Facebook Twitter

№ას-1541-1444-2012 1 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ტ. ყ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ყ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის ააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქინებიდან რეალური წილის გამოყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ყ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. ყ-ის, ა. ყ-ისა და დ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფა, სახლთმფლობელობის 1/5 წლის ფარგლებში ტ. ყ-ესა და დ. ს-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გადაცემა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქუჩა №48-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/5 წილის ფარგლებში მოპასუხეებს: ტ. ყ-ესა და დ. ს-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო მოქმედება. ნ. ყ-ეს უარი ეთქვა მოპასუხეების: ტ. ყ-ესა და ა. ყ-ისაგან ქ.ქობულეთში, ლ-ის ქუჩა №48-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის დანართის 2-ის „ა“ ვარიანტის მიხედვით 48 კვ.მ ოთახების და დანართი 3-ის „ა“ ვარიანტის მიხედვით 420 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალური წილის გამოყოფაზე, ასევე უარი ეთქვა მოსარჩელეს მოპასუხეების თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნული ქონებიდან გამოსახლებასა და თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისთვის ჩაბარებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ყ-ემ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ტ. ყ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით ტ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ნ. ყ-ისათვის წილის გამოყოფისა და გამოყოფილი ნაწილიდან ტ. ყ-ის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ეს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყო წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად, ნ. ყ-ის სარჩელი სადავო უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ტ. ყ-ე გამოსახლებულ იქნა ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე ნ. ყ-ისათვის მიკუთვნებული უძრავი ქონებიდან, ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის „თანმხლები პირების“ გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტ. ყ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში ნ. ყ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით ტ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ნ. ყ-ის წარმომადგენელმა, ი. შ-ემ და მოითხოვა იმის განმარტება, თუ ექსპერტის დასკვნის რომელი ვარიანტის მიხედვით უნდა მომხდარიყო ნ. ყ-ისათვის ქონებიდან წილის გამოყოფა. ამავე მოტივით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ნ. ყ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი: „ნ. ყ-ეს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყოს წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად“ განიმარტა შემდეგი სახით: ნ. ყ-ეს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყოს წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ ვარიანტი „ბ-ს“ და დანართი „3“ ვარიანტი „ა-ს“ შესაბამისად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ყ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აგვისტოს განჩინება ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დაკსვნის დანართი „2“ ვარიანტი „ბ“-ს შესაბამისად განმარტების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.

უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების განმარტების იმ ნაწილში, რომლითაც საცხოვრებელი სახლიდან წილის რეალური გამოყოფა მოხდა ექსპერტიზის დასკვნის დანართი №2-ის „ბ“ ვარიანტის შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას განხილვის ეტაპზე არ მოუთხოვნია და ამასთან, კანონმდებლობით გადაწყვეტიელბის ფარგლების მიმართ დადგენილი იპერატიული აკრძალვები არაარსებითად აქცევდა სასამართლოს იმ მსჯელობას, რომ, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის №2 დანართის „ა„ ვარიანტით წილის გამოყოფა მოითხოვს ნივთის რეკონსტრუქციას, გამიჯვნა ამავე დანართის „ბ“ ვარიანტის შესაბამისად უნდა განხორციელდეს, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების საფუძველს წარმოადგენდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30 ოქტომბრის განჩინებით ნ. ყ-ის წარმომადგენელ ი. შ-ის განცხადება გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტიელბის სარეზოლუციო ნაწილის ტექსტი: „ნ. ყ-ეს, ქ. ქობულეთში, ლ-ის ქ. №8-სი მდებარე უძრავი ქომნებიდან გამოეყოს წილის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“-ის შესაბამისად“ განიმარტოს შემდეგი სახით: ნ. ყ-ეს, ქ. ქობულეთში, ლ-ის ქ. №8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყოს წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ ვარიანტი „ა“-ს შესაბამისად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ყ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება სემდეგი საფუძვლებით: განმცხადებელი სააპელაციო საჩივრით ზოგადად მოითხოვდა ქ.ქობულეთში, ლ-ის ქN8-ში მდებარე სახლთმფლობელობიდან და მიწის ნაკვეთიდან მისი კუთვნილი წილის რეალურად გამოყოფას, ისე, რომ არ აზუსტებდა მოთხოვნას, მათ შორის, არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე. სააპელაციო საჩივარში, გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობების გრაფაში აღნიშნავდა, რომ მთავარი იყო იმის დადგენა, შესაძლებელი იყო თუ არა წილის რეალურად გამოყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმება და არა კონკრეტულად სამკვიდროს რა ნაწილის მიკუთვნება იყო შესაძლებელი, ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ წილის გამოყოფა მთლიანი სამკვიდრო მასიდან უნდა განხორციელებულიყო. სამართლებრივ უსწორობად კი, აპელანტი მიუთითებდა სამართლის იმ ნორმებზე, რომელითაც თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფაა შესაძლებელი. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარე აპელირებდა ასევე საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობაზე, ისე, რომ არ მიუთითებდა გაყოფის კონკრეტულ ვარიანტზე, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჩამოყალიბდა მხარის სააპელაციო მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების არც ერთ ნაწილში სასამართლოს არ უმსჯელია, ექსპერტიზის დასკვნის რომელი ვარიანტის „ა“ ან „ბ“ ვარიანტით უნდა მომხდარიყო სამკვიდროს გაყოფა, ხოლო, გადაწყვეტილების განმარტებით, სააპელაციო პალატა გასცდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და საქმეზე ფაქტობრივად ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა, მიეთითა ახალ ფაქტებსა და გარემოებებზე, რასაც შედეგად არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, არამედ გადაწყვეტილების არსებითი შეცვლა მოჰყვა, მითითებული კი, ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ტ. ყ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

მითითებული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი მისი აღსრულების უზრუნველყოფას. ამდენად, იმისათვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება წარმოიშობა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების გამო, ამ გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელებული ან შეუძლებელია. ეს კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვინაიდან კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება (გარდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემული გადაწყვეტილებებისა), დაუშვებელია და აღსრულების ხელშეწყობის საჭიროებაც არ წარმოიშობა, რაც გადაწყვეტილების განმარტების მიზანს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის თანახმად, ნ. ყ-ე სხვა სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად, მოითხოვდა საცხოვრებელი სახლიდან 48 კვ.მ ოთახებისა და 420 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალური წილის გამოყოფას საქმეში არსებული 2009 წლის 11 მარტის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N294/5-ის დანართი „2-ის“ „ა“ ვარიანტის მიხედვით, ხოლო მიწის ნაკვეთის გამოყოფას - ამავე დასკვნის დანართი „3-ის“ „ა“ ვარიანტის მიხედვით (იხ. ტ.მე-2, ს.ფ. 57-66).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი დაუჭირა თავის მოთხოვნას და განმარტა შემდეგი: „ჩვენი საბოლოო მოთხოვნაა დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნა და ოთახების გამოყოფის ნაწილში სასამართლომ იხელმძღვენელოს დანართი 2-ის „ა“ ვარიანტით და მიწის ნაკვეთის ნაწილში კი, დანართი 3-ის „ა“ ვარიანტით (იხ. სხდომის ოქმი, ტ.მე-2, ს.ფ.172-175).

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, რომლის განმარტების სისწორეც წინამდებარე კერძო საჩივრის საგანს წარმოადგენს, ტ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ნ. ყ-ისათვის წილის გამოყოფისა და გამოყოფილი ნაწილიდან ტ. ყ-ის გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან წილის გამოყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ნ. ყ-ეს, ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან გამოეყო წილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ექსპერტის 2009 წლის 18 მარტის დასკვნის დანართი „2“ და დანართი „3-ის“ შესაბამისად, ნ. ყ-ის სარჩელი სადავო უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის გამოსახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, ტ. ყ-ე გამოსახლებულ იქნა ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე ნ. ყ-ისათვის მიკუთვნებული უძრავი ქონებიდან, ნ. ყ-ის სარჩელი ქ.ქობულეთში, ლ-ის ქ№8-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ტ. ყ-ის „თანმხლები პირების“ გამოსახლების ნაწილში დარჩა განუხილველად, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად (იხ. ტ.მე-3, ს.ფ.129-140).

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო სწორად დაეთანხმა განმცხადებლს მასზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჭიროებდა განმარტებას, ვინაიდან გადაწყვეტილებით, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლებრივი მდგომარეობა უძრავ ნივთზე, ნათლად არ დადგენილა ამ უფლების რეალიზაციის კონკრეტული წესი, კერძოდ, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მართალია დააკმაყოფილა ნ.ყ-ის სარჩელი სამკვიდროდან წილის გამოყოფის თაობაზე, მოსარჩელის უფლების რეალური გაყოფა დაუკავშირა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, თუმცა არ განუსაზღვრავს დასკვნაში მოცემულ ვარიაციათაგან რა სახით უნდა გაყოფილიყო თანასაკუთრება, ის ფაქტი, რომ ექსპერტის დასკვნა საზიარო უფლების რამდენიმე გზით გაყოფის შესაძლებლობას ითვალისწინებს, სასამართლოს მხრიდან ამ გაყოფის ერთ-ერთი კონკრეტული გზის მიუთითებლობა, სწორედ გადაწყვეტილების ბუნდოვანებას იწვევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასმართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას მასზე, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, განმარტებით კი, ფაქტობრივად შეიცვალა იგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ტ. ყ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ტ. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე