულდა სადავო ქონებაზე არ გაეცა სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე, მას ეანდერძა. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ ის მიზანი, რომლისთვისაც მოსარჩელემ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომ მომავალში ხელი არ შეშლოდა საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას, უკვე აღარ არსებობდა, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდა მოსარჩელე მხარის ო. კ-ის განცხადების საფუძველზე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც ნოტარიუსი დავალდებულდა არ გაეცა სამკვიდრო მოწმობა ლ. ნ-ას სახელზე, ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. 48-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ნ-ას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბერს მიღებული განჩინების გაუქმების თაობაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ იმ შემთხვევაში თუკი სააპელაციო სასამართლომ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნა, მას ასევე უნდა ემსჯელა ნოტარიუსის მიმართ დაკისრებული ვალდებულების მოხსნაზეც, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ძალაში დარჩება ნოტარიუსის მიმართ აკრძალვა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის ნ. ნ-ას სახელზე გაცემის შესახებ, აზრი ეკარგება ყადაღის გაუქმებას, ვიანიდან ნ. ნ-ა ვერ მიიღებს ყადაღისაგან გათავისუფლებულ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობას, რომლის გარეშეეც ვერ დაირეგისტრირებს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას საჯარო რეესტრში, რაც მის საბოლოო მიზანს წარმოადგენს.

ამას გარდა, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ მოპოვებულია ახალი მტკიცებულებები ლ. კ-ის სახელით 1998 წლის 21 სექტემბერს შედგენილი ანდერძის სიყალბის თაობაზე, რის გამოც აპირებს აღძრას სარჩელი ახალი საფუძვლით და იმ შემთხვევაში თუკი ყადაღა მოეხსნება სადავო ქონებას, შეუძლებელი გახდება მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ო. კ-ის კერძო საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებაზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანი მოსარჩელის ინტერესებს ემსახურება და ადგენს მყარ გარანტიას იმისა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს გადაწყვეტილების აღსრულება. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ო. კ-ემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება ქუთაისში, გ-ის ქ. 48-ში მდებარე უძრავ ქონებაზე და დ. ხ-ისათვის ამავე ქონებაზე ნ. ნ-აზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის აკრძალვა იმ საფუძვლით, რომ რომ სადავო ქონებაზე არსებობდა ე.წ. შინაურული ანდერძი, რომლის ნამდვილობაც ეჭვს იწვევდა, რის გამოც აპირებდა დავის აღძვრას ნ. ნ-ას და დ. ხ-ის მიმართ, ანდერძის ბათილობის მოთხოვნით, რომლითაც ქუთაისში გ-ის ქ. №48-ში არსებული უძრავი ქონება ეანდერძა ნ. ნ-ას.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ო. კ-ის მოთხოვნის საფუძველზე, ყადაღა დაედო ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. №48-ში მდებარე ლ. კ-ის დანაშთ ქონებას; დავალდებულდა ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი არ გაეცა სადაო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე.

საქმის მასალებითვე დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ო. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ ის მიზანი, რომლისთვისაც მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუს დ. ხ-ის დავალდებულება, არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე, რომ მომავალში ხელი არ შეშლოდა საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებას, უკვე აღარ არსებობდა, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოხდა მოსარჩელე მხარის ო. კ-ის განცხადების საფუძველზე, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ის სარჩელი, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც მოხდა ყადაღის გამოყენება ქ. ქუთაისში, გ-ის ქ. 48-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მდებარე არ დაკმაყოფილდა, რაც ცხადყოფდა, რომ აღარ არსებობდა სარჩელის დაცვის ინტერესი, რისთვისაც თავის დროზე მიღებული იყო უზრუნველყოფის ღონისძიება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ო. კ-ის მიერ კერძო საჩივარში მითითებული არგუმენტები, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ დასახელებული ნორმის საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით დააკმაყოფილლა ნ. ნ-ას განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე და სწორად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დავალდებულდა ქ. ქუთაისის ნოტარიუსი დ. ხ-ი არ გაეცა სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ნ. ნ-ას სახელზე, ვინაიდან სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ იქნა დაკმაყოფილებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ო. კ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ო. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდო.ე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე