Facebook Twitter

№ას-1547-1450-2012 1 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ჟ. რ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებდა ცნობა

დავის საგანი – თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჟ. რ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოსი დ. ვ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, დავალიანების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ჟ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დ. ვ-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 508 ლარის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა.

აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმების გაასაჩივრა დ. ვ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მას სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაჰბარებია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებით დ. ვ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ვ-მა, მოითხოვა მისი გაუმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა 508 ლარის გადახდა, რომელიც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ვ-მა და მოიტხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ დ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას, რომელიც ეხებოდა დავალიანების – 508 ლარის დაკისრებას, რაც არ აღემატება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისიწნებულ 1000 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე